fbpx
საბერძნეთი

მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს

მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group, რომელიც, ძირითადად, ტურიზმის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების სფეროში ოპერირებს, საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, – ამის შესახებ ჰოლდინგის პრეზიდენტმა და ავიაკომპანია ELLINAIR-ის მფლობელმა ბორის მუზენიდისმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან იტყობინებიან, ბიზნესმენი, ძირითადად, საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებითა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნით არის დაინტერესებული, ასევე, სასტუმრო სექტორში შემოსვლას განიხილავს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, ასევე ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს. განსაკუთრებით აღინიშნა ის პოტენციალი, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით არსებობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტულ კომპანია Mouzenidis Group-ს 18 ქვეყანაში 80-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს. ავიაკომპანია ELLINAIR რეისებს ევროპის 12 ქვეყანაში ასრულებს, საქართველოში კი კუნძულ კრეტადან და თესალონიკიდან დაფრინავს. მსხვილი ბერძნული ჰოლდინგის მფლობელი, საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი ბორის მუზენიდისი, თბილისის შემდეგ, გუდაურსა და ბათუმში სტუმრობასაც გეგმავს.

onalem

ტესტ