fbpx
ემიგრაციული სიახლეები

გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი საბერძნეთის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში მოიწვია.
გიორგი მარგველაშვილმა და პროკოპის პავლოპულოსმა საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული, სტრატეგიული კავშირებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებსა და უსაფრთხოების საკითხებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ბერძენ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააცნო.
საბერძნეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერა.
საბერძნეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობა ორ მთავარ ღერძზე დგას, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით სუვერენიტეტის მხარდაჭერას გულისხმობს.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბერძენ კოლეგას ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში გამოვლენილი მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელიც საბერძნეთს არაღიარების პოლიტიკის მიმართ აქვს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ- პოლიტიკურ არჩევანს და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობას.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბერძენ ხალხსა და საბერძნეთის სახელმწიფოს იმ დახმარებისთვის და თავშესაფრისთვის, რომელიც ათასობით ქართველმა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სირთულეების დროს საბერძნეთში მიიღო.
თავის მხრივ, საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ პირად წვლილს, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა, ჯერ კიდევ განათლების მინისტრის რანგში ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკური განვითარების საქმეში შეიტანა, ამ კონტექსტში პროკოპის პავლოპულოსმა ხაზი გაუსვა იმ საგანმანათლებლო პროექტებს, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერით განხორციელდა.