fbpx
საქართველო

უმუშევრობის დონე 11.8%-მდე შემცირდა, ვის და რატომ თვლის დასაქმებულად საქსტატი

2016 წელს საქართველოში რეკორდულად დაბალი უმუშევრობის დონე – 11.8% დაფიქსირდა, ამის შესახებ ინფორმაციას (PDF დოკუმენტი) სტატისტიკის ეროვნული სამსახური არვცელებს. 2015 წელს უმუშევრობა 12%-ზე იყო, 2014 წელს კი 12.4%-ზე.

სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობამ 1.76 მილიონი შეადგინა, საიდანაც 1.015 მილიონი თვითდასაქმებულია, 747 ათასი კი – დაქირავებით დასაქმებული. სოფლად უმუშევრობის მაჩვენებელი 5%-ია, ქალაქად კი ოთხჯერ მეტი, 21.1%, ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ სოფლად მცხოვრებლები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების (კვებითი გასამრჯელო და სხვა) მიზნით მუშაობდნენ, დასაქმებულებად ითვლებიან.

საქსტატის მეთოდოლოგიით დასაქმებულად ითვლება 14 წელზე უფროსი მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს.

თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს.

უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელსაც გამოკითხვის დრომდე შვიდი დღის მანძილზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით არ შეუსრულებია არცერთი საათის სამუშაო.

თვითდასაქმებულთა აბსოლუტური ნაწილი, ანუ დაახლოებით ერთი მილიონი ეკონომიკურად აქტიური მოქალაქე, სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. მათი შემოსავლები დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე მინიმალურია და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-ს ქმნიან, როდესაც დასაქმებულთა დანარჩენი ნაწილი, ანუ 750 ათასი მოქალაქე, მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს ქმნის. თვითდასაქმებულების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ ან ნატურისთვის მუშაობს, ანუ ისინი არ იხდიან გადასახადებს, რომლებსაც დაქირავებით დასაქმებულები იხდიან – რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაშიც უმნიშვნელოდ მონაწილეობენ.

საქსტატის მეთოდოლოგია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მოთხოვნებს შეესაბამება.

onalem

ტესტ