fbpx
საზოგადოება

WizzAir-ის მგზავრებს ქუთაისში ხელბარგის გადასახადის გადახდა მოუწევთ

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავიაკომპანია თვითმფრინავის სალონის შეზღუდული სივრცით ხსნის.

ლოუკოსტერი WizzAir, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს, ბარგის გადაზიდვის წესებს ცვლის — ამიერიდან მგზავრებს თვითმფრინავის სალონში ხელბარგის შეტანისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ.

კომპანიის ინფორმაციის თანახმად, ბორტზე ჩანთის შეტანისთვის მგზავრს Wizz-პრიორიტეტის მომსახურების შეძენა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელბარგი სატვირთო განყოფილებაში მოთავსდება და მისი მიღება დანიშნულების აეროპორტში იქნება შესაძლებელი.

„თქვენ გარანტირებულად აიტანთ თვითმფრინავის სალონში ხელბარგს (55x40x23 სმ, მაქს. 10 კგ), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ოპერაციული მიზეზებიდან გამომდინარე. თქვენ შეძლებთ თან იქონიოთ ერთი დამატებითი (+1) მცირე ზომის ჩანთა (40x30x18 სმ), როგორიც არის, მაგალითად, კამერის/ლეპტოპის ჩანთა ან ხელჩანთა, რომელიც უნდა მოთავსდეს სავარძლის ქვეშ“, — ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

საკუთარ გადაწყვეტილებას კომპანიაში ხსნიან იმით, რომ თვითმფრინავის ბორტზე სივრცე შეზღუდულია, და ისინი ვერ იძლევიან იმის გარანტიას, რომ ყველა მგზავრი შეძლებს ხელბარგის შეტანას სალონში.

WIZZ-პრიორიტეტის სერვისის შეძენა ონლაინ-რეჟიმში 5-დან 10 ევრომდე დაჯდება. ხოლო აღნიშნული სერვისის აეროპორტში შეძენა 25 ევრო ღირს.

Wizz Air-მა თავისი 25-ე ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხწლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად გახსნა. პირველი ავიარეისი კომპანიამ 2012 წელს შეასრულა. Wizz Air-მა ბაზის გახსნაში 98 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით  14 კილომეტრში მდებარეობს, 2012 წელს გაიხსნა.

წყარო: sputnik-georgia.com

onalem

ტესტ