fbpx
სპორტი

“სასწაული მოხდა, მაგრამ საქართველომ ვერ ისარგებლა” – საბერძნეთთან წაგებული მატჩი კრეტაზე

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის მეორე შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა შეხვედრა სტუმრად საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარა და უშანსოდ, 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. ამ მარცხით ქართველმა კალათბურთელებმა ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის მიზერული შანსიც დაკარგეს.

ილია ზუროსის გუნდი კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიოში გასამართ მატჩს საკადრო პრობლემებითა და ფინალურ სტადიაზე მოხვედრის თეორიული შანსით შეხვდა. საიმისოდ, რომ L ჯგუფიდან ბოლო საგზური მოეპოვებინა, საქართველოს ნაკრებს დარჩენილი ორი შეხვედრის მოგება აუცილებლად მართებდა. პარალელურად კი, ორივე დარჩენილი თამაში უნდა წაეგო მის კონკურენტ სერბეთს, რომელიც ამ ტურში ესტონეთს უპირისპირდებოდა.

უმოტივაციო ესტონელებმა სენსაცია მოახდინეს და ტალინში ძლიერ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 71:70 სძლიეს (შეხვედრა ადრე გაიმართა), თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ამით ვერ ისარგებლა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ასეთი ხუთეულით დაიწყო: გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, აკაკი დვალიშვილი, თად მაკფადენი. მასპინძლებმა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რისი მიზეზიც დაცვაში ზუროსის შეგირდების სუსტი თამაში იყო. მეოთხედი ბერძნებმა 9-ქულიანი სხვაობით მოიგეს (23:14). ვითარება არც მეორე პერიოდში შეიცვალა და დიდი შესვენების წინ სხვაობამ 13 ქულას მიაღწია – 44:31 ბერძნების სასარგებლოდ.

საგულისხმოა, რომ მასპინძლებმა პირველ ტაიმში ჯამში პერიმეტრიდან 17-ჯერ ტყორცნეს და 7-ჯერ ზუსტად. საქართველოს ნაკრებმა კი 11-იდან 3 სამქულიანი გამოიყენა. დიდი იყო ქართველი კალათბურთელების წუნი საჯარიმოდან სროლის მხრივ – 11-იდან მხოლოდ 6 ჩავაგდეთ.

საქართველოს ნაკრებში ნათელი წერტილი მისი კაპიტანი გიორგი შერმადინი იყო. უნიკახას ცენტრმა უკვე მესამე მეოთხედში გაიფორმა ორმაგი დუბლი, შეხვედრა კი 26 ქულით, 15 მოხსნით, 3 პასითა და 2 დაფარებით დაასრულა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო. გიორგიმ მოედანზე 37:58 წუთი გაატარა, 12-იდან 9 ორქულიანი და 10-იდან 8 საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამიანი კი ააცილა.

onalem

ტესტ