fbpx
კრიმინალი

ლორა სმიტი გაუპატიურებულია – ექსპერტიზამ ქალის სხეულში მალხაზ კობაურის დნმ აღმოაჩინა

დასკვნის თანახმად, სმიტების 4 წლის შვილი მიბჯენით არის მოკლული

მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი გააუპატურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ ისმატ სმიტი კი თოფის მიბჯენით მოკლა — სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ოჯახის ადვოკატებს გადაეცათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რაიან სმიტისა და მისი მეუღლის, ლორას ცხედრები რამდენიმე დღის წინ იპოვეს ხადას ხეობაში, ხოლო მათი 4 წლის შვილის სამარხზე პოლიციას 19 წლის მწყემსმა მალხაზ კობაურმა მიუთითა. ბავშვის ცხედარი 9 ივლისს იპოვეს.

სამართალდამცველებმა კობაური იმავე დღეს დააკავეს და სმიტების ოჯახის მკვლელობაში დასდეს ბრალი. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული გამოძიების დასრულებამდე დააკავა.

ეს არ არის საბოლოო დასკვნა, უახლოეს მომავალში მზად იქნება კომპლექსური დასკვნის შედეგები და გამოძიება დამატებით დეტალებს შეიტყობს.

შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კობაურმა დანაშაული აღიარა, მაგრამ სასამართლოს დარბაზში კობაურმა თქვა, რომ სმიტები მას არ დაუხოცავს და დანაშაული ორმა უცნობმა მამაკაცმა ჩაიდინა.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

onalem

ტესტ