fbpx
მზიას კულინარია

ვასილოპიტას ისტორია და მისი კლასიკური რეცეპტი

ვასილოპიტა ტრადიციული ბერძნული საახალწლო ტკბილეული გახლავთ. მის ისტორიას არქაულ ეპოქაში მივყავართ.
ძველად ადამიანები ღმერთებისათვის მრავალნაირ ძღვენს ამზადებდნენ. ძღვენის მეშვეობით  უზენაესი ძალებისადმი  მადლიერების გამოხატვაც იოლი ხდებოდა და წყალობის თხოვნასაც საფუძველი ეყრებოდა.
ხშირ შემთხვევაში ძღვენი ტკბილ ცომეულს წარმოადგენდა. საამო სურნელის და გემოს მისაცემად  მას მრავალნაირ სანელებელს უმატებდნენ.
ძველი ბერძნები ასეთ ნუგბარს სხვადასხვა ნივთებით ამკობდნენ,  მაგალითად გასაღებით: ცუდი თვალის «დასახუჭად» და მწარე ენის «დასაკეტად».
თავდაპირველად ამგვარი ცომეული იმ რეგიონებში მზადდებოდა, სადაც ხორბალი მოჰყავდათ. შესაბამისად,  ღმერთებისადმი ძირითადი მოთხოვნაც, ნაყოფიერი წელიწადი გახლდათ.
თანდათან ეს წესი მთელ საბერძნეთში გავრცელდა, თუმცა მცირეოდენი სახეცვლილება განიცადა. განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანების ოჯახებში, ცომეულზე ისეთ სიმბოლოს ანთავსებდნენ, რომელიც ოჯახის საქმიანობას უკავშირდებოდა: მეცხვარე ცხვარს, მეწაღე — წაღს და ა.შ.
ქრისტიანობის შემოღების შემდეგ ბერძნებმა მსგავსი, უკვე ტრადიციულად ქცეული ტკბილეული, წელიწადის ყველაზე დიდ დღესასწაულს დაუკავშირეს — წმინდა ვასილის (ბასილის) დღეობას. ამიტომაც შეარქვეს მას «ვასილოპიტა».
ბიზანტიური ავტოკრატიის ეპოქაში ვასილოპიტა ფუმფულა ტკბილეულს წარმოადგენდა,  რომელზეც წმინდა ვასილის სიმბოლო, დიდი ასო «B», იყო გამოსახული.
გარდა ტკბილი ვერსიისა, გავრცელებული გახლდათ მარილიანი ვასილოპიტაც. ასეთი პიტის მომზადების პროცესში, დიასახლისი სურვილს ჩაუთქვამდა ხოლმე და თან ცომში მონეტას ჩაატანდა.
იპიროს რეგიონში მარილიანი ვასილოპიტა ქათმის ხორცით მზადდებოდა, ან ღორის ხორცისა და პრასის ნაზავით.
მაკედონიასა და თრაკიაში ვასილოპიტას ოჯახის უფროსი ჭრიდა და ანაწილებდა. ამ პროცესს რიტუალების მთელი რიგი სდევდა თან: ჯერ სამჯერ წმინდა სამების სახელით დაილოცებოდა პიტა, შემდეგ მთელი ოჯახი; მერე ცომეულს სამჯერ ჯვარს გადასახავდნენ: ჯერ გასაღებით, მერე დანით და ბოლოს, ჩანგლით. ზუსტად შუაღამეზე მოიჭრებოდა წმინდა ვასილის ნაჭერი, შემდეგ იესო ქრისტესი და ღვთისმშობლის. მომდევნო ნაჭერი სახლის სახელზე იჭრებოდა, მერე ასაკის მიხედვით, დიდი და პატარა, ყველა მიიღებდა კუთვნილი პიტის ნაჭერს. სულ ბოლოს გადაიდებოდა ღატაკების წილი პიტა, მერე შინაური ცხოველებისათვის და რაც დარჩებოდა, დაფხვნილ-დაქუცმაცებულს, კარ-მიდამოში მიმოაბნევდნენ ბარაქისათვის.
კარპათოზე და სკიროზე შინაური ცხოველებისათვის საგანგებო პიტას ამზადებდნენ.
ეს წეს-ჩვეულებები, აქა-იქ, თანამედროვე საბერძნეთშიც შემორჩენილა და სულ მალე , საახალწლოდ მორთულ-მოკაზმულ სახლებში გაიჭრება სადღესასწაულო პიტები წმინდა ბასილის, იესო ქრისტესი ან კიდევ ღარიბთა და მიუსაფართა სახელზე.
——————————————————————————————
ვასილოპიტას კლასიკური რეცეპტი

  • საჭირო პროდუქტების სია:
    350 გრ კარაქი
    350 გრ შაქარი
    200 გრ მაწონი ან იოგურტი
    200 გრ ფორთოხლის წვენი
    1 ფორთოხლის ცედრა
    ½ ჩ.კ. მარილი
    3 ჩ.კ. ასაფუებელი საკონდიტრო ფხვნილი (μπέϊκιν πάουντερ) ან 1 ჩ.კ. სოდა ძმრით
    50 გრ კონიაკი
    დაახლოებით 1 კგ ფქვილი
    6 კვერცხი
    150 გრ დაქუცმაცებული ნუში
    400 გრ შაქრის ფქვილი
    მომზადების წესი:
  •  ავთქვიფოთ კვერცხის ცილა 200 გრ შაქართან;
  • ცალკე ავთქვიფოთ კარაქი და 150 გრ შაქარი;
  • კარაქიან მასას დავუმატოთ კვერცხის გულები და დარჩენილი ინგრედიენტები;
  •  ბოლოს ვამატებთ 700-800 გრ ფქვილს და ბეზეს. შესაძლოა ფქვილის დამატება კიდევ დასჭირდეს, ეს კვერცხის სიდიდეზე და ფქვილის ხარისხზეა დამოკიდებული. მოზელის პროცესში ფაფუკი ცომი უნდა გამოვიდეს;
  • მოვათავსოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ 35 სმ დიამეტრის მქონე ფორმაში;
  • გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში;

დავაყოვნოთ გაგრილებამდე. გადმოვიღოთ ვასილოპიტა საშობაო ლანგარზე, მოვათავსოთ შიგნით ცრუ მონეტა და მოვაყაროთ შაქრის ფქვილი.

წყარო: www.mzias-supra.com

onalem

ტესტ