ხრისტოს ხოლიდის: ”უმღერო ბერძნებს საზღვრებს გარეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია!”

ცნობილი ბერძენი მომღერალი ხრისტოს ხოლიდისი საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსეთში ჩავიდა და “Russian Athens”-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მან ბერძნულ-რუსულ ურთიერთობებსა და იქ გამართულ კონცერტებზე ისაუბრა.

– ეს თქვენი პირველი ვიზიტია მოსკოვში?

– არა, მე აქ მეორედ ვარ. რუსეთის დედაქალაქი ძალიან მომწონს.

– ფიქრობთ, რომ არის რაღაც საერთო რუსეთსა და საბერძნეთს შორის?

– რა თქმა უნდა, ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორივე ქრისტიანი მართლმადიდებელი ქვეყანაა. ეს ხალხს აახლოვებს.

– როგორ ფიქრობთ, მეგობრობენ რუსეთი და საბერძნეთი?

– მე არ შემიძლია გიპასუხოთ პოლიტიკური გადმოსახედიდან, მას შემდეგ, რაც აღარ ვარ ჩართული პოლიტიკაში. ვიმედოვნებ, რომ ეს მეგობრობა არსებობს! მაგალითად, მე მყავს რუსი მეგობრები და ასევე ბერძენი მეგობრები, რომლებსაც რუსი ნათესავები ჰყავთ. საბერძნეთში უამრავი პონტიელია, მათ შორის ჩემი მშობლებიც. დედაჩემი ყაზახეთში დაიბადა. ჩემს გარშემო უამრავი რუსულად მოლაპარაკე ადამიანია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ შორის მეგობრობა ნამდვილად არსებობს.

– თქვენც საუბრობთ რუსულად?

– დიდი სურვილი მაქვს ვსაუბრობდე (იცინის).

– ისურვებდით აქ ჩამოსვლას და კონცერტების გამართვას?

– ძალიან სასიამოვნოა ბერძნული დიასპორის ნახვა საბერძნეთის საზღვრებს გარეთ, სადაც ასე გელოდებიან და მთელი გულით გმასპინძლობენ. მე ყოველთვის მათთან ვიქნები, როცა ჩემი მოსმენა მოესურვებათ.

– რუსეთში ბერძნები ძალიან ბედნიერები და მადლიერები არიან, როდესაც მომღერლები ჩამოდიან და სპეციალურად მათთვის მართავენ კონცერტებს.

–  გმადლობთ! ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩემი წინაპრები პონტიელები იყვნენ. მე ახლა ვხედავ ხალხს, რომლებიც კრიზისის გამო, იძლებული არიან დატოვონ საბერძნეთი. იმღერო ბერძნული სიმღერები ხალხისთვის, რომლებიც არ ცხოვრობენ საბერძნეთში, მათთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა აღადგინონ კავშირი საკუთარ კულტურასთან. ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია!

– დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!