fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

“თუკი რამ ცოდვა მქონია, საზღვარგარეთ ცხოვრებით გამოვისყიდე-მეთქი”- ემიგრანტის ბრძოლა ბედნიერებისთვის

“ეგებ აქ ვიშოვო სამსახური და უკან აღარ მომიწიოს დაბრუნება…”

ჩვეულებრივი ამბავია, რომ ყოველ ახალ წელიწადს ადამიანი განსაკუთრებული ემოციით ელოდება: თითქოს მთელი წლის განმავლობაში ნაკოწიწები იმედის პატარ-პატარა ნაპერწკლები ერთ უზარმაზარ იმედად გადაექცევა და ჰგონია, რომ ახლა მაინც შეიცვლება ძირფესვიანად მისი ცხოვრება. როგორც რესპოდენტი ამბობს: პირადულს თავი რომ დავანებოთ, ოდესღაც ხომ შეიძლება ჩვენი ქვეყანაც გალაღებული და ღიმილიანი ვნახოთ, გაჭირვებული ადამიანები რომ აღარ დადიოდნენ, ბავშვებს არ შიოდეთ…

რაც მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება ირგვლივ, შენი ბედნიერების ამპლიტუდაც ხომ უფრო იზრდებაო! ჩვენი რესპოდენტი, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკაში იყო გადახვეწილი; ბევრს შრომობდა, რომ საქართველოში მისი ოჯახის წევრებს ადამიანურად ეცხოვრათ, მეგობრებს, ახლობლებს, გასაჭირში მყოფ უცნობებს დახმარებოდა და თითოეულისთვის პატარ-პატარა სიხარული მიენიჭებია. შიგადაშიგ საქართველოში ჩამოდიოდა და ყოველთვის იმედით – ეგებ აქ ვიშოვო სამსახური და უკან, ამერიკაში აღარ მომიწიოს დაბრუნებაო… ყოველი ჩამოსვლისას ვხვდებოდი, უმეტესწილად – საშობაოდ-საახალწლოდ და დიდხანს ვსაუბრობდით ხოლმე ტკივილზე, სამშობლოს უსაშველო მონატრება რომ ჰქვია და კიდევ ათას რამეზე. მასთან შეხვედრის ამბავი რამდენჯერმე თქვენც გიამბეთ… ბევრი მის დაფარულ ტკივილსა და საწუხარს მართლაც იგებდა, ითავისებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთებიც გამოერეოდნენ, ყველაზე დადებით ამბავსაც რომ მოუძებნიან ჩრდილს და ივიწყებენ, მის მიღმა ადამიანი რომ დგას. მე მაინც გავრისკავ და ამჯერადაც გიამბობთ ქალბატონზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილ სახეზე, შესანიშნავ დიქტორზე, წამყვანსა და პედაგოგზე, ქეთი მითაიშვილზე, რომელიც ახლაც იმავე იმედით ჩამოვიდა საქართველოში, რომ იპოვის სამუშაოს, იცხოვრებს თავის ოჯახთან ერთად, მოეფერება შვილიშვილებს და აღარ წავა ოკეანის იქით, ამერიკაში…

ქეთისეული “ახალი წელი” სადარბაზოდან იწყება – ლიფტიდან გამოსულს კიბის უჯრედშივე გეგებება და დუპლექსის ტიპის მის ბინას სრულად მოიცავს. ეს ბინაც თვითონ შექმნა: რომ შეიძინა, მხოლოდ ოთხი კედელი დახვდა, მერე კი თავად დააპროექტა, თანაც – ყოველგვარი ნახაზის გარეშე და დიზაინერიც თვითონ იყო. ქეთისთან მარტო არ მივსულვარ – მისი (და ჩემი) ტელევიზიის პერიოდის მეგობრები მახლდნენ: ყოფილი ტელედიქტორი, მუდამ მომხიბვლელი ნანა კვირკველია და ლეგენდარული “მზიურის” პირველი თაობის სოლისტი ქეთი დეკანოზიშვილი. 
ვიდრე პატარები ანუ ქეთი მითაიშვილის შვილიშვილები მოვიდოდნენ და სათამაშოებს “წაგვართმევდნენ”, ჩვენ ვიხალისეთ: ათასნაირი საშობაო-საახალწლო სიმღერის ფონზე ხან ძაღლის ქურქში ვეხვეოდით, ხან ირმით “მივფრინავდით” ლაპლანდიისკენ, ხან სანტებსა და ელფებს ვებაასებოდით და ხან – ერთმანეთს. ჩემი საუბრის “ეპიცენტრი”, ცხადია, ქეთი იყო…

– მაინც რა ცხოვრება მაქვს: სულ გზაში ვარ, – ამბობს ქეთი, – ამდენი განშორება, ტკივილი, მონატრება, კვლავ შეხვედრა, დაუსრულებელი ძიება… გამოუსწორებელი მეოცნებე ვიყავი და ვარ, მით უფრო – შობის მადლით სავსე დღეებში. კონკიასავით დღესაც მჯერა, რომ ხვალ უკეთესი დღე გამითენდება. სულ პატარა სურვილის ასრულებითაც კი შემიძლია, უზარმაზარი ბედნიერება შევიგრძნო.

– რა არის შენთვის უზარმაზარი ბედნიერება?
– ჩემს ოჯახში ყოფნა და ღირსეულად ცხოვრება იმ მიწაზე, სადაც ყველაზე წარმატებული და თუნდაც, წარუმატებელი წლები გამიტარებია, ღიმილიანი და ცრემლიანი დღეები მქონია და რომელსაც ჩემი მშობლიური მიწა ჰქვია. შეიძლება ვინმეს გაცვეთილ პატრიოტიზმად ესმის ჩემი ნათქვამი, მაგრამ... სინამდვილეში პატრიოტიზმი, ხომ, ის ძვირფასი რამ არის, ვერაფრით რომ ვერ ელევი, ვერ შორდები. ამდენი ხანია, ამერიკაში ვცხოვრობ, ვშრომობ და მაინც ვერ ვთმობ ამ პატარა მიწის ნაგლეჯს, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს, რადგან მისი ნაწილი ვარ და უმისოდ ბედნიერი ვერ ვიქნები.

მეგობრების დაჟინებით ამ წლების განმავლობაში ვის არ მიაკითხა – წარმატებულ ბიზნესმენსაც და სახელმწიფო მინისტრსაც, ეგებ, სამსახური ვიშოვოო, მაგრამ ამაოდ.

– პასპორტში ჩემს მონაცემებს რომ ჩავხედავ, რატომ უნდა დავკომპლექსდე, რომ უვარგისი ვარ? ამერიკის ტელევიზიებში, ლამის, მოხუცებიც კი სხედან ეთერში და გადაცემები, მით უფრო, საინფორმაციო, მიჰყავთ, რადგან იქ მათი გამოცდილება სჭირდებათ. რასაკვირველია, ახალგაზრდებსაც იწვევენ, მაგრამ სწორედ იმ გამოცდილების პარალელურად. ასე რომ, ამერიკაში, ასაკისდა მიუხედავად, პროფესიონალიზმი ფასობს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილები გადავიტანე და გადამაქვს, მაინც პროფესიონალი ვარ. კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია, ძალიან დიდ პოტენციალს ვგრძნობ. კი არ ვიჩემებ, აუცილებლად ტელევიზიაში უნდა ვიმუშავო-მეთქი, მაგრამ კიდევ შემიძლია, სასარგებლო ვიყო და ეს ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნებოდა ჩემთვის…

– მომავლის არ ვიცი, მაგრამ ჩემი აწმყო ისეა ათქვეფილი ტკივილში, ცრემლში, არსებობისთვის ბრძოლაში, რომ… რასაკვირველია, ტკივილებს ჩემი შეცდომებიც განაპირობებდა და, – სად შევცდი-მეთქი? – იმდენჯერ ვიკითხე, მეგობრები გამიბრაზდნენ, ნუღარ უკირკიტებ, ხომ ხედავ, უფრო ნერვიულობო. ყოველთვის მიმაჩნდა, ქალისა და მამაკაცის ჰარმონიულ ურთიერთობაზე იყო დამყარებული ბედნიერი ცხოვრება. შეყვარებული ადამიანების გაცისკროვნებული თვალები ხომ სხვაგვარად ბრწყინავს? – ჰოდა, ასე ბრწყინავს ცხოვრებაც, როდესაც გიყვარს და უყვარხარ. ამას მოჰყვება აწყობილი ოჯახი, შვილები და ა.შ. რასაკვირველია, ბევრჯერ შევცდი, მაგრამ მარტო მე – არა.

მინანია? – ალბათ, გაცილებით გვიან და ესეც ხომ უბედურებაა… თუ ბედნიერება? აღარ ვიცი, სად უფრო მეტი სიმართლეა. საერთოდ, სიმართლე ბევრია, მაგრამ ჭეშმარიტებაა ერთი და იმხანად ვის მხარეს იყო ის ჭეშმარიტება, ეგაა გასარკვევი. ამდენი წელი გავიდა და ახლა რომ ვფიქრობ, გეფიცები, მიმაჩნია, რომ იმ ეტაპზე ჭეშმარიტად მართალი მაინც მე ვიყავი! ყველაზე მეტად, იცი, რას ვნანობ? ოჯახის სიმყარის საწინდარი – ტანდემი რომ არ შედგა ჩემს ცხოვრებაში – როდესაც ახალგაზრდობიდან მოჰყვებიან მეუღლეები ერთმანეთს და ბედნიერად აბერდებიან. მე კი ყველაფერი უკუღმა დამიტრიალდა და დღემდე “ოჯახობანას” ვთამაშობ და ისე ვიტანჯები, ყოველთვის ვამბობ: თუკი რამ ცოდვა მქონია, ამერიკაში ცხოვრებით გამოვისყიდე-მეთქი… ფიქრობთ, ყველაფერი წინაა? მინდა, მჯეროდეს… მე, ხომ, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ!

წყარო: www.kvirispalitra.ge

 

 

onalem

ტესტ