fbpx
ემიგრაციული სიახლეები

“თქვენ არ ხართ იძულებული გაიქცეთ” – ევროპარლამენტარი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

2018 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების თხოვნით რეკორდული რაოდენობის განაცხადი დაფიქსირდა.

თუ არალეგალების რიცხვის ზრდა გაგრძელდება, გამორიცხული არაა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს, განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა პეტრას აუშტრევიჩუსმა ქართულ გამოცემა „კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ბოლო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. საკუთარი უკმაყოფილება უკვე გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

„ის (უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი) შეიძლება ამოქმედდეს, თუ არალეგალების რიცხვი გაიზრდება. 2017 წლის პირველ ნახევარში ჩვენ არცთუ დრამატული მაჩვენებელი გვაქვს — რიცხვი 5%-ს არ აჭარბებს მათგან, ვინც არალეგალად რჩება, მაგრამ არსებობს ე.წ. ტოლერანტობის საზღვარი და თუ გახშირდება ქართულ კრიმინალზე განცხადებები, ჩვენ ზომების მიღება მოგვიწევს”, – განაცხადა აუშტრევიჩუსმა.

ევროდეპუტატმა დაამატა, რომ ამჟამად ევროპა ყველაზე მეტ მიგრანტს სირიიდან იღებს, სადაც ომია, საქართველო კი, ბრიუსელის აზრით, უსაფრთხო ქვეყანაა.

„თქვენ ქვეყანაში ომი არ მიდის და თქვენ არ ხართ იძულებული, რომ გაიქცეთ. ჩვენ საქართველოს ვუყურებთ როგორც მშვიდობიან და მშვიდ ქვეყანას — ქართველები ლტოლვილები არ არიან, ბრიუსელში თქვენ ასეთად არ გთვლიან”, — აღნიშნა აუშტრევიჩუსმა.

მან უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში ყველაზე მეტად საქართველოს შეგნებული მოქალაქეები დაზარალდებიან.

„ყველაზე უარესია, რომ ამის გამო, პირველ რიგში, კანონმორჩილი მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანამ მათ უვიზო შესვლაზე უარი უთხრას. მთლიანობაში რისკი არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა არ დადგება”, — თქვა ევროდეპუტატმა

როგორც მან განაცხადა ინტერვიუში, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება ბრიუსელისთვის იმის აღიარებაა, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას. თუმცა, აუშტრევიჩუსის თქმით, ევროკავშირში უკმაყოფილო არიან იმით, რომ საქართველოს მთავრობა ამა თუ იმ რეფორმის გატარებას შერჩევითი პრინციპით უდგება.

„ასოცირების შესახებ შეთანხმება ნიშნავს, რომ საქართველო მემკვიდრეობით მიიღებს ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ ეს ერთ დღეში ვერ მოხდება… მე შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში რეფორმებს შერჩევით უდგებიან. ჩვენ გვეუბნებიან: აი, ამას გავაკეთებთ, ამას გადავდებთ, ეს არ გვინდა. ასე საქმე არ გამოვა. საქართველოს შანსი აქვს წინ წავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მხოლოდ ქაღალდებზე ხელმოწერას — ცვლილებები რეალური უნდა იყოს, ამიტომ ყველა ქართველ პოლიტიკოსს მოვუწოდებ, რეფორმებთან დაკავშირებით შერჩევითი მიდგომა არ ჰქონდეთ”, — განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა.

იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს მხოლოდ 13-მა მოქალაქემ მიიღო, 1288-ს კი უარი ეთქვა. ბოლო მონაცემებით, განხილვის სტადიაშია კიდევ 5407 ქართველის განცხადება.

ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის მარტში აამოქმედა უვიზო რეჟიმი, რომლითაც უკვე 220 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა. ინიციატივის თანახმად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი პირმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრება, რამდენადაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომელსაც უარს ეუბნებიან ევროპაში თავშესაფრის მიღებაზე, სამშობლოში ბრუნდება, ნათესავების გვარზე გადადის, შემდეგ კი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.

წყარო: sputnik-georgia.com

 

onalem

ტესტ