fbpx
მსოფლიოსაქართველო

BBC პიცის ქართველ “ნათესავზე”: ხაჭაპურს ბედნიერი ადამიანები აცხობენ

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გემრიელი ხაჭაპურის საიდუმლო ამოხსნეს – მას ბედნიერი ადამიანები ამზადებენ

ბრიტანული გამოცემა “ბი–ბი–სის“ (BBC) მიმომხილველმა დევიდ ფეირლიმ საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ქართული კერძის, ხაჭაპურის მომზადების ზოგიერთი დეტალის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ფეირლი წერს, რომ ყველისა და ცომისგან მომზადებულ ხაჭაპურს ყველგან და ყოველთვის ნახავთ.

თავის სტატიაში ის აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი ცუდ ხასიათზეა, ის არ უნდა შეეხოს ცომს, არ უნდა მოზილოს, რადგან განწყობა ხაჭაპურზე აისახება და მისი გემო სხვანაირი იქნება.

“მისი გასინჯვისას ამას აუცილებლად შეამჩნევთ. ეს ჩემმა მეგობარმა მაკო ქავთარაძემ მითხრა. არ დავიჯერე. ხაჭაპურის საჭმელად რიკოთის უღელტეხილზე გავჩერდით. მაკომ, თავისი სიტყვების დასამტკიცებლად, შემიყვანა სამზარეულოში, მითხრა, რომ მაჩვენებს ქალს, რომელიც ხაჭაპურს აცხობს. გარანტია მომცა, რომ, რამდენადაც მხიარული იქნებოდა ეს ქალი, იმდენად გემრიელი გამოვიდოდა ხაჭაპური. სამზარეულოს სკამზე იჯდა ქალი და ცომს ზელდა. როცა დაგვინახა, სახე გაებადრა. მაკომ თქვა, რომ ის ბედნიერია. თუ ხაჭაპურს ბედნიერი ადამიანები აცხობენ, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანებს ბედნიერებად აქცევს“, – დაწერა ფეირლიმ.

ჟურნალისტს მაგალითად მოჰყავს ასევე კვლევებისა და გამოკითხვების შედეგები, რომლის მიხედვით ქართველების 88% პიცას ხაჭაპურს ამჯობინებს.

ფეირლი აღნიშნავს, რომ ხაჭაპური იმდენად პოპულარულია საქართველოში, რომ ეკონომისტები ინფლაციის მონიტორინგს ახორციელებენ ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასების მიხედვით: ფქვილის, ყველის, კარაქის, კვერცხის, რძისა და საფუარის.

ხაჭაპურის წარმოშობაზე ისტორიკოსები დღემდე დავობენ. მწერლის, ქართული კულინარიის აკადემიის პროფესორ დალი ცანავას თქმით, ხაჭაპური შეიძლება პიცის ნათესავი იყოს. კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროზე მოსულმა რომაელმა ჯარისკაცებმა პიცის მსგავსი კერძი ჩამოიტანეს.

„როგორც იცით, ევროპაში მე–16 საუკუნემდე პომიდორი არ ყოფილა, ამიტომ, პიცის მსგავს კერძს პურისა და ყველისგან ამზადებდნენ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირი ხაჭაპურია. იმერეთში ხაჭაპურს ჭყინტი ყველისგან ამზადებენ და თუ მას შორიდან შეხედავთ, იფიქრებთ, რომ პიცაა. სვანური ხაჭაპური – ეს კუბდარია. მეგრული, იმერულის მსგავსად, ყველითაა სავსე და ზემოდან მდნარი ყველი აქვს დადებული“, – წერს BBC–ს ჟურნალისტი.

სტატიაში მოყვანილია შეფ–მზარეულის, მაკა ჩიხიაშვილის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ აჭარული ხაჭაპური რეგიონის გეოგრაფიასა და კულტურას ასახავს. აჭარა შავი ზღვის სანაპიროზეა და მისი მცხოვრებლები გემთმშენებლობით იყვნენ სახელგანთქმული. სწორედ ამიტომ აჭარული ხაჭაპური ნავის ფორმისაა. მის შუაგულში კვერცხი – ეს მზეა, ხოლო ყველი – ზღვა, აღნიშნავს ფეირლი.

წყარო: Sputkin-georgia.com

onalem

ტესტ