fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

 

ძვირფასო მეგობრებო,

ნება მომეცით, ტრადიციულად, მოგაწოდოთ ინფორმაცია, საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ. წინამდებარე ანგარიში 2017 წლის მეორე კვარტალს მოიცავს.

მიმდინარე წელს საქართველო და საბერძნეთი აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს. ეს თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, 30 მაისს საზეიმოდ აღვნიშნეთ ქ. ათენის ბიზანტიურ მუზეუმში. საელჩოს მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას ქ. ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაესწრნენ საბერძნეთის რესპუბლიკის მინისტრები, პარლამენტარები, საქმიანი და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მიმდინარე წლის აპრილიდან ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში, სატესტო რეჟიმში, მოქმედებს ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა. პროგრამის სრულად ამოქმედება იგეგმება შემოდგომაზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად. საელჩო ყველა ღონეს ხმარობს, რომ უზრუნველყოფილ იქნას პროგრამის შეუფერხებელი ფუნქციონირება, გადაიჭრას პროგრამასთან დაკავშირებული ყველა ფინანსური და საორგანიზაციო საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, საელჩოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, განიხილება ქართული ენის სწავლების შემოღების შესაძლებლობა მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის. ასევე, ქართული ენის საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში დგას საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის პირველ რიგში, ქ. თესალონიკის საჯარო სკოლებში.

საქართველოსა და საბერძნეთს შორის უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბებულმა უაღერსად ინტენსიურმა თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობების დღის წესრიგში პირველად აგვესახა საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშესაწყობის საკითხი და ამ მიმართულებით ბერძნულ მხარესთან კოორდინირებული მუშაობა დაგვეწყო. აღნიშნულ საკითხზე საელჩომ გადადგა შემდეგი ნაბიჯები:

–           საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრთან ბ-ნ იანის მუზალასთან შეხვედრის შედეგად, ბერძნულმა მხარემ გამოყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც საელჩოსთან ერთად მუშაობს საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის პრობლემაზე.

–           საელჩოს მიერ ინიცირებულ ამ მნიშვნელოვან პროცესში ჩაერთო საბერძნეთის ომბუდსმენი ანდრეას პოტაკისი, რომელიც ელოდება საელჩოს შემდგომ ნაბიჯებს, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღოს მომავალ ღონისძიებებში. მიმაჩნია, რომ საბერძნეთის ომბუდსმენის ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ ლეგალიზების საკითხში პროგრესის მიღწევას, არამედ საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა უფლების კიდევ უფრო ეფექტურად დაცვას.

–           ათენში მოღვაწე ქართველი იურისტებისაგან დაკომპლექტდა სამართლებრივ–საკონსულტაციო ჯგუფი. ჯგუფმა საქართველოს საელჩოში უკვე ორჯერ გამართა შეხვედრა. გადაწყდა, რომ ზაფხულის პერიოდი გამოყენებული იქნება მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად, რათა შემოდგომიდან საქართველოს მოქალაქეების საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზების ხელშეწყობის საკითხის გადაწყვეტაზე ინტენსიური მუშაობა დაიწყოს.

–           საელჩოს მიერ ინიცირებულ პროცესში ჩაერთო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), რომელიც მ/წლის სექტემბრიდან მოახდენს კონკრეტული ერთწილიანი პროექტის ინიცირებას.

ამ ნაბიჯების შედეგად:

–           მოხდება საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის ყველა შესაბამისი დებულებისა და ამ კანონმდებლობაში შესული ყველა იმ ცვლილების ერთ ქართულ-ბერძნულ დოკუმენტში თავმოყრა, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზების თვალსაზრისით. ამ გზით შექმნილ გზამკვლევში მოცემული იქნება ყველა ის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომელსაც საბერძნეთის ამჟამინდელი საემიგრაციო კანონმდებლობა იძლევა. ეს დოკუმენტი უფასოდ დაურიგდება ქართულ დიასპორას.

–           საელჩოსთან შექმნილი ქართველი იურისტების სამართლებრივ–საკონსულტაციო ჯგუფი, ბერძნული მხარისათვის შესათავაზებელად მოამზადებს საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც გააფართოებენ საქართველოს მოქალაქეების იმ კატეგორიებს, ვისთვისაც საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზება უნდა გამარტივდეს. ამ ცვლილებების საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობაში შეტანას ლობირებას გაუწევს როგორც ქ. ათენში საქართველოს საელჩო, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება. მნიშვნელოვანი დახმარების იმედი გვაქვს საბერძნეთის ომბუდსმენის ოფისის მხრიდანაც.

საბერძნეთის ომბუდსმენმა ბ-ნი პოტაკისმა არამხოლოდ მხარი დაუჭირა საქართველოს საელჩოს ინიციატივას საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის ხელშეწყობის თაობაზე, არამედ გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს საელჩოსთან საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხებზე.  შევთანხმდით, რომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს ომბუდსმენის აპარატში იმიგრაციის, მოქალაქეობის, დეპორტაცია-რეადმისიის და იზოლატორების ინსპექტირების  საკითხებზე მოქმედი სპეციალური ჯგუფი.

ამ ჯგუფის წევრებს გააჩნიათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ინსპექტირების უფლებამოსილება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. საბერძნეთის ომბუდსმენის აპარატი მონიტორინგს გაუწევს საბერძნეთიდან საქართველოში რეადმისიისა და დეპორტაციის პროცესებს. ასევე, საელჩოს შუამდგომლობის საფუძველზე (რაც საქართველოს მოქალაქეების მიერ საჩივრის შეტანის საფუძველზე მოხდება), შესაბამის ზომებს გაატარებს, საქართველოს მოქალაქეების მიმართ საბერძნეთის პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საბერძნეთის პოლიციის შიდა ინსპექციის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩება.

უკანასკნელ პერიოდში, საქართველოსა და საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. 21-23 ივნისს საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინიტრი ნიკოლაოს ტოსკასი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. ბერძენ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.

14 ივნისს შევხდი ქ. ათენის მერს გეორგიოს კამინისს. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის გააქტიურებული ორმხრივი ურთიერთობები და ამ კონტექსტში, მუნიციპალურ დონეზე, მათ შორის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. შევეხეთ, 1997 წლის 16 სექტემბერს ათენსა და თბილისს შორის ხელმოწერილი „მეგობრობისა და თანამშრომლობის ოქმის“ განახლებისა და ამოქმედების საკითხს. ათენის მერმა დაადასტურა მზადყოფნა, თბილისისა და ათენის მუნიციპალიტეტებს შორის ახალი ქმედითი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ასევე განხილულ იქნა თბილისსა და ათენს შორის სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, აქცენტით ბიზნესის, ტურიზმის, კულტურისა და სპორტის სფეროებზე.

19 ივნისს შევხვდი საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრს ბ-ნ გეორგიოს ვასილიადისს. შეხვედრაზე გამოვთქვით ორმხრივი მზადყოფნა, სხვა დანარჩენ სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების ფონზე სპორტის სფეროშიც გადაიდგას პოზიტიური ნაბიჯები. ამ კუთხით, აღინიშნა საბერძნეთში მოღვაწე ქართველი სპორტსმენების როლი, მათი გამოცდილებისა და ცოდნის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობა.

21 მაისს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა მეუღლეების ორგანიზაციის „LAASA“ (Lady Ambassadors and Ambassadors’ Spouses Association) მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაში „საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი 2017“. აღნიშნულ ფესტივალზე საქართველოს ელჩის მეუღლის ქ-ნი მარინე ჩქარეულის ორგანიზებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ, წარმოდგენილ იქნა ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო.

20-21 მაისს, ათენის კულტურისა და განათლების ცენტრის „კავკასია“ და ორგანიზაციის „ათენის ქართველი ახალგაზრდები“ ინიციატივით, საქართველოს საელჩოს ეგიდითა და თანაორგანიზებით, გაიმართა „ათენის III საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი მინი-ფეხბურთში“.

2 ივნისიდან 12 ივნისამდე, საქართველოს საელჩოს ჩართულობით, კუნძულ ანდროსზე ჩატარდა საერთაშორისო კულინარიის ფესტივალი, რომელზეც წარმოდგენილი იქნა თვრამეტი ქვეყნის ნაციონალური კერძები. კუნძულ ანდროსის რესტორნებში სტუმრებმა დააგემოვნეს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო, მათ შორის ქართული კერძები. ქართულ კერძებთან ერთად, წარმოდგენილი იქნა საინფორმაციო და ტურისტული ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რამაც როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების ინტერესი დაიმსახურა.

16-18 ივნისს, მარათონის მუნიციპალიტეტის დაბა ვარნავაში, „ევროპული პურის მუზეუმში“, ჩატარდა ხმელთაშუაზღვისპირეთის პურის პირველი ფესტივალი. საელჩოს ჩართულობით, აღნიშნული ფესტივალის გახსნაზე, ქართული პურის  შესახებ პრეზენტაცია (ქართული პურის ნაირსახეობანი, დამზადების ტექნოლოგია, სახელები, კულტურულ-სოციალური კონტექსტი) გააკეთეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა და „იუნესკო“-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმნიჭებელი საბჭოს წევრებმა,  ქ-ნმა ქეთევან ხუციშვილმა და ქ-ნმა როზეტა გუჯეჯიანმა. ფესტივალზე წარსადგენი ქართული პურის ნაირსახეობები მოამზადა ჩვენმა თანამემამულემ ქ-ნმა მაია უჩავამ. მისი ნამუშევრები განთავსდა  ვარნავას „ევროპული პურის მუზეუმში“.

ბოლო პერიოდში საქართველო-საბერძნეთისა და საქართველო-სერბეთის ურთიერთობები აქტიურად ვითარდებოდა. განსაკუთრებით აღინიშნებოდა მხარეთა თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

2017 წლის 28-29 მაისს, ქ. ათენში, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, გაიმართა საქართველო-საბერძნეთის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა. განხილულ იქნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა. ხელი მოეწერა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმს. ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, მხარეთა შორის ეკონომიკის კონკრეტულ სფეროებში მისაღწევ შედეგებს და ამ მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს. კომისიის მომავალი სხდომა 2018 წელს საქართველოში გაიმართება.

8-9 ივნისს ქ. თბილისში გაიმართა პირველი ბერძნულ-ქართული ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე ბერძნულმა და ქართულმა კომპანიამ მიიღო. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საელჩოს და საბერძნეთის მსხვილ მეწარმეთა ასოციაცია SEV-ის თანა-ორგანიზებით. ბერძნულ ბიზნეს-დელეგაციას ხელმძღვანელობდა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი ტერენს-ნიკოლაოს ქუიქი. ბერძნულმა კომპანიებმა გამოთქვეს ქართულ მხარესთან თანამშრომლობით დაინტერესება შემდეგ სფეროებში – მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, საბანკო საქმე და სხვა. ვგეგმავთ, რომ მომავალ წელს ორგანიზება გავუკეთოთ ქართული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს საბერძნეთის რესპუბლიკაში.

28 აპრილს საბერძნეთის კიკლადების რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ჩავატარეთ საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების პრეზენტაცია. შესაბამისი ინფორმაციები აიტვირთა ხსენებული სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე და გავრცელდა 4000-ზე მეტ ბერძნულ კომპანიას შორის.

2017 წლის მე-2-ე კვარტლის განმავლობაში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სერბულ მხარესთანაც. სერბეთის რესპუბლიკაში გამართული საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების შესახებ ჩატარებული სამი პრეზენტაციის შედეგად, 2017 წლის შემოდგომაზე ქ. თბილისში დაიგეგმა პირველი სერბულ-ქართული ბიზნეს-ფორუმი და სერბეთის ბიზნეს-სექტორის წამყვანი კომპანიების პირველი ვიზიტი საქართველოში.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სერბეთთან თანამშრომლობის მიმართულებით.

2017 წლის 23 ივნისს, ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ინაუგურაციის ცერემონიალის ფარგლებში, პირველად ეწვია ბელგრადს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მისი შეხვედრები პრეზიდენტთან ალექსანდ ვუჩიჩთან, ასევე, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან.  შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს:

–           სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, 2017 წლის შემოდგომაზე დაიგეგმა სერბეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ვაჭრობის, ტურიზმის და ინფრასტრუქტურის მინისტრის რასიმ ლიაიჩის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება პირველი სერბული ბიზნეს-დელეგაციის საქართველოში ვიზიტი და პირველი ქართულ-სერბული ბიზნეს-ფორუმი. ვიზიტის დროს მოხდება „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერა.

–           ხელმოსაწერად მზად არის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის ორმხრივად გაუქმების შესახებ შეთანხმება. შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის მ. ჯანელიძის ბელგრადში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

ივნისის ბოლოს, სერბეთის რესპუბლიკაში, სერბეთის აღმსრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შედეგად დაიგეგმა:

  • ა.წ. სექტემბერში სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი;
  • 2017 წლის ოქტომბრის თვეში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის ბელგრადში ვიზიტი და მხარეთა შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციები;
  • მ/წლის შემოდგომაზე სერბეთის ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრის ბრანკო რუჟიჩის საქართველოში ვიზიტი, სამოქალაქო ადმინისტრირების სფეროში ქართული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ძვირფასო თანამემამულენო,

საელჩოს სრული შემადგენლობა ყველა ღონეს ხმარობს, რომ ჩვენი სამშობლოსათვის – საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებში ხელშესახებ პროგრესს მივაღწიოთ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საქმიანობა ვრცელდება როგორც საბერძნეთზე, ასევე სერბეთის რესპუბლიკაზე, რომლის მიმართულებითაც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გავააქტიურეთ მუშაობა. ამიტომ, ზაფხულის პერიოდის მიუხედავად, მომდევნო თვეებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და შეხვედრა დავგეგმეთ. იმედი მაქვს, მომავალშიც ინტერესით გაეცნობით საელჩოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, მიადევნებთ თვალ-ყურს საელჩოს ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდებს, კვლავაც შეგვიწყობთ ხელს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შორის გადამოწმებული და სანდო ინფორმაციების გავრცელებაში.