fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოს ელჩი ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაარღვიონ ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები.

საექსპერტო კომისია ევროპის საბჭოში აპირებს წარადგინოს მოხსენება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამტკიცებს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი რიკარდ ჟოზვიაკი.

ჟურნალისტმა Twitter-ში დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მიღების შესახებ მოთხოვნის რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით შეშფოთებული არიან.

“ეს არის გეგმური და ამაში არაფერი ექსტრაორდინარული არ არის. საქართველომ უნდა გააგრძელოს ვალდებულებების შესრულება, ეს ფაქტია. საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები, არ გადააცილონ ამ სამ თვეს. ასევე, თავშესაფრის მოთხოვნა — ეს ისეთი რამ არის, სადაც დაკმაყოფილების სტატისტიკა არის ძალიან დაბალი საქართველოდან. ევროკავშირს საქართველო შეყვანილი ჰყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში და ამიტომ მოთხოვნების განხილვა ავტომატურად უარყოფითი პასუხით სრულდება. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს”, — განაცხადა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

კომენტარი ტელეარხთან გააკეთა ასევე ჟურნალისტმა ჟოზვიაკმა.

„ვერ გეტყვით, ვინ არიან ეს ადამიანები. შესაძლოა იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ. ან შესაძლოა, ის პირები იყვნენ, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ საქართველოში, აიღეს საქართველოს მოქალაქეობა და იყენებენ მას ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად. აშკარაა, რომ სისტემა ბოროტად გამოიყენეს და ეს ბევრ ქვეყანას აღელვებს”, — განაცხადა ჟოზვიაკმა.

ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

onalem

ტესტ