fbpx
საქართველო

ბერძნული ტელეკომპანია, Open TV, საქართველოს შესახებ: ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით გარდაცვლილი არ ჰყავს

ერთ-ერთ წამყვან ბერძნულ ტელეკომპანიაზე, Open TV, საქართველოს შესახებ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით გარდაცვლილი არცერთი პაციენტი არ ჰყავს. ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში ჩართო ქალბატონი ევგენია კოტანიდი, რომელიც საქართველოში ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარეა.

“ჩვენ ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ საქართველოში ვიმყოფებით და ძალიან სწორად თქვით, ამ დროისთვის გვყავს მხოლოდ 110 ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი. ეს დაუჯერებელია, მაგრამ ამასთანავე, უნდა ვთქვა, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში, რომელიც ევროპის კავშირშიც კი არ არის, საუკეთესო სპეციალისტებმა და ინფექციონისტებმა ძალიან სწრაფად დაამყარეს უშუალო კონტაქტი სახელმწიფოსთან და ახლა ეს შედეგები გვაქვს. დღეიდან ამოქმედდა გადაადგილების აკრძალვა, მაგრამ სახელმწიფომ თებერვლიდანვე დაიწყო პატარა ნაბიჯების გადადგმა, რომ გვქონოდა ის მდგომარეობა, რომელიც ახლა ფიქსირდება. 

ჩვენ შეზღუდულები ვართ გადაადგილებასთან დაკავშირებით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე საერთოდ არ გვაქვს უფლება, რომ გადავაადგილდეთ. არც აფთიაქში, არც სუპერმარკეტში, არც არანაირი სხვა მიზეზით არ გავდივართ გარეთ. და ეს კანონი მოქმედებს მთელ საქართველოში. დილის 06:00 საათის შემდეგ კი დასაშვებია მხოლოდ საყიდლებზე და აფთიაქში გასვლა. 

მინდა გამძლეობა გისურვოთ და ბერძნებისგან მოკითხვა გადმოგცეთ როგორც საბერძნეთში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყოფი ბერძნების მიმართულებით,” ამბობს კოტანიდი.

როგორც ბერძენი ჟურნალისტი აღნიშნავს, ისინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს მიადევნებენ და თუ ეს ქვეყანა შეძლებს კორონავირუსის პანდემიის დაძლევას გარდაცვლილის გარეშე, ეს იქნება მსოფლიოს იშვიათი მაგალითი.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ