fbpx
განათლებასაზოგადოება

ანტიკითერაზე დაწყებითი სკოლა 27 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა

რამდენიმე დღეში კუნძულ ანტიკითერაზე ადგილობრივი, დაწყებითი სკოლა გაიხსნება, რომელიც თითქმის 30 წელია რაც დახურულია. სკოლაში, ამ ეტაპზე, სულ 3 მოსწავლე ივლის.

“1991 წლის შემდეგ პირველად, კუნძულის სკოლა ხელახლა გაუხსნის კარს 3 მოსწავლეს და ერთ მასწავლებელს, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ზარის დარეკვას ამდენი ხნის შემდეგ,” – განაცხადა კითერას მერმა, ანდრეას ხარალაკისმა.

“ოჯახმა, რომელიც 3 შვილთან ერთად ათენში ცხოვრობდა, გადაწყვიტა დედაქალაქი დაეტოვებინა და კუნძულზე გადმოსულიყო” -აღნიშნა მერმა და დაამატა, რომ “ანტიკითერას განვითარებისთვის ეს დიდი საქმეა, რადგან 1980-იანი წლებიდან კუნძულზე მოსახლეობა სულ უფრო და უფრო მცირდება. დღეის მდგომარეობით კი, მასზე სულ 18 ადამიანი ცხოვრობს.”

მოსწავლეები პირველ, მესამე და მეხუთე კლასში შეუდგებიან სწავლას. ახალი სკოლა მზად არის მათი ყველა საჭიროების შესასრულებლად. მშობლებმა, სექტემბერში, მერს თავისი სურვილი გაუმხილეს სკოლის გახსნის შესახებ. შედეგად, განათლების მინისტრის ბრძანებით, ყველაფერი უსწრაფეს რეჟიმში გაკეთდა, რათა ახალ სკოლას ბავშვები ყველა საჭიროებით უზრნველეყო.

მასწავლებელმა, რომელიც 3 წლის განმავლობაში კუნძულ ანაფიზე მუშაობდა, შესაბამისი დაფინანსება მიიღო, რათა ახალ სკოლაში გადმოსულიყო. ასევე, საჭიროებისამებრ დაფინანსდა მუნიციპალიტეტიც, რათა სკოლის ძირითადი შენობა აშენებულიყო.

გარდა ამისა, მერმა განაცხადა, რომ დიდი წახალისებები იქნება ხუთი ოჯახისათვის, რომლებიც მოისურვებენ ანტიკითერაზე საცხოვრებლად გადმოსვლას. მათთვის გარანტირებული იქნება სამუშაო ადგილები და ასევე, გამოიყოფა ფინანსები საბერძნეთის ეროვნული ბანკიდან.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსი მცდელობები კუნძულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მმართველობა შიშობს, რომ ანტიკითერა საფრთხის ქვეშ არის და რამდენიმე წელიწადში იგი დაუსახლებელი გახდება.

“ახალი ოჯახების დასახლება საერთო სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის. თუ არაფერი გაკეთდა, კუნძული 5 წელიწადში დაუსახლებელი იქნება. თვრამეტი ადგილობრივი მაცხოვრებლიდან თხუთმეტი 70 წელს გადაცილებული მოხუცია” – განაცხადა ანდრეას ხარალაკისმა.

onalem

ტესტ