fbpx
საქართველო

საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რათა ევროკავშირში ქართველები ლეგალურად დასაქმედნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევისა და მხარდაჭერის მობილიზებისთვის. ასევე მნიშვნელოვან საკითხად განიხილა ქართველების ლეგალურად დასაქმება ევროპის ქვეყნებში.

“წლის განმავლობაში აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები საქართველოსათვის აქტუალური საკითხების წამოწევისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

ამოქმედდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი სირიასა და ნაურუზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გამო, რაც აღნიშნული ქვეყნებისათვის აშშ-ს მხრიდან ფინანსური შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს;  ლიეტუვის რესპუბლიკამ დააწესა სანქციები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შესულ პირებზე ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით; საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები იქნა მიღებული მათ შორის ევროპარლამენტის, ირლანდიის სენატის, ლიეტუვას და პოლონეთის სეიმების მიერ“, – აღნიშნა მან.

ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ წელს ნატოს სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად მიიღეს ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, 2018 წელი კი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით წარმატებული იყო.

ზალკალიანის თქმით საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებმა ამ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმება შეძლონ.

ასეთი სახის თანამშრომლობას უკვე მოეწერა ხელი საფრანგეთთან და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანიასა და პოლონეთთანაც.

ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ორ ფინანსურ შეთანხმებას, რომელიც ნიშნავს, რომ საქართველოსთვის 97 მილიონი ევრო გამოიყოფა.

ჩამოყალიბდება ფონდი ქართული დიასპორისთვის, რომელსაც საშუალება ექნება ჩაერთოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებში.

onalem

ტესტ