fbpx
საქართველო

ისრაელი დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალ რეგულაციას აამოქმედებს

საქართველოს, როგორც “უსაფრთხო ქვეყნის” აღიარებასთან დაკავშირებით, დღეიდან ისრაელში კიდევ ერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ უფლება გადაკვეთონ ისრაელის სახელმწიფოს საზღვრი და უწევთ სამშობლოში უკან დაბრუნება. შექმნილი ვითარება განპირობებულია იმით, რომ უმეტეს შემთხვევაში დასტურდება ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების არამიზნობრივი მგზავრობის ფაქტები, კერძოდ, ჩვენი მოქალაქეების ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად დარჩენისა და მუშაობის მიზნით გამგზავრების კუთხით.

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს როგორც “უსაფრთხო ქვეყნის” აღიარებასთან დაკავშირებით, მ.წ. 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია. ხსენებული რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები. ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის მიღების შემდგომ მიღებული შეტყობინების მიუხედავად – 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია – არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამკაცრებულია საზღვრის კვეთის პროცედურები. შესაბამისად, ისრაელში გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, თან უნდა იქონიონ:

მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები (მოწვევა ან იმ პირის ბინადრობის ნებართვის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით, სასტუმროს ჯავშანი ან იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ იცხოვრებთ თქვენს მეგობართან ან ახლობელთან, იმ სამედიცინო დაწესებულების დასტური, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას, სამოგზაურო ან სამედიცინო დაზღვევა და სხვ.);

მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკები ან მოქმედი საბანკო ბარათები და ა.შ.);

სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით (ავიაბილეთი, ქვეყნის შიგნით ავტობუსის ან მგზავრობის სხვა საშუალების ბილეთი და ა.შ.);

საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.

onalem

ტესტ