fbpx
საზოგადოებასაქართველო

საბერძნეთში მყოფ ემიგრანტ ქალს საქართველოში შვილი გაზის გაჟონვით დაეღუპა

თბილისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

კომპანია „ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლების ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ღია წვის კამერიანი გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. ამასთან, მთავარ მრიცხველზე თვითნებურად მიერთებული იყო რამდენიმე ქვემრიცხველი.

1998 წელს დაბადებული დიმიტრი დარბაიძე და 1999 წელს დაბადებული ანა ჯაფარიძე ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები გვიან ღამით იპოვეს. გარდაცვლილი დიმიტრი დარბაიძის თანასოფლელები ამბობენ, რომ ის თბილისში ქირით ცხოვრობდა და დედაქალაქში სამუშაოდ იმყოფებოდა.

“რაღაც მარკეტში მუშაობდა. დედამისი საბერძნეთშია. სამი ძმანი არიან. სავარაუდოდ გაზი არისო,”-ამბობენ დაღუპული დიმიტრი დარბაიძის მეზობელი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე1 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც ითვალისწინებს 6-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც.

მხოლოდ გასულ კვირაში დედაქალაქში მხუთავი აირით ათი ადამიანი მოიწამლა.

 

onalem

ტესტ