fbpx
ემიგრაციაპოზიტივი

ქველმოქმედება საბერძნეთიდან – ქართველი ემიგრანტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება

ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან საქართველოში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის ამანათები გუშინაც გამოიგზავნა.

უანგარო დახმარებას, გაჭირვებულ ოჯახებს, ჩვეულებრივი ემიგრანტი ქალი უწევს, რომელიც სამშობლოდან შორს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ცხოვრობს და სხვა ემიგრანტების მსგავსად, მუხლჩაუხრელად შრომობს. ლეილა მაჩაიძე პროფესიით ბუღალტერია და უკვე 15 წელია, სამშობლოდან წასულია. ქართველ ემიგრანტს დაუკავშირდა.

ლეილა მაჩაიძე: “როცა საქართველოში ვცხოვრობდი, სულ ვეძებდი, ვის სჭირდებოდა დახმარება. რაც შემეძლო, ყველას ხელს ვუმართავდი. ამის გარეშე, თითქოს, ცხოვრება არ შემეძლო“.

შემდეგ იყო მტკივნეული წასვლა ემიგრაციაში – შეგუება ახალ ცხოვრებასთან, ადამიანებთან და ახალ წესრიგთან. ლეილა მაჩაიძემ საქართველოსა და ახალ ქვეყანას შორის განსხვავება სწრაფად დაინახა, მაგრამ, როგორც თავად ყვება, ყველაზე მეტად, სამშობლოს მონატრებასთან გამკლავება გაუჭირდა.

ლეილა მაჩაიძე: „საქართველო სულ მენატრებოდა, განსაკუთრებით მტკივნეული, ჩემს ქვეყანაში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების გახსენება იყო. აქ ხალხი ბევრად უკეთესად ცხოვრობს. დიდი სხვაობაა. დახმარებაზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ უცხო ქვეყანაში, ჯერ თვითონ უნდა გაიმართო წელში“.

ოთხი წლის წინ, ლეილა მაჩაიძე საქართველოში იმყოფებოდა. ემიგრანტი ყვება, რომ აქაური მძიმე ყოფა, კიდევ უფრო უკეთესად დაინახა და ამ ფაქტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა.

ლეილა მაჩაიძე: „ჩემი სამშობლოდან თან გამყვა იმ ადამიანების თვალები, ვისაც ცხოვრება უჭირს. ამ წუხილმა, იდეას მათ დასახმარებლად, კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა და საბოლოოდ გადავწყვიტე, სხვა ემიგრანტების გარეშე, ამანათები საქართველოში გასაგზავნად, საკუთარი ფინანსებით გამემზადებინა“.

ლეილა მაჩაიძის ქველმოქმედებას თანამოაზრეებად დედა-შვილი, სონია და მაია ბერიკაშვილები გამოუჩნდნენ, რომლებიც მას სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის, ამანათების საქართველოში გამოგზავნაში ეხმარებიან.

„გუშინაც გამოვაგზავნეთ თხუთმეტი ამანათი საქართველოში. ეს ორი ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა. უცნაური ისაა, რომ მათ საქართველოში არავინ ჰყავთ და გულწრფელად მეხმარებიან“, – ყვება ლეილა.

ქველმოქმედება უძველესი ცივილიზაციის ქალაქიდან, მეოთხე წელია გრძელდება. სალონიკში, სამშობლოდან მოშორებით გატარებულ წლებს ლეილა მაჩაიძე მაინც პოზიტიურად უყურებს და ამ წლების მადლიერია.

„ამ ქვეყანამ მიმიღო, გამაძლიერა და საშუალება მომცა ჩემი ხალხისათვის შევძლო ის, რასაც ახლა ვაკეთებ. აქ მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული მემკვიდრეობაა, მაგრამ ჩემს სამშობლოს მაინც ვერაფერი შეედრება. მოვა დრო, ჩამოვალ და დედასავით ჩავეხუტები. აქ ყველას საკუთარი სახლი ენატრება“, – ამბობს ლეილა.

 

onalem

ტესტ