fbpx
ემიგრაციასაზოგადოება

“ბინაზე 4.000 ევრო მაკლდებოდა, მითხრა, კონვერტში ფულია და აიღეო” – ქართველი ემიგრანტის ხელგაშლილი “ბაბუა”

52 წლის შორენა კორტავა 12 წელი საბერძნეთში იყო. იქ სხვისი პასპორტით შეიპარა და ბევრი გასაჭირიც გადაიტანა. სამშობლოში დაბრუნება უნდა, თუმცა უმუშევრობის შიში აბრკოლებს. ახლა ამერიკაში ცხოვრობს…

მისი ქალიშვილი 10 წლის იყო, როცა შორენა საქართველოდან წავიდა და ემიგრანტის მძიმე გზას დაადგა. ამ 15 წლის განმავლობაში საქართველოში, მის ოჯახში უამრავი რამ ხდებოდა – შვილმა სკოლა დაამთავრა, მერე – მაგისტრატურა, დაინიშნა, გათხოვდა… ამ მნიშვნელოვან მომენტებში შორენა ქალიშვილის გვერდით არ იყო. მისი ყველაზე დიდი ტკივილი კი დედას უკავშირდება, რომელიც საფლავის კარამდე ვერ მიაცილა.

– შორენა, ყველა ემიგრანტს უცხოეთამდე თავისი გზა აქვს გავლილი, ზოგს – ადვილი, ზოგს – ძნელი. თქვენი წასვლის ისტორია როგორია?

– საქართველოდან 2003 წელს წავედი. სამჯერ უარი მითხრეს საბერძნეთის საელჩოში, არ გამიშვეს, მაგრამ მაინც წავედი. სხვისი პასპორტით გადავედი. ახლა ვეღარ გადახვალ ასე, თორემ მაშინ ათასი გზა არსებობდა ამ ქვეყანაში შეპარვისა. ხალხი ავტობუსის საბარგულში იმალებოდა, რას არ აკეთებდნენ.

მე არ დავმალულვარ. სხვის პასპორტში ჩემი ფოტო იყო ჩაკრული და ისე შევედი.

– ეს ფაქტობრივად დანაშაულია. რამ გაიძულათ ასე მოქცევა?

– თითქმის 9 წელი გარდაბნის საგადასახადო ინსპექციის ბუღალტერიაში ეკონომისტად ვიმუშავე. თითქმის 9 წელი ვიმუშავე. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში როგორი დაბალი ხელფასებიც იყო – 150 ლარს ვიღებდი. ამ თანხით შეუძლებელი იყო ოჯახის რჩენა. თანაც მარტოხელა დედა ვიყავი და შვილის მომავალზე უნდა მეზრუნა.

24 საათი ვმუშაობდი, დასვენების დღე და შვებულება არ არსებობდა ჩემთვის. არც იმის წინააღმდეგი ვიყავი, რომ ქარხანაში მემუშავა, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობდა და ვიცოდი, კიდევ დიდხანს არც იქნებოდა. წლები მემატებოდა, ბავშვი იზრდებოდა… ამიტომაც გადავწყვიტე, საზღვარგარეთ წავსულიყავი.

– საბერძნეთში ჩასულმა სხვისი პასპორტით გააგრძელეთ ცხოვრება?

– არა, იმ პასპორტში ჩარტყმულ ვიზას ვადა რომ გაუვიდა, გადავაგდე. 5 წლის მერე უსაბუთობის გამო დამიჭირეს. 2 კვირა ვიყავი დაკავებული და ადვოკატის დახმარებით გამოვედი. სადაც ვმუშაობდი, იმ ოჯახმა ამიყვანა ადვოკატი და ე.წ. წითელი ბარათი გამიკეთა. ეს საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი საბუთია. 6 თვეში ერთხელ უნდა განაახლო და ხმას ვერავინ გაგცემს.

– ამერიკაშიც შეიპარეთ?

– არა. ექვსთვიანი ვიზა გავაკეთე და ისე ჩამოვედი. ახლა უსაბუთოდ ვარ. აქ თუ არაფერი დააშავე, არავინ გერჩის. თავიდან, პოლიცია რომ დავინახე, კანკალი დავიწყე. ბაბუამ მითხრა, რატომ კანკალებ, ჩემ გვერდით ხმას არავინ გაგცემს, თუ რაიმე საშინელება არ ჩაიდინეო.

აქ ყველა გესალმება და გიღიმის. უცხო ადამიანი ისე მოგიკითხავს, გაოცებული დარჩები. ყველასგან დადებითი აურა მოდის და ეს ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ჩემი საქართველო მაინც ყველაფერს მირჩევნია და სულ ვამბობ, პენსიას საქართველოში შევხვდები-მეთქი. იმედია, 7 წელიწადში მაინც დავბრუნდები.

– როცა საბერძნეთში გაემგზავრეთ, შვილი ვისთან დატოვეთ?

– ჩემს დასთან, რომელმაც ძალიან კარგად გაზარდა. მადლობა ღმერთს, რომ კარგი შვილი მყავს. მას ორი დედა ჰყავს – მეც დედას მეძახის და ჩემს დასაც.

– საბერძნეთში ჩასულს რა რეალობა დაგხვდათ?

– იქ ჩემი მეგობრები ცხოვრობდნენ და ისინი დამხვდნენ. გამაფრთხილეს, რომ შორიდან ლამაზად ჩანდა ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. თავიდან კუნძულზე, კერძო სასტუმროში დავიწყე მუშაობა. ვალაგებდი და იქ იმდენად არ გამჭირვებია. 10 ნომერი იყო და ტურისტები მოდიოდნენ. შრომატევადი საქმე იყო, მაგრამ მათი ენა არ მჭირდებოდა და კმაყოფილი ვიყავი.

ენა თუ არ იცი, რთულია სამსახურის შოვნა. მოხუც ქალთან რომ დავიწყე მუშაობა, რომ მეუბნებოდა, წადიო, მივდიოდი და პირიქით. რაღაცაზე რომ მეტყოდა, ის მომიტანეო, სხვა რამე მიმქონდა და გაგიჟდა ქალი. 3 დღეში გამოვიქეცი. ამ ქალმა რენა შემარქვა, შორენას ვერ ამბობდა. 12 წელი რენად მიცნობდნენ საბერძნეთში.

მერე მოხუც კაცთან დავიწყე მუშაობა. 500 ევროს მიხდიდნენ, რაც ძალიან ცოტა იყო. თვეების მერე ქალთან ვიშოვე სამსახური. იქ არაფერი მევალებოდა, მხოლოდ ბებიას ვუვლიდი და ერთ თავ საჭმელს ვაკეთებდი მისთვის.

იმ პერიოდში ჩამოვიდა ჩემი დისშვილი და იძულებული გავხდი, სამსახური შემეცვალა, რომ ერთ სახლში გვეცხოვრა. მე ბაბუას ვუვლიდი, მის შვილიშვილებს – ჩემი დისშვილი.

ერთ წელიწადში დაიღუპა ის ბაბუა და მაშინ გადავწყვიტე, ავადმყოფებისთვის აღარ მომევლო. ჩემს ხელში მოკვდა ის კაცი და ისე განვიცადე, ვთქვი, ამას ხელმეორედ ვეღარ გადავიტან-მეთქი. საკუთარ მამასავით ვუვლიდი და თვითონაც არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, უზომოდ კარგი ადამიანი. ცდილობდა, ჩემთვის შეემსუბუქებინა მდგომარეობა. 3 თვე საავადმყოფოში გავატარეთ და სულ მეხვეწებოდა, წადი და დაისვენეო. ვეუბნებოდი, მაინც ვერ დავისვენებ სახლში და მირჩევნია, თქვენთან ვიყო-მეთქი.

ამის მერე დალაგება დავიწყე, რაშიც ამ მოხუცის ოჯახი დამეხმარა. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ და მათთან ურთიერთობა დღემდე მაქვს. 3 წელი მაინც მათ ოჯახში ვცხოვრობდი და ყველანაირად გვერდით მედგნენ. საჭმლის ფულიც არ მეხარჯებოდა. მეუბნებოდნენ, შენ სახლი უნდა იყიდო და შვილს უნდა მიხედო, ჩვენ ხელს შეგიწყობთო.

მათი ყველა ნათესავის სახლს მე ვალაგებდი. ორი ძმა იყო, ხან ერთის სახლში მეძინა და ხან – მეორის. დღის განმავლობაში გავდიოდი და სხვების სახლებსაც ვალაგებდი. 9 წელი ყოველდღე ორ სახლს ვალაგებდი, დასვენების დღე საერთოდ არ მქონდა. საშინლად გადავიღალე, ფსიქოლოგიურადაც გავნადგურდი და ფიზიკურადაც.

ძნელია საბერძნეთში სახლების დალაგება. 7 საათი ერთ სახლს ალაგებ, მერე დაღლილი ავტობუსში ჯდები და, მეორე სახლი რომ ალაგო კიდევ 7 საათი, იქ მიდიხარ. ახალგაზრდა ვიყავი და დაღლას ვერ ვგრძნობდი.

– შვილი რამდენი წლის მერე ნახეთ?

– 5 წლის შემდეგ მოვახერხე, საბერძნეთში ჩამეყვანა. 5 წლის მერე კიდევ ჩავიყვანე. 2 წლის მერე კი მე დავბრუნდი საქართველოში. დედაჩემი იყო ცუდად და მეხვეწებოდა, ჩამოდი, ისე არ მოვკვდე, რომ ვერ გნახოო. 9 თვე მასთან გავატარე.

მერე ამერიკაში წამოვედი. დედა წელიწადნახევრის შემდეგ დაიღუპა. საშინელებაა, როცა მშობელს უკანასკნელ გზაზე ვერ აცილებ. მოვდიოდი და ვიცოდი, რომ ვეღარ დავბრუნდებოდი მის სიცოცხლეში… ენით გამოუთქმელია ტკივილია ეს…

– ამერიკაში სამუშაო მალე იშოვეთ?

– აქ რომ ჩამოვედი, უკვე დალაგების თავი აღარც მქონდა. გადავწყვიტე, საშუალო ხელფასზე მემუშავა და ძალიან არ დავღლილიყავი. ჩამოვედი თუ არა, ორ დღეში უკრაინელი ებრაელი მამაკაცის ოჯახში შევედი. ყოველდღე მაგდებდა სახლიდან. ცოლი მკვდარი ჰყავდა და სხვა ქალს ვერ იტანდა სახლში. 2 წელი მათთან, ბოსტონში ვიცხოვრე და ისიც ჩემს ხელში მოკვდა.

ამის მერე 8 თვე კიდევ სხვაგან ვიმუშავე და 4 თვის წინ ნიუ ჯერსიში ჩამოვედი, ამერიკულ ოჯახში. ხელფასი კი დაბალია, მაგრამ მინდა, ენა ვისწავლო. როცა ენა არ იცი, შინაგანად დაძაბული ხარ. თან ძალიან კარგი ადამიანები არიან. კარგი ბებიაა, მეც მშვიდად ვგრძნობ თავს, მაგრამ ჩემი ქვეყანა მენატრება ძალიან, ჩემი სოფელი, შვილი, მეგობრები…

ცუდად არ გამიტარებია ემიგრანტული ცხოვრება. ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ და მშივრებიც კი არიან. ჩემთვის ყველაზე რთული მონატრების შეგრძნება იყო. შვილმა სკოლა რომ დაამთავრა, ვერ ვნახე, უმაღლესში ჩააბარა და დაამთავრა, მის გვერდით არ ვიყავი… მაგისტრატურა დაამთავრა და ვერც მაშინ ვნახე. სადოქტოროზე მოეწყო… შინაგანად ნადგურდები ამ დროს.

ერთადერთი, რითიც თავს ვიმშვიდებ, ის არის, რომ ჩემს შვილს გზა გავუკაფე. იმედი მაქვს, საქართველო წინ წავა და მას კარგი მომავალი ექნება.

– ემიგრანტი დედების კიდევ ერთი ტრაგედიაა შვილების გაუცხოება. მათ მატერიალურად უზრუნველყოფენ, მაგრამ სულიერ სიახლოვეს კარგავენ. თქვენ როგორი დედაშვილობა გაქვთ?

– მსგავსი პრობლემა არ გვქონია. ყოველდღე ვლაპარაკობთ. 8 თვის გათხოვილია უკვე და დღემდე ერთმანეთს ყოველდღე ყველაფერს ვუყვებით.

ჩემი გოგო მომავალი ჟურნალისტია და იცის, ბევრი გადავიტანე, რომ მისთვის ყველანაირი პირობა შემექმნა. ერთხელ დავურეკე და მეუბნება, ტელეფონზე დედას ველაპარაკებიო – ჩემს დას გულისხმობდა. მკითხა, ხომ არ გწყინსო. არა, დეიდას დედის სუნი აქვს-მეთქი, ვუპასუხე.

სიცარიელეს ვგრძნობ, მაგრამ თავს ვამშვიდებ იმით, რომ შვილის მომავალს უზრუნველვყოფ. არ მინდა, ის გამოიაროს, რაც მე გამოვიარე. ჩემს გოგოს არ აქვს სურვილი, სხვა ქვეყანაში იცხოვროს. მინდა, ჩემი შვილიშვილები საქართველოში დედასთან ერთად გაიზარდონ და ჩემს შვილს სხვაგან წასვლა არ მოუწიოს მათი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩემმა გოგომ ჟურნალისტიკისა და ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტები დაამთავრა. ასევე მაგისტრატურაში – მედიის სკოლა და ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურაშია პირველ კურსზე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

უფალს მადლობას ვწირავ, რომ ერთი კარგი საქმე მაინც გავაკეთე. რამდენიმე სამსახურშიც იმუშავა – პრესაში, რადიოში, ტელევიზიაში, უსინათლოთა კავშირში… ამჟამად სხვადასხვა უნივერსიტეტებში კვლევებზე მუშაობს ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს მაგალითებზე.

– სხვა ქართველების ყოფა როგორია საბერძნეთსა და ამერიკაში?

– იმდენად გადატვირთული რეჟიმით ვმუშაობდი საბერძნეთში, რომ იქ მცხოვრები ქართველების თავშეყრის ადგილზეც ვერ გავდიოდი. მხოლოდ მაშინ მივდიოდი, როცა ფულის გაგზავნა მჭირდებოდა. ბოსტონში მხოლოდ ორ ქართველს ვიცნობდი და მათაც იშვიათად ვხვდებოდი. აქ ეს ოჯახი მაშინ მაძლევს დასვენების დროს, როცა აწყობთ. თავიდანვე ასე ვიყავით მოლაპარაკებული. შვილები ბევრს მოგზაურობენ და ბებია ხომ უნდა იყოს ვიღაცასთან. თვეში ორ დღეს ვისვენებ – ორ კვირაში ერთხელ. ახლა ჩემი დაც აქ არის და მასთან მივდივარ ხოლმე.

იცით, ყველაზე მეტად რაზე წუხან ქართველები? უფრო ადრე ჩამოსულები არ ეხმარებიან ბოლოს ჩამოსულებს და მათ ბევრი სიძნელის გადალახვა უწევთ. ამერიკა ისეთი ქვეყანაა, უჭკუოს გარდა უმუშევარი არავინ დარჩება. არ მინდა, გავითქვიფო არც ცუდებში და არც კარგებში. ერთმანეთს გადააგდებენ ხოლმე, სამსახურებს ართმევენ… ზოგს ჰგონია, ჩამოვა თუ არა, 5.000 დოლარიან სამსახურს იშოვის. არადა იქამდე ნელ-ნელა უნდა ახვიდე.

– ბერძნები როგორები არიან?

– თბილი ხალხია, მაგრამ ქართველებს ვერც შევადარებ. მათთვის წარმოუდგენელია, დედამ შვილს ფული გაუგზავნოს ან დამ დას ფული აჩუქოს. მეუბნებოდნენ, რაც შენ ფული გაქვს გაგზავნილი დედმამიშვილებისთვის, იქ რომ ჩახვალ, ალბათ ყველა დაგიბრუნებსო. გაოგნებული შევხედავდი ხოლმე.

დისშვილს ქორწილზე დიდი თანხა ვაჩუქე და გაუკვირდათ. თავისებურები არიან. ხომ ასე აზროვნებენ, მაგრამ მე რომ მჭირდებოდა ბინის საყიდლად ფული, ის ბერძენი ბაბუა, ჩემს ხელში რომ მოკვდა და გული დამწყვიტა, ძალიან დამეხმარა. ერთხელ ვთქვი, 4 ათასი ევრო მაკლდება-მეთქი. მითხრა, პურის თეფში რომ არის, იმის ქვეშ კონვერტით ფული დევს და აიღეო. 4 ათასი ევრო იყო.

– გაჩუქათ?

– არა, 4 ათასს რომ არ მაჩუქებდა, დარწმუნებული ვიყავი. ყოველ თვე 1.000 ევროს მიქვითავდა. ბოლოს, ერთი თვე რომ დამრჩა, მითხრა, ჩემს სახელზე ახალ ბინაში ახალი ნივთი შეიტანეო.

– მაინც ხელგაშლილი ყოფილა.

– დიახ, ის კარგი კაცი იყო. ეს მოხუცი რომ გარდაიცვალა, მისმა შვილმა დასასვენებლად წამიყვანა. ზოგი ბერძენი უხეშიც არის, მაგრამ რა, ქართველებში არ არიან უხეშები?

ამერიკაში რომ ბაბუასთან ვმუშაობდი და ის გარდაიცვალა, იმ დღეს თან ვტიროდი და თან ბედნიერი დღე მქონდა. ჩემმა შვილმა დამირეკა, დავინიშნეო. 4 წელიწადი შეყვარებულები იყვნენ. ეს ამბავი რომ გავიგე, სიხარულისგან ტირილი ამივარდა. იმ საღამოს გარდაიცვალა ბაბუა.

ჩემს თავს ვტიროდი, 2 კვირა მაინც დაეცადა, რომ ხელფასი ნორმალურად ამეღო-მეთქი. მისმა შვილებმა მადლობა გადამიხადეს და კონვერტი მომაწოდეს, სადაც ერთი თვის ხელფასი იყო. ზუსტად ერთი თვე დავრჩი მაშინ უმუშევარი. მათ სახლში ვცხოვრობდი ის ერთი თვე და თან მყვებოდნენ.

მათ მერე, ბებიასთან რომ ვიმუშავე, მასთან სულ ვჩხუბობდი. მეუბნებოდა, ჩემი სახლის დიასახლისობა გინდაო. იქიდან მალე წამოვედი. ახლა კი ყველაზე კარგად ვარ. ბებია კი არის მოწყვეტილი წელქვემოთ და მისი დაბანვა და მოვლა მიწევს, მაგრამ ეს არაფერია. საჭმელებს ხშირად მისი შვილი ამზადებს. მადლობა ღმერთს, სამსახურებში მაინც გამიმართლა.

onalem

ტესტ