fbpx
საზოგადოებასაქართველო

გაკახელებული ლონდონელი და საქართველოში გადგმული ფესვები

ათან მოსი – ბრიტანელი შოუმენი და ივენთების ორგანიზატორი საქართველოში ლონდონიდან ჩამოვიდა. ერთ დღეს, ქართული ღვინით ხასიათზე მოსულმა ალაზნის ველს გახედა და მიხვდა, რომ უკან წასვლა აღარ უნდოდა.
დანარჩენს თავად გიამბობთ.

როგორც იქნა, ჩამოვფრინდი

მრავალი წლის წინ ოჯახის მეგობრებმა სიღნაღში სახლი იყიდეს და იქვე პატარა რესტორანი გახსნეს. დიდი ხნის განმავლობაში მაწვალებდა მათთან სტუმრობის სურვილი და სამი წლის წინ, როგორც იქნა, ჩამოვფრინდი.
დღემდე მახსოვს სურათი: მყუდრო რესტორანი, ჩვენს წინ გადაშლილი ალაზნის ველი და უგემრიელესი ქართული ღვინო… სულიერად ვისვენებდი, რაც ასე მაკლდა ლონდონში.
იმ პერიოდში საკმაოდ გადაღლილი ვიყავი ჩემი სამსახურით. ლონდონში ივენთების ორგანიზატორად ვმუშაობდი. ეს ღამის სამუშაოა, ხმაურიანი და მძიმე. სულიერი სიმშვიდე და განმარტოება მენატრებოდა და სწორედ ეს მივიღე სიღნაღში. ამიტომ, ცოტა ვიფიქრე თუ ბევრი, რაღაც დროით დარჩენა და მეღვინეობის შესწავლა გადავწყვიტე. მეგობრები სიამოვნებით დამპირდნენ დახმარებას.

ამბავი ერთი ქვევრისა

ყველაფერი ქვევრის ყიდვიდან დაიწყო. ეს მთელი თავგადასავალი გამოდგა. სოფელ-სოფელ დავდიოდი და ადგილობრივებს ვეკითხებოდი, ქვევრის შეძენა სად შეიძლება-მეთქი. „ვეკითხებოდი“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მე ქართულად ორიოდე სიტყვა ვიცოდი, კახეთის სოფლებში კი ინგლისურად ერთი-ორი კაცი თუ გაგეპასუხებოდა. ამიტომ ჟესტებს ვიშველიებდი და რადგან სიტყვა „ქვევრი“ კარგად მქონდა დასწავლილი, სათქმელსაც ვაგებინებდი ხალხს.

იცით რამ გამაოცა? ქართველების გულისხმიერებამ! ყველა გულწრფელად ცდილობდა დამხმარებოდა და აქტიური ჟესტიკულაციით მიხსნიდა რაღაცას.
ბოლოს და ბოლოს, ხანგრძლივი და დამქანცველი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, ქვევრების რაღაც „ფაბრიკას“ მივადექი. დიდი, პატარა, საშუალო, ფართო თუ ვიწრო ყელიანი… რანაირი ქვევრი აღარ მაჩვენეს, მაგრამ, აბა, მე რა ვიცოდი, როგორი მჭირდებოდა? ამიტომ გამყიდველს ვუთხარი, ყველაზე დიდი მანახე, ოღონდ ისეთი, ჩემს მანქანაში რომ ჩაეტიოს-მეთქი. იმანაც შემირჩია და მანქანაშიც ჩამატვირთინა.

კომიკური სურათი იყო: ქვევრს ყელზე თოკები შემოვახვიეთ, სავარძლებქვეშ ამოვატარეთ და მერე, თუ რამ გამოშვერილი ჰქონდა მანქანას, ყველაფერზე დავაბით. თითქოს მყარად იყო „მიჯაჭვული“, მაგრამ მთელი ეს კონსტრუქცია მაინც ძალიან საეჭვოდ მეჩვენებოდა და უკანა გზა ისე გამოვიარე, 30 კილომეტრზე მაღლა არ ამიწევია სიჩქარე. მოკლედ, კუსავით კი ვიღოღე, მაგრამ სამაგიეროდ ძლივს ნაშოვნი ქვევრი საღ-სალამათად ჩავიტანე ადგილზე.

 მაგრამ ეს თურმე მხოლოდ დასაწყისი იყო…

რაღა თქმა უნდა, ღვინის მაშინვე დასაყენებლად მზად არ ვიყავი. მე კი არა, ზოგჯერ გამოცდილ მეღვინეებსაც არ გამოსდით კარგი ღვინო. თანაც, რაღაცით ხომ უნდა მეცხოვრა? ჰოდა, მეგობრებმა შემომთავაზეს, მოდი, ჩვენზე იმუშავე და სიდრი დაამზადეო. სიხარულით დავთანხმდი.

მაგრამ… სიდრის პირველი პარტია დამიძმარდა. გული კი დამწყდა, მაგრამ სასოწარკვეთას არ მივცემივარ. მომდევნო ცდა წარმატებული გამოდგა. დღეს კი ისეთ სიდრს ვაკეთებ, რომ სიღნაღელები კი არა, თბილისელებიც ვერ იწუნებენ – იქაც ვასაღებ პროდუქციას.
მერე თანდათან გავიაზრე, რომ მომწონს ასეთი მშვიდი და რაღაცნაირად თანაბარი ცხოვრება; მომწონს „ქვეყნის დასალიერში“ ყოფნა და ფანჯრიდან დათოვლილი, დიდებული მთების ცქერა; მომწონს, რომ ახლა საკუთარი ცხოვრება მე მეკუთვნის და თავად ვარ საკუთარი დროის განმკარგავი; მომწონს, რომ ჩემი სახლი ტყეში დგას და ბუნებასთან ჰარმონიაში ვცხოვრობ… ამის ფუფუნება ლონდონში ნამდვილად არ მქონდა.

მოკლედ, საქართველოში ფესვების გადგმა გადავწყვიტე. კახეთის შორეულ სოფელში პატარა სახლი ვიყიდე, სადაც სულ 30 ოჯახია, და ახლა ნამდვილად ქვეყნის დასალიერში ვცხოვრობ.
ძეხვი, მაცივარი საძინებელში და მეურნეობა
სადილების კეთება მიყვარს. თავად ვიმზადებ იაპონურ მისოს (სუფი „ლაფშითა“ და კვერცხით) თუ იტალიურ კარბონარას. კიდევ ძეხვეულის გაკეთებაც მიტაცებს. მივხვდი, რომ აქ უკვე შემეძლო, საყვარელი საქმიანობისთვის მიმეყო ხელი.
შევიძინე ორი სპეციალური მაცივარი, რომლებიც საძინებელში მიდგას… ჰო, რა გაცინებთ, მიყვარს ღამ-ღამობით ბუტერბროდების ჭამა… განა მართლა, ვხუმრობ. უბრალოდ, ეს ერთადერთი ოთახია ჩემს სახლში, რომელსაც ფანჯრები არ აქვს, ძეხვეულს კი სინათლე არ უხდება. ამიტომაც „გავამწესე“ მაცივრები საძინებელში.

მერე რამდენიმე ღორი ვიყიდე, გავამრავლე და ძეხვის, ბეკონის, სალიამის, სალის პირველი პარტიაც დავამზადე. როგორც აქ იტყვიან, ხელიდან გამტაცეს ყველაფერი. ამიტომ კიდევ ვიყიდე ღორები და ძეხვეულის დამზადება განვაგრძე.
ის კი არა, ბრენდადაც ვაქციე ჩემი ძეხვები. სახელზე ბევრი არ მიფიქრია. ნებისმიერ აქაურ ბაზარში კლიენტების ლამის 95% აუცილებლად კითხულობს: „ეგ საიდანაა?“ ჰოდა, მეც ეგრე დავარქვი ჩემს ძეხვეულს: „ეგსაიდანაა“.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ…

საქმისა და სამსახურის გარდა ადამიანს მეგობრები სჭირდება, ახლობლებთან ურთიერთობა. ალბათ არც დავფუძნდებოდი საქართველოში, ხალხი რომ არ მომწონებოდა. აქ კარგი მეგობრებიც შევიძინე და… საყვარელი ქალიც. თბილისში გავიცანი და რამდენიმე წლის შემდეგ დავქორწინდით კიდეც.
აი, ასე მაჩუქა პატარა საქართველომ ყველაფერი, რაც ესოდენ ძვირფასია ჩემთვის: ოჯახი, სახლი, საქმე..

 

ამიტომაც ნამდვილი „შინა“ აქ მაქვს, აქაა ჩემი სახლი, აქ ვარ მე ბედნიერი!

წყარო: www.sputnik-georgia.com

 

onalem

ტესტ