ქართული ოცნება ახალ, “რეალისტურ დაპირებებზე” მუშაობს

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში ახალი დაპირებები ჩაიდება, მათ შორის, პენსიების საკითხზე. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარია არა მარტო პენსიის გაზრდაზე, არამედ მის რეფორმაზე.

“ჩვენი პარტია აქტიურად მუშაობს წინასაარჩევნო პროგრამის მომზადებაზე. დღეს გვაქვს სამუშაო შეხვედრა ეკონომიკური პროფილის ექსპერტებთან და მათთან ერთად განვიხილავთ ჩვენი პროგრამის ეკონომიკურ ასპექტებს. პროგრამა მზადდება და მასში ჩაიდება ახალი დაპირებებიც. ეს იქნება რეალისტური დაპირებები, რომლებიც აუცილებლად შესრულდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს შეეხება ყველა მიმართულებას, მათ შორის პენსიების საკითხსაც, არამარტო საპენსიო განაკვეთს, არამედ იმ საპენსიო რეფორმას, რომელზეც მთავრობა მუშაობს. პროგრამა მოიცავს სახელმწიფოებრივი განვითარების ყველა ასპექტს, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებას, დემოკატიულ განვითარებას, სოციალურ განვითარებას, საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოების საკითხებს. ჩაიდება რეალისტური დაპირებები წინასაარჩევნო პროგრამაში. ისეთი დაპირებები, რომელთა შესრულებაზეც, ჩვენ სრულად ავიღებთ პასუხისმგებლობას” – განაცხადა კობახიძემ.