fbpx
განათლებასაქართველო

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17.11.2018 ქ.თბილისი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ისაუბრა ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ  პრიორიტეტზე. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან ჩვენს ბავშვეს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკვირაო სკოლებში იხელმძღვანელონ უცხო ქვეყნისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელოთი, რომელიც ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას იყვნენ ჩართული ყველა იმ საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც  საქართველოში ხორციელდება. მსგავსი სახის პროექტები და ახალი ინიციატივები ჩვენ მომავალშიც გვექნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი დიასპორა იყოს უფრო აქტიურად ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე  და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე. ღონისძიების დასასრულს განხორციელდა  ტელე-ხიდი ქ.ბარსელონაში არსებულ საკვირაო სკოლასთან.

სახელმძღვანელოები აგებულია თანამედროვე სწავლების  პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი , რომელშიც 3000 მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ   დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში  სწორედ საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების სწავლებასაც გაერთიანებული სწავლების პრინციპით.  საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.

2017 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორის წარმომადგენელთა მაღალი ჩართულობით შეიმუშავა სტრატეგიული დოკუმენტი  „ერთიანი ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომლის მიზანია დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა.

onalem

ტესტ