fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენი: “კომედი შოუს” კონცერტის შეჯამება

დღეს, 14 იანვარს, ქალაქ ათენში ყველასათვის საყვარელი ქართველი იუმორისტების გუნდის “კომედი შოუს” კონცერტი შედგა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დარბაზში თითქმის არცერთი ადგილი არ იყო თავისუფალი. ქართული საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა მსახიობებს და მოულოდნელად ელოდა კონცერტის დაწყებას.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი გრანდიოზულ თეატრში “ελληνικος κοσμος” შედგა, რომელიც აუდიტორიას მხოლოდ მაღალი დონის წარმოდგენებს სთავაზობს. ორგანიზატორმა, ავთანდილ კაკაბაძემ, იზრუნა თითოეულ დეტალზე, რომელიც საჭიროა ხარისხიანი კონცერტის ჩასატარებლად: დაცვა უსაფრთხოებისთვის, კარგი აკუსტიკა, მოწვეული Dj. ეს ყველაფერი კი, ცხადია, პირველი არ არის. სწორედ ავთანდილ კაკაბაძემ აჩუქა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს ნინი ბადურაშვილისა და ნოდიკო ტატიშვილის, ანრი ჯოხაძისა და ლელა წურწუმიას კონცერტებიც.

რაც შეეხება უშუალოდ კონცერტის მსვლელობას, “კომედი შოუს’ მსახიობებმა შეძლეს, არა მხოლოდ გაემხიარულებინათ და დიდი სიყვარული გამოეხატათ დამსწრე საზოგადოების მიმართ, არამედ ჩაერთოთ კიდეც ისინი წარმოდგენაში. თითოეულ მაყურებელს საშუალება ჰქონდა კითხვა დაესვა მათთვის, რაც კონცერტის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი აღმოჩნდა. ისინი აქტიურობდნენ და მსახიობებსა და მაყურებელს შორის არაჩვეულებრივი კომუნიკაცია შედგა. აქ იყო ყველაფერი: იუმორი, იმპროვიზაცია, უშუალო კონტაქტი, მუსიკა და სიმღერების ორიგინალური ინტერპრეტაცია.

აღსანიშნავია, რომ იუმორისტებს მომზადებული ჰქონდათ ნომრები, რომლებიც მხოლოდ ქართველი ემიგრანტებისთვის იყო შექმნილი და ამით დიდი აღტაცება გამოიწვიეს. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დააახლოვა ისინი.

ეს იყო კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგაც, მაყურებელს თეატრი არ დაუტოვებია. ისინი გარეთ იცდიდნენ, რათა მსახიობებთან სამახსოვრო სურათები გადაეღოთ. მათაც, რა თქმა უნდა, გული არ დასწყვიტეს არცერთ მსურველს და დიდხანს პოზიორობდნენ კამერების წინ.

ნასიამოვნები დარჩა არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ თავად “კომედი შოუს” მსახიობები, რაც სცენაზე არაერთხელ აღნიშნეს. აუდიტორიისგან მოდიოდა უდიდესი პოზიტიური ენერგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონცერტზე უფრო მეტად პოზიტიური გარემოს შესაქმნელად.

როგორც ჩანს, ავთანდილ კაკაბაძემ, თავის ორგანიზატორულ ჯგუფთან ერთად, მოახერხა გამხდარიყო საბერძნეთში პირველი წამყვანი პროდიუსერი.

ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი სერიოზული კონცერტი იგეგმება, ამიტომ იყავით მზად! სულ მალე იხილავთ მომავალი წარმოდგენების ანონსს!

წერს Georgians.gr-ის მენეჯერი, ბექა ბექაური.

 

onalem

ტესტ