fbpx
საქართველოს საელჩოს სიახლეები საბერძნეთში

საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ საბერძნეთის პარლამენტში შეხვედრა გამართა

15 ოქტომბერს საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა საბერძნეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, დიმიტრიოს კუველასს.

შეხვედრაზე ბატონ კუველასს ელჩმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ასევე საქართველოში პანდემიის პერიოდში შექმნილი ვითარების, covid-19 გავრცელების პრევენციისთვის მიღებული ზომების და შედეგების შესახებ. ისაუბრა აგრეთვე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე და მადლობა გადაუხადა ბერძენ პარლამენტარს საქართველოს როგორც ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის, ისე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

დიმიტრიოს კუველასმა, თავის მხრივ, ისაუბრა საბერძნეთში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ვითარებაზე, პანდემიის შედეგებზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებზე და თურქული მხარის პროვოკაციულ ქმედებებზე. ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთისთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მშვიდობიანი თანამეზობლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მყისიერად რეაგირებს, ცხადია, საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით, თურქეთის პროვოკაციულ ქმედებებზე, რაც გავლენას ახდენს არამხოლოდ საბერძნეთსა და რეგიონზე, არამედ მთლიანად ევროპაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან მეგობრულ ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ საპარლამენტო განზომილებას შეუძლია ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავოს.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს ახალი პარლამენტის ფორმირების და პანდემიის მეორე ტალღის გადასვლისთანავე, განახლდება მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალური ვიზიტები, მათ შორის, პარლამენტარების. გამოითქვა იმედი, რომ მოკლე დროში გააქტიურდება ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო და სახმელეთო მიმოსვა.