fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

ქართველმა ვენაში გერმანულ-ქართული ქუჩური გამოთქმების, სლენგის ლექსიკონი შეადგინა

უცხოეთში გამგზავრებამდე ქართულ მედია-სივრცეში მუშაობდა, თუმცა მისი ინტერსებისა და ენერგიის მქონე ადამიანისთვის ეს სივრცე საკმარისი არ აღმოჩნდა. ერთგვარი „მოთელვა“ ბავარიის, ჰამბურგის, ბერლინისა და ლაიფციგის მედია-ტრენინგებზე გაიარა. დღეს მაგისტრატურაში სწავლობს ვენის უნივერსიტეტში, სადაც master of art  მედიამცოდნეობას, პიარსა და გერმანულ ლიტერატურას ეუფლება. გარდა ამისა, ქართულ ენაზე თანამედროვე გერმანელი მწერლების ნაწარმოებებს თარგმნის, გერმანულ პრესაში კი საქართველოს შესახებ დაწერილი მისი სტატიები იბეჭდება. ამის გარდა, მისი კრეატიული ბუნებიდან გამომდინარე, თავში აზრად მოუვიდა გერმანულ-ქართული ჟარგონის ლექსიკონის გამოშვება, რაზეც ამჟამად მუშაობს. მიხეილს ვენაში დავუკავშირდით.

– მიხეილ, ბუნებრივია, საუბარი უნდა დავიწყო იმით, თუ რა ხდებოდა ავსტრიაში წასვლამდე შენ ცხოვრებაში…

— ავსტრიაში წასვლამდე ტელეკომპანია „მაესტროზე“ ვმუშაობდი საერთაშორისო ამბების კორესპონდენტად. საინტერესო და კარგ სამუშაო გარემოსთან ერთად უკარგეს ადამიანებთან მქონდა კონტაქტი. არ ვიცი, რამდენად ვოცნებობდი, მაგრამ სულ მინდოდა მაგისტრატურაში საზღვარგარეთ მესწავლა, თუმცა ემიგრაციაში წასვლა და უცხოეთში დარჩენა საცხოვრებლად არასდროს ყოფილა ჩემი სურვილი, არც ახლა არის, ალბათ, არც იქნება. ყველაფრის მიუხედავად ჩემი ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს და რაც შეიძლება მალე (სწავლის დამთავრებისთანავე) მინდა ჩამოვიდე.

– რატომ გააკეთე არჩევანი ავსტრიაზე?

— გამომდინარე იქიდან, რომ გერმანული ცხოვრებისა და განათლების გამოცდილება უკვე მქონდა. 2010 წელს ერთი წლით გაცვლითი პროგრამით ვიყავი ბავარიაში, შემდეგ 6 თვე ბადენ-ვიუტენბერგში მოხალისეთა პროგრამით და ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ჰამბურგში, ბერლინსა და ლაიფციგში მედია-ტრენინგებზე. სხვა გერმანულენოვან ქვეყანაში მაგისტრატურაში წასვლა მინდოდა. შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში წასვლაზე არც მიფიქრია გარკვეული მიზეზების გამო (ლიხტენშტეინი ძალიან პატარაა და ქვეყანა შვეიცარიაზე მეტად ათქვეფილია ენობრივი კუთხით), შესაბამისად, დარჩა ავსტრია. ვენის უნივერსიტეტში ჩარიცხვისთანავე დავტოვე სამსახური და ავსტრიაში წამოვედი. მაგისტრატურაზე master of art  მედიამცოდნეობას, პიარს, გერმანულ ლიტერატურას ვსწავლობ. შერეული პროგრამა მაქვს და ლექციები ძირითადად გერმანულ ენაზეა, თუმცა არის გარკვეული საგნები, რასაც ინგლისურად და ესპანურად გავდივარ.

– ამბობენ, ჟურნალისტი — ნაჩქარევი მწერალიაო. შენ თარგმნით დაგიწყია და ახლა ერთ ავსტრიელ მწერალს თარგმნი. რატომ თვლი, რომ ეს მწერალი და თემა ქართველებისთვის საინტერესო იქნება?

— სიმართლე გითხრათ, დღეს წერა არაა ჩემი აქტიური საქმიანობა და ჰობი, იცით, რატომ მიჩნდება წერის სურვილი?— გერმანულენოვანი ლიტერატურა უზომოდ მდიდარია. გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში საოცარი მწერლები ჰყავთ და ნაწარმოებები აქვთ. კლასიკოს მწერლებზე არ ვსაუბრობ, ისინი, ასე თუ ისე, ქართულად ნათარგმნია. თუმცა თანამედროვე მწერლებიდან თითქმის არაფერია ხელმისაწვდომი ქართველი მკითხველისთვის. როდესაც ვკითხულობ უზომოდ მაგარ წიგნებს, ვნატრობ, რომ ეს ნაწარმოებები ქართულადაც იყოს, რათა ქართველებიც დატკბნენ ამ სიამოვნებით და ჩაიძირონ ღრმა გერმანულენოვან მოფილოსოფოსო ცხოვრებისეულ ამბებში. სწორედ ამ სიცარიელის შევსება მინდა. ეს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, თუმცა, ვფიქრობ, მაინც კარგი ნაბიჯი იქნება. ახლა ავსტრიელი მწერლის რობერტ მენასეს არაორდინალურ ნაწარმოებს ვთარგმნი, რომელიც მწერალმა კი არ დაწერა, დისკზე ჩაწერა, ანუ, ის უნდა მოისმინო, სხვანაირად ვერ მოიპოვებ. მე წიგნის სახით მინდა გამოვცე. ერთ-ერთი გამომცემლობა დაბეჭდვას დამპირდა, ვნახოთ, რა იქნება. თუ ეს გამოვა, სხვა მწერლების ნაწარმოებებიც მაქვს შერჩეული, რომლებსაც სიამოვნებით ჩავუჯდები ეტაპობრივად…

– თქვენ გერმანული გაზეთებისთვის საქართველოზე წერთ, რა თემები აინტერესებთ მათ?

— გერმანულ ბლოგებთან, საიტებთან და გაზეთებთან ვთანამშრომლობ, აქტიურად ვწერ ბლოგებს ერთ-ერთ ძალიან პოპულარულ და რეიტინგულ საიტზე. სტატიების რეიტინგულობიდან გამომდინარე ანაზღაურების პარალელურად ბონუსებსაც გვაძლევენ. ზოგადად, ავსტრიულ გაზეთებთანაც ვთანამშრომლობ. რამდენჯერმე დამიბეჭდეს სხვადასხვა თემაზე სტატიები ისეთმა გამოცემებმა, როგორებიცაა Heute და Österreich. ზოგადად, საქართველოს თემით რთულია აქაური მასმედია დააინტერესო, რატომღაც დიდად მონდომებულები არ არიან ქართული ამბების გაშუქებით, თუმცა დაყოლიებაც შესაძლებელია. ბოლოს თბილისის მასშტაბურ სპეცოპერაციაზე დავწერე.

– მიხეილ, გერმანულ-ქართული ჟარგონის ლექსიკონი გააკეთეთ, რატომ გაგიჩნდათ თავში ასეთი, ცოტათი „ავანტიურული“ იდეა?

— ჰოო, ეს ძალიან სასიამოვნო თემაა ჩემთვის. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობ გერმანულ-ქართულ სლენგის, სასაუბრო ენის, ქუჩური გამოთქმების ლექსიკონზე. ის შევადგინე და ფაქტობრივად მზად არის გამოსაცემად. ეს იდეა დიდი ხნის წინ, პირველად გერმანიაში რომ მოვხვდი, მაშინ გამიჩნდა და მას შემდეგ სულ მინდოდა ამის გაკეთება. ჟარგონი ქართულად ცოტა ცუდად ჟღერს, თორემ რეალურად საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ ის ცუდი სიტყვებით გამოიხატებოდეს. პირიქით, სლენგზე, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი კარგი და ლამაზი სიტყვაა. დღეს გერმანული სასაუბრო ენა, რომელსაც umgangssprache ეწოდება, ფაქტობრივად სლენგური სიტყვებისა და ფრაზებისგან შედგება.

– და საქართველოს „ბაზარი“ თუ აითვისეთ სლენგის მხრივ?

— საქართველოში ამის სწავლის დეფიციტია. ჯერ ერთი, არ არსებობს არც ერთი ლექსიკონი, წიგნი, სადაც სიტყვები სასაუბრო ფრაზებით იქნება ნათარგმნი. გერმანული ენის შემსწავლელები შეიძლება კარგად ფლობდნენ გერმანულ სალიტერატურო ენას, მაგრამ გერმანიაში მოხვედრის შემთხვევაში ვერაფერს იგებდნენ, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში სალიტერატურო ენის პარალელურად სასაუბრო ენაც აქტიურად გამოიყენება. სწორედ ამ დეფიციტის შევსებას ემსახურება ჩემი სლენგის ლექსიკონი, რომელიც ულამაზეს სიტყვებსა და გამოთქმებს შეიცავს. დარწმუნებული ვარ, სტუდენტებსა და გერმანული ენის შემსწავლელებს დიდ დახმარებას გაუწევს გერმანული ენის შესწავლის უმძიმეს გზაზე. როგორც მოგეხსენებათ, გერმანული ენა ურთულესია, მარკ ტვენი ამბობდა, ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ გერმანული შეისწავლოო. ასე რომ, მეც ამ ენის ახალ-ახალ ნიუანსებს ყოველდღიურად ვსწავლობ.

– ვიცი, რომ ახლა ამზადებთ სტატიას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით…

— მასალას ვამზადებ გერმანული გაზეთისთვის welt. როგორც იცით, 2018 წელს საქართველოა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი. მასალას ვამზადებ ერთ გერმანელ ფოტოგრაფთან ერთად, რომელსაც ერთ-ერთი ღონისძიებიდან ვიცნობ. ის თავად დამიკავშირდა და შემომთავაზა ერთობლივი მუშაობა. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ახლა ქართველ მწერლებსა და ქართულ გამოცემებზე საინტერესო სტატიაზე ვმუშაობთ. იმედი მაქვს, კარგი გამოვა. დეტალების გახმაურება ჯერ არ მინდა, რადგან სამუშაო პროცესში ვართ. თუმცა ვიცი, რომ კარგი ნამუშევარი გამოგვივა.

– გერმანელებს თუ გააცანით თქვენი იდეა და ნამუშევარი?

— გერმანელი მწერალი ქალია ფრედერიკე შმუე, რომელიც საქართველოზე წერს. პირველად მას ვაჩვენე და ქალი შოკში ჩავარდა. ძალიან მოეწონა, აღფრთოვანდა და მითხრა, რაც შეიძლება მალე უნდა გამოსცეო. ამ ადამიანთან შეხვედრაც თავისებურად მოხდა: ნიურნბერგში ვიყავი გაცვლითი პროგრამით და ბიბლიოთეკაში წიგნების წამოსაღებად მივედი. ერთ-ერთი გერმანული ბესტსელერი იყო გამოფენილი. წავიკითხე – დეტექტიური რომანი იყო მიუნხენში მცხოვრებ გამომძიებელზე, რომელიც საქართველოში ჩამოდის. მასში მოქმედება საქართველოში ხდებოდა. წიგნი წამოვიღე და ერთ დღეში დავამთავრე. იმდენად კარგადაა დაწერილი, რომ მკითხველი მისი წაკითხვის მერე საქართველოთი დაინტერესდება. ამის შემდეგ ავტორს მივწერე, ძალიან გაუხარდა და თავის ქალაქში ბამბერგში (ამ ქალაქს გერმანულ ვენეციას ეძახიან) დამპატიჟა. ამის შემდეგ დავმეგობრდით. 2015-ში მასზე „მაესტროში“ გადაცემაც გავაკეთე.

– უცხო ქვეყანაში ადამიანი საკუთარ თავში მანამდე უცნობ შტრიხს აღმოაჩენს ხოლმე, როგორი მიშა ხაჩიძე „აღმოაჩინეთ“ გერმანიაში?

— ისევ ის მიშა ვარ, ვინც ვიყავი. ალბათ, გარკვეული ნიუანსები სხვანაირად, უკეთესად გაჯდა ჩემში გარემოდან გამომდინარე, უფრო მეტად დამოუკიდებელი და პრაქტიკული გავხვდი. თუმცა არ შევცვლილვარ და ალბათ არც შევიცვლები. არც მესმის იმ ადამიანების, სადღაც რომ წავლენ ცოტა ხნით და მერე სამშობლოში ძალიან სხვა ტიპები „იჩითებიან“. რაც ხარ ის უნდა იყო, შენი „მე“ და ეგო არ უნდა დაკარგო, შეიძლება ცოტა განვითარდე, დაიხვეწო, ცხოვრებას სხვანაირად შეხედო, მაგრამ სხვა ადამიანად ვერ გარდაიქმნები.

– ბოლოს ტრადიციული კითხვა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის: რა გენატრებათ?

— აქ ფანტასტიკური ებრაელი „დედობილი“ მარინა იაკობაშვილი მყავს. მარინა ქართველი ებრაელია ქუთაისიდან, საოცარი ადამიანია და, გარკვეული თვალსაზრისით, მონატრებას მივსებს. ჩემი დიდი მეგობარი, რომელიც ჩემმა ქართველმა მეზობელმა (რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კარის მეზობელი ქართველი, უკარგესი ქალბატონი მყავს) გამაცნო და მან საკუთარი ოჯახის წევრივით მიმიღო. მარინას დამსახურებით ქართული კერძებიდან არაფერი მენატრება. ყველაფერ ქართულს აკეთებს საოცრად, იმაზე კარგად, ვიდრე ქართველები საქართველოში. მონატრებით კი მენატრებიან ნათესავები, მეგობრები და გარემო. ორი წელია, რაც წამოსული ვარ და მანდ ხშირად ჩამოვდივარ. არის დღეები, როცა ვამბობ, ნეტავ, ახლა თბილისში ჩამაგდო–მეთქი. მანდაურობა ძალიან მიყვარს. ქართული სითბო, ჩახუტება და ურთიერთობები მენატრება…

წყარო: Sputkig-georgia.com

onalem

ტესტ