fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთი: ახალგაზრდა ქართველი გოგონას ბიზნესი – ნულიდან წარმატებამდე

ნონა მოსიაშვილი, 28 წლის გოგონაა, რომელმაც საბერძნეთში სრულიად ნულიდან დაიწყო საკუთარი მცირე ბიზნესი და უკვე 4 წელია, რაც წარმატებით მუშაობს. მასზე მეგობრისგან შევიტყვე, დავინტერესდი და გადავწყვიტე ახლოს გამეცნო და მენახა მისი საქმიანობა. შაბათს გამოვნახეთ დრო და შევხვდით!

შუადღეს, დავქოქე მანქანა და მივედი მის მაღაზიასთან, რომელიც აბელოკიპზე პანათინაიკოს სტადიონის უკან მდებარეობს. თან, წინასწარ დავურეკე და ვკითხე, რომელი ყავა უნდოდა, იმიტომ, რომ “მიკელის” კაფეტერიასაც გამოვივლიდი.
შევხვდით, ავედით პირველ სართულზე, სადაც მაღაზია მდებარეობს და იმ წუთასვე ფოტოების გადაღება დავიწყე! ბოლოს კი, ოფისში დავჯექით და მის საქმიანობაზე დავიწყეთ საუბარი.

*ინტერვიუ*

– ნონა,როდის და რა მიზეზით ჩამოხვედი საბერძნეთში?

საბერძნეთში 2005 წლის 10 აპრილს ჩამოვედი. მაშინ 8 წლის ვიყავი. როდესაც დედა აქ წამოვიდა ,სკოლის დამთავრებამდე ბებიასთან, დუშეთში ვიზრდებოდი, ხოლო დამთავრების შემდეგ დედა იძულებული გახდა  მეც ჩამოვეყვანე. ძალიან გამიჭირდა, რადგან ყველა ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო, საქართველოში დავტოვე. რთული იყო მათთან დამშვიდობება და აქ რომ ჩამოვედი თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, თითქოს ორად ვიყავი გაყოფილი. ენა არ ვიცოდი და მეჩვენებოდა, რომ ვერასდროს შევძლებდი სწავლას. თუმცა, ძალიან მოვინდომე და 6 თვეში საუბარიც შემეძლო და კითხვაც. 

– თავიდანვე მოგწონდა კერვა და დიზაინი თუ შემდეგ აღმოაჩინე ამ საქმისადმი ინტერესი?

ტანსაცმელი ბავშვობიდან მიყვარდა და თოჯინებს ჩემი ფანტაზიით ვუკერავდი ხოლმე კაბებს. შემდეგ დედამ პატარა საკერავი მანქანაც კი მიყიდა. ვფიქრობდი, რომ მომავალი ამ სფეროში მინდოდა მქონოდა და ვთვლი, რომ ოცნება ავიხდინე. როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ, რამდენი საათიც უნდა იმუშაო, ვერ იგებ დრო როგორ გადის.

– როგორ წამოიწყე ბიზნესი? ვინმე დაგეხმარა თუ დამოუკიდებლად გაიკვლიე გზა?  რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწია?

– როდესაც ოჯახი შევქმენი და შვილი გავაჩინე სრულ განაკვეთზე მუშაობა არ შემეძლო, ამიტომ ვცდილობდი მომეფიქრებინა ისეთი რამ, რომ ბავშვზე ზრუნვაც და მუშაობაც მომეხერხებინა. თავიდან გადავწყვიტე ონლაინ მაღაზია გამეკეთებინა და ტანსაცმლის საზვარგარეთიდან გამოწერა დავიწყე, თუმცა არც ხარისხი მომწონდა და დროშიც ძალიან იწელებოდა. ამიტომ ვიქირავე პატარა ადგილი, სადაც თავად დავიწყე ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობა. ნელნელა შევიძინე აუცილებელი ნივთები და ოთხი წლის განმავლობაში გავზარდე ტანსაცმლის რაოდენობა.
ბევრი დაბრკოლება შემხვდა, თუმცა ნებისყოფის და მონდომების წყალობით ყველაფერი გამომივიდა.

– რომელ ცნობილ კომპანიებთან და მოდელებთან გიმუშავია?

– მიმუშავია ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა: Coca-Cola, Siemens, Cutty Sark, Palmolive, Jacobs, Madwalk. ასევე იმ ცნობილ მოდელებთან, რომლებიც ჩემს ტანსაცმელს უკეთესად წარმოაჩენენ.

– ძირითადად რა გზით ყიდულობს ხალხი შენს ტანსაცმელს? ადგილზე მოდიან თუ ინტერნეტის საშუალებით?

– ძირითადად ინტერნეტით, სოციალური ქსელის მეშვეობით ყიდულობენ, სადაც ნახულობენ ჩემს ტანსაცმელს და შემდეგ მიკავშირდებიან, რომ შეიძინონ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სურთ ტანსაცმელი ახლოდან ნახონ და ადგილზე მოდიან.

– ბერძნულ საჯარო დაწესებულებებთან თუ შეხვდი რაიმე დაბრკოლებას?  

– ჩემი პრობლემა ძირითადად ქვეყანაში არსებულ ბიუროკრატიას და მაღალ გადასახადებს უკავშირდებოდა. მე კი საწყის ეტაპზე არ მქონდა დიდი თანხა იმისთვის, რომ მსგავს დაბრკოლებებს მარტივად გავმკლავებოდი. თავიდან სახლიდან, ოლაინ მაღაზიის მეშვეობით ვმუშაობდი, შემდეგ კი დაგროვილი თანხები ბიზნესის გაფართოვებაში ჩავდე.



– შესაძლებელია თუ არა, რომ მსურველმა მოგიტანოს სურათი და ზუსტი ანალოგი შეუკერო?

– დიახ, ყველას შეუძლია შეიკეროს ისეთი რამ, რასაც მაღაზიებში ვერ ნახულობს და საკუთარი ფანტაზიით სურს მისი შექმნა. ჩვენ შეკვეთებითაც ვკერავთ.

– სად შეუძლია ჩვენს მკითხველს დაგიკავშირდეს?

მისამართი: კონიარი 45, აბელოკიპი
საიტი: http://www.prestigefashion.gr
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/pg/prestigefashion.gr
ტელეფონი: 2121040280

onalem

ტესტ