ემიგრანტი ქართველებისთვის — ერთი უცნობი ფურცელი საბერძნეთში ებრაელი ️ხალხის ისტორიისა
თესალონიკში, მეორე მსოფლიოს ომის დასაწყისისთვის, ძალიან ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, რის გამოც მეორენაირად, მას „ბალკანეთის იერუსალიმსაც“ კი უწოდებდნენ…
*
[ 2018 წლის 30 იანვარს ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა სიმბოლურ ადგილას, თესალონიკის ძველი რკინიგზის სადგურის მახლობლად ასაშენებელი, ხოლოკოსტის მემორიალური მუზეუმის საძირკვლის ქვა ჩადეს და ზეთისხილის ხეები დარგეს. მუზეუმის მშენებლობას 10 მილიონი ევროთი დააფინანსებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კიდევ 10 მილიონით – „სტავროს ნიარხოსის“-ს ფონდი…]
*
1942 წელს, ნაცისტებისგან ოკუპირებულ თესალონიკში გავრცებული ხმები, ებრაელებისგან ქალაქის გაწმენდის შესახებ და ის, რომ ძველ რკინიგზის სადგურზე ვაგონები გროვდებოდა, მართალი გამოდგა, რასაც თან მოჰყვა ებრაული სასაფლაოს წაბილწვა და ნიურნბერგის, ეროვნებების მიხედვით რასების დაყოფის შესახებ კანონის განხორციელება. მიუხედავად ამისა, თესალონიკის ებრაული სათვისტომოს მთავარმა რაბინმა, კორეცმა საკუთარი მრევლი დაარწმუნა, რომ ყველა ებრაელს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გადაიყვანდენ, ახალი ცხოვრების დასაწყებად.
*
1943 წლის 6 მარტს თესალონიკის პირველი, ნაცისტური ბანაკი ამოქმედდა. კომპლექსი, რომელიც ბარონმა ხირშმა ააშენა 1890 წელს, დიდი ხანძრისაგან უსახლკაროდ დარჩენილთა თავშესაფრად, გერმანელი სამხედროების მიერ ფიცრითა და მავთულხლართებით აიჭედა და შემოიღობა, ჩაიდგა საგუშაგო პუნქტები. კომპლექსს სახელად ბარონ ხირშის სატრანსფერო საკონცეტრაციო ბანაკი დაერქვა და სწორედ მას განეკუთვნა ფუნქცია, სიკვდილის ბანაკებისკენ გადასაგზავნ ადამიანთა მოგროვების პუნქტად გადაქცევისა.
*
ბევრიც არ დაუყოვნებიათ – 15 მარტს, 40 დახურულ ვაგონში, რომლებიც ცხოველების გადაყვანისთვის იყო განკუთვნილი, 2800 ადამიანი შეჰყარეს, რომელთაც ეგონათ, რომ კრაკოვში მიემგზავრებოდნენ. 8 დღის მგზავრობის შემდეგ, ჩარაზული ვაგონები აუსვიცში გაიხსნა. მატარებლიდან ჩამოდიოდნენ – კაცები, ქალები, ბავშვები – ისე, რომ არც იცოდნენ, სად იმყოფებოდნენ, თავბრუდახვეულნი, დამბლადაცემულნი ამ საშინელი მგზავრობისგან. ზოგი, „ბედნიერი“ მათგანი (რადგან შემდგომ ტანჯვა-წამებას გადაურჩა), პირდაპირ გაზის კამერაში მიჰყავდათ…
*
ბარონ ხირში დაიცალა… მეორე დღეს ისევ შეივსო (უმრავლესი ებრაელი თავის ფეხით მიდიოდა, ოჯახებით), ხოლო შემდეგ დღეს, 1943 წლის 17 მარტს მეორე ეშელონი გაუდგა გზას – „ნათელი მომავლისაკენ“ — ასე, 1943 წლის 7 აგვისტომდე, სანამ უკანასკნელი სალონიკელი ებრაელი არ გაუყენეს საკონცენტრაციო ბანაკებისკენ მიმავალ სიკვდილის რელსებს, იმ ნაციისა, რომელთაგან პირველმა წარმომადგენლებმა მაკედონიაში ფეხი ქრისტეშობამდე 513 წლით ადრე, 24 საუკუნის წინ დაადგეს, მესპოტამიიდან გადმოსახლებულებმა, ხოლო თესალონიკში ქალაქის დაარსებისთანავე იყვნენ…
*
ნაცისტთა გეგმა წარმატებით შესრულდა — საბერძნეთის ებრაელთა 90% ამოწყვეტილი იქნა – 1943 წლის აგვისტოდან აღარაფერი ირწმუნებოდა ებრაელების თესალონიკში არსებობის შესახებ – მხოლოდ ცარიელი სახლები, მაღაზიები, გაუკაცრიელებული სინაგოგა, გავერანებული, კარებმოგლეჯილი სასაფლაო…
*
ჯამში, 50 ათასამდე ადამიანიდან, უკან, ცოცხალი, 2000-მდე დაბრუნდა მხოლოდ, 4%… მათ შორის იყო ჟაკ შტრუმსაც, ისტორიაში შესული როგორც „აუსვიცის მევიოლინე“, ვინაიდან იძულებული იყო ბირგენაუს საკონცენტრაციო ბანაკის ორკესტრში ვიოლინოზე დაეკრა, სანამ მისი თანამემამულეები კრემატორიუმებში მიჰყავდათ… დაბრუნდა, ახალი ოჯახი შექმნა, მე-2 მსოფლიო ომის საშინელებებზე წიგნიც დაწერა და, 50 წლის შემდეგ, აუსვიციც მოინახულა, პანიკური შიშის მიუხედავად, აცრემლებულმა… მეტიც – სწორედ ის მელოდია – „მე მწამს“ – შეასრულა ვიოლინოზე…
*
[… „მე მწამს, რომ სხვაობა დალოცვასა და შეურაცხყოფას, კეთილშობილებასა და ბოროტებას შორის არჩევანია, რომლისკენ გზა ხსნილია ყველა ერისთვის და ასევე, შესაძლებლობა, შესთავაზო პროგრესი და კეთილდღეობა კაცობრიობას, ესეც არჩევანია – თითოეული ადამიანის არჩევანი“,— განაცხადა, თესალონიკში სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა]
*
თქვენ კი ემიგრაციაო… ხდებოდა (და ხდება) უარესებიც კი…
წყარო: გია კვარაცხელია