fbpx
საზოგადოებასაქართველო

რა შემთხვევაში გაუნულდებათ საქართველოს მოქალაქეებს ბანკის ვალი?!

ე.წ. შავ სიაში შეყვანილი მოქალაქეების სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.პრემიერ-მინისტრმა ახალი ინიციატივა მიმდინარე წლის ნოემბერში გაახმოვანა, რომლის თანახმად, ახალ წლამდე საბანკო დავალიანება ჩამოეწერებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. „შავ სიაში” შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.

ნოემბერში პრემიერმა განაცხადა, რომ საუბარი ეხება 1,5 მილიარდ ლარს, რომლითაც დაიფარება საფინანსო ორგანიზაციების წინაშე 600 ათასი მოქალაქის საბანკო დავალიანებები. არსებული ინფორმაციით, ამ ვალების ჩამოწერას „ქართუ ბანკი” ითავებს, რომლის დამფუძნებელია მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ბახტაძის თქმით, სესხების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის ფარგლებში სპეციალური ვებ-გვერდი vali.ge  ამოქმედდება.

„დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებ-საიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის”, „თიბისი ბანკისა” და „ლიბერთი ბანკის” მომხმარებლები”, – განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის განცხადებით, ვებ-გვერდზე ყოველდღიურად დაემატება იმ მომხმარებელთა მონაცემები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ.

„ყოველდღე დავამატებთ ამ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესიც გრძელდება”, – აღნიშნა პრემიერმა.

თითოეული მოქალაქე ერთიან ონლაინ-ბაზაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებს. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ მიმართონ იმ საფინანსო ორგანიზაციებს, რომლის ვალიც აქვთ.

საქართველოს მოქალაქეების ბანკის, მიკროსაფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციების ვალების ჩამოწერა 15 დეკემბერს იწყება და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აქვს აღებული და პროცენტი არც ერთხელ არ გადაუხდია; ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების გარეშე 2 000 ლარს არ აღემატება.

onalem

ტესტ