fbpx
კულტურა

გლდანში აღმოჩენილი არტეფაქტები, შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს

თბილისში, გლდანში აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

გლდანის ციხესთან ძველი სამარხი სანიაღვრე მილის დაზიანების შედეგად ჩარეცხილ მიწის ფენებში აღმოაჩინეს. ცნობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაწოდა. სააგენტოს ცნობით, პირველადი დათვალიერების შედეგად, სულ გამოვლინდა 4 სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი და ლითონის სამკაული.

“არქეოლოგების წინასწარი შეფასების მიხედვით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლებელია ელინისტურ ხანას (ძვ. წელთაღრიცხვის V – IV  საუკუნეებს) განეკუთვნებოდეს.  არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური  შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება.”, – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

ელინიზმი  მოიცავს გარკვეულ ისტორიულ ეპოქას ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან (ძვ. წ. 323 წ.) რომაელთა მიერ აღმოსავლეთ ხმლთაშუაზღვისპირეთის უკანასკნელი დიდი სახელმწიფოს – პტოლემეების ეგვიპტის – დაპყრობამდე (ძვ. წ. 30 წ.)

ელინიზმის ეპოქაში საქართველოზე გადიოდა ერთ–ერთი დიდი მსოფლიო სავაჭრო სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს აღმოსავლეთთან აკავშირებდა. ამ გზით საქართველოს სხვადასხვა ოლქში ვრცელდებოდა ბერძნული საქონელი: მხატვრული და სამეურნეო კერამიკა, ტორევტიკისა და გლიპტიკის ძეგლები, მონეტები. საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული როგორც ბარის, ისე მთის მოსახლეობაც, რაც ხელს უწყობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარე ქალაქების სავაჭრო–სახელოსნო ცენტრებად დაწინაურებას, ქვეყნის ინტენსიურ ურბანიზაციას.
გარესამყაროსთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას შედეგად მოჰყვა ელინისტური სამონეტო სისტემის დანერგვა: კოლხეთში დაიწყეს – ლისიმაქეს, ხოლო იბერიაში ალექსანდრე მაკედონელის სტატერების ოქროს მინაბაძის მოჭრა. ქალქებში ფართოდ გავრცელდა ელინისტური სამშენებლო წესები და არქიტექტურული ორდენის ელემენტები, საფორტიფიკაციო სისტემა და საკულტო თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობათა ზოგიერთი ტიპი, ქვისა და ბრინჯაოს ქანდაკებები და რელიეფები, ტერაკოტული პლასტიკა. ამზადებდნენ ბერძნული ტიპის სავაჭრო-სატრანზიტო ჭურჭელს – ამფორებს, აგრეთვე სათევზე ლანგრებს, სანელსაცხებლეებს და სხვ.

onalem

ტესტ