fbpx
კულტურასაქართველო

ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხაჭაპურის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამის ბრძანებას უწყების დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ ხელი 22 იანვარს მოაწერა.

„ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია”, -აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, ხაჭაპურის ტრადიციისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად მოიაზრება.

„მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია, რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სტატუსის მინიჭების ინიციატორი კომპანია „გუნდა” და რამდენიმე კერძო პირია. სწორედ ეს კომპანია წარადგენს ხაჭაპურს  სარესტორნო ბიზნესისა და საზოგადოებრივი კვების პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე Sirha 2019, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში 26-30 იანვრის პერიოდში ჩატარდება.

ხაჭაპური ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერული, აჭარული, მეგრული, გურული, სვანური, რაჭული, ხევსურული და ა.შ.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 50 -მდე ობიექტს, მათ შორის ქართულ პოლიფონიას, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს, კახურ მრავალჟამიერს, ბერიკაობას, კახური ჩურჩხლის დამზადების ტექნოლოგიას, მესხურ ყველს, კუბდარის დამზადების ტრადიციულ მეთოდს და .აშ.

მათგან ექვსს ეროვნული კატეგორია აქვს განსაზღვრული, ესენია: ქვევრი, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი;  „დედაენა”,  „ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა”,  „ქართული ჭიდაობა” და  „ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიცია”

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში კი შეტანილია 3 ქართული ძეგლი: ქართული პოლიფონია, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა.

 

onalem

ტესტ