ხალკიდა: ყალბი აბორტების გამო დაპატიმრებული გინეკოლოგი – Georgians.gr

ხალკიდა: ყალბი აბორტების გამო დაპატიმრებული გინეკოლოგი

როგორ აჯერებდა 62 წლის გინეკოლოგი ქალებს, რომ ორსულად იყვნენ და როგორ უკეთებდა შემდეგ აბორტებს. ის პლასტიკურ, ცრუ ექოსკოპიასაც კი ამზადებდა მეტი დამაჯერებლობისთვის.

გინეკოლოგი ატყუებდა თავის კლიენტებს, რომ ორსულად იყვნენ, შემდეგ აშორებინებდა არარსებულ ბავშვებს და ამაში 800 ევროს ითხოვდა. ყველაფერი, რომ რეალობას დამსგავსებოდა, 62 წლის გინეკოლოგი წერდა ორსულობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, აძლევდა ქალებს ყალბ რენტგენებს, რათა სამსახურებში შვებულება აეღოთ.

გინეკოლოგი, რომელიც ევიაში დაიბადა, ჩააბარა იტალიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც დაეუფლა გინეკოლოგის სპეციალობას. ის 1991 წელს დაბრუნდა საბერძნეთში და ათენში საკუთარი კლინიკა გახსნა. 6 წლის შემდეგ ხალკიდაში წავიდა და იქ დაფუძნდა, იქაც გახსნა კლინიკა და თანამშრომლობა დიდ გინეკოლოგიურ ცენტრებთან დაიწყო.

2007 წლის თებერვალში მას ძველი კლიენტი ესტუმრა. 40 წლის ქალბატონი, რომელსაც 3 შვილი ჰყავდა. მას უნდოდა რომ პაპ-ტესტი გაეკეთებინა, თუმცა ექიმმა უთხრა, რომ იგი უკვე ორი თვის ორსული იყო. ამ ქალბატონს მეოთხე შვილი არ უნდოდა, ამიტომ ორსულობის შეწყვეტა მოისურვა. რა თქმა უნდა, გინეკოლოგმა ცრუ აბორტი გაუკეთა და ამაში 800 ევრო გამოართვა.

6 თვის შემდეგ, 2007 წლის აგვისტოში, იგივე ქალბატონი ისევ მივიდა აღნიშნულ გინეკოლოგთან ჩვეულებრივი გამოკვლევისთვის. მისგან კი ისევ იგივე პასუხი მიიღო ორსულობის შესახებ. ქალი აღშფოთდა, რადგან მას აღენიშნებოდა მენსტრუაცია და ამბობდა, რომ თავს იცავდა. ექიმმა კი უპასუხა, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა და არსებობდა მინიმალური შანსიც ორსულობის, ამიტომაც გადაუღო ცრუ პლასტიკური ექოსკოპია.

ექიმმა შემდეგი შეხვედრა კლიენტთან უკვე აბორტისთვის დანიშნა, ამჯერად კი 750 ევრო მოითხოვა. როდესაც ეს ამბავი ქალბატონის ქმარმა გაიგო, ცოლი სხვა გინეკოლოგთან წაიყვანა, სადაც დადასტურდა, რომ ის ორსულად არ იყო. მეორე გინეკოლოგთან ვიზიტი საკმარისი იყო პირველის ტყუილების გამოსააშკარავებლად.

მათ განცხადება დაწერეს ხალკიდის პილიციაში. პოლიციამ ქალს მონიშნული ქაღალდის ფული მისცა, რათა გინეკოლოგი ფაქტზე დაეჭირათ.

როგორც კი ექიმმა ხელში 750 ევრო აიღო, ის დააკავეს და ბრალდებები წაუყენეს. ხალკიდის სასამართლომ მას 1000 ევროთი დააჯარიმა და 13 თვით (ხაზი გავუსვათ საბერძნეთის სასაცილო სისტემას) თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.