fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილის მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

ძვირფასო თანამემამულეებო,

მოგეხსენებათ, რომ საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა ჩვენი საელჩოს საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და უფლებებს ვიცავთ საბერძნეთის საზღვრებზე, წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და პენიტენციალური სისტემის სხვა დაწესებულებებში, სასამართლოებში, საავადმყოფოებში, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინციდენტებზე ინფორმაციების მისაღებად კი კვირის 7 დღის 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს საელჩოს „ცხელი ხაზი“.

დღეს, 15 ივნისს, შევხვდი საბერძნეთის ომბუდსმენს ბ-ნ ანდრეას პოტაკისს. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება.

საბერძნეთის ომბუდსმენთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ძირითადი საკითხი: წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა, და საელჩოს ინიციატივა საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის ხელშეწყობის თაობაზე.

საბერძნეთის ომბუდსმენთან შევთანხმდით, რომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს ომბუდსმენის აპარატში მოქმედი სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრებსაც გააჩნიათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ინსპექტირების უფლებამოსილება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამის გარდა, ბ-ნი პოტაკისის თხოვნაა, პირადად ჩავაყენო საქმის კურსში ყოველი ასეთი გადაცდომის თაობაზე.

ამის გარდა, საბერძნეთის ომბუდსმენის აპარატი მკაცრ მონიტორინგს გაუწევს საბერძნეთიდან საქართველოში რეადმისიისა და დეპორტაციის პროცესებს. რეადმისიისა და დეპორტაციის დროს საქართველოს მოქალაქეების მიმართ საბერძნეთის პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ყველა ფაქტზე ინფორმირებული იქნება ომბუდსმენის აპარატი, ხოლო ამ უკანასკნელის რეაქცია იქნება მყისიერი და ეფექტიანი.

ბ-ნი პოტაკისი მიესალმა საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ ღონისძიებებს. მან გამოთქვა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს ამ პროცესში, მონაწილეობა მიიღოს როგორც საბერძნეთის საემიგრაციო კანონის გზამკვლევის შექმნაში, ასევე მხარი დაუჭიროს საელჩოს ინიციატივით შექმნილი სამართლებრივი-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფებისათვის საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის გამარტივებას ისახავენ მიზნად.

ძვირფასო მეგობრებო,

მოგმართავთ თხოვნით, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოთ საქართველოს საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ ინფორმაციების მოწოდების კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა სრულად ავამოქმედოთ ყველა არსებული ინსტრუმენტი, რომელიც საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს.

onalem

ტესტ