„Tomara“ – დამზადებულია საქართველოში!

ქართული ჩანთების ბრენდი „ტომარა“ 7 თვის წინ ბავშვობის სამმა მეგობარმა დააარსა.ნატალი ნოზაძის, მარიამ შენგელიასა და ქეთა რატიანის ბრენდი დღეს უკვე ნიუ-იორკისა და მოსკოვის მაღაზიებში იყიდება წარმატებით.
– საიდან გაჩნდა „ტომარას“ დაარსების იდეა და რატომ არჩიეთ ეს სახელი?
ნატალი ნოზაძე: სახელი ნებისმიერი ბრენდის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენც აზრს მეგობრებს ვეკითხებოდით და ბოლოს „ტომარაზე“ შევჯერდით. რაკი ბრენდი ქართულია, მნიშვნელოვანია, რომ სახელიც ქართული ჰქონდეს.
მარიამ შენგელია: დაახლოებით, 7 თვის წინ გადავწყვიტეთ, ჩანთების ბრენდი „ტომარა“ დაგვეარსებინა. ტომარა ხომ ჩანთის დასაწყისია… პირველად დეტალურად შევისწავლეთ ბაზრის მოთხოვნები. გვაინტერესებდა, რა იქნებოდა ახალი და ორიგინალური ქართველი მომხმარებლისთვის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევქმენით ჩვენი პირველი ჩანთაც. საქართველოში ჩანთებს არცთუ ბევრი აწარმოებს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ბიზნესის წამოწყება. ვქმნით ისეთ ჩანთებს, რომლებიც ჩვენვე მოგვწონს და მოვიხმართ კიდეც. დაახლოებით 6 თვეა, რაც ჩვენი ნაწარმი ონლაინ იყიდება და მომხმარებლის ინტერესიც დღითი დღე მატულობს.

– როგორ უძღვება ბიზნესს სამი მეგობარი?
ნატალი:
 არაჩვეულებრივად, ერთმანეთს ვავსებთ. მარიამი ბიზნესის მხრივ საკმაოდ კრეატიულია და, „ტომარის“ გარდა, სხვა წამოწყებებიც აქვს. ჩვენც სულ გვეუბნებოდა, მოდით, რამე გავაკეთოდო. ქეთას ხატვა ეხერხება და დიზაინის მიმართულებას ხელმძღვანელობს, მე პიარის სპეციალისტი ვარ და, შესაბამისად, პიარის მიმართულებით ვმუშაობ, ხოლო მარიამი საუკეთესოა გაყიდვებსა და მარკეტინგში. ბიზნესი ჩვენი პატარა დანაზოგებით დავიწყეთ.

– რა მასალებს იყენებთ ჩანთებისთვის და ვინ იყვნენ თქვენი პირველი კლიენტები?
ნატალი: თავიდან სასინჯად რამდენიმე მოდელი შევკერეთ. დავიწყეთ ზურგჩანთებით, შემდეგ წელის ჩანთებიც დავამატეთ, რომლებიც წელსაც ძალიან აქტუალურია. როდესაც „ფეისბუკში“ განვათავსეთ, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა და ჩვენი ჩანთებით იმდენი ადამიანი დაინტერესდა, ვერც კი წარმოვიდგენდით.

ქეთა: ჩვენი პირველივე მომხმარებლები ძალიან საინტერესო და ცნობილი სახეები გახდნენ – დათუნა სულიკაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ქრისტინე იმედაძე… კოლექციის შექმნისას ვითვალისწინებ ყველა ასაკისა და გემოვნების ქალბატონის მოთხოვნას და შესაძლებლობებს, რათა ჩვენი ნაწარმი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. როდესაც დიზაინის შექმნას ვასრულებ, აუცილებლად მარიამსა და ნატალის ვაჩვენებ, რადგან სამივეს განსხვავებული გემოვნება გვაქვს. და თუ ერთ ვარიანტზე შევჯერდებით, ესე იგი, მომხმარებლებსაც აუცილებლად მოეწონებათ.

ნატალი: ზოგს ზურგჩანთა მხოლოდ თინეიჯერულ ჩანთად მიაჩნია, მაგრამ მსოფლიო მოდის ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძალიან აქტუალურია და სხვადასხვა ასაკის ქალბატონებზეა გათვლილი. თავიდანვე წელისა და ზურგჩანთებზე იმდენად მაღალი იყო მოთხოვნა, რომ ამ კოლექციის დამატება ორჯერ მოგვიწია.
ქეთა: მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენს კოლექციაში შავი ფერი სჭარბობს. ბუნებრივია, რომ შავი აქტუალობას არასდროს კარგავს. ამჟამად აქცენტი ნატურალურ ტყავსა და კაკლის ხის დეტალებზე გავაკეთეთ, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ავსებს. ასევე, ხავერდის ჩანთებისა და საზაფხულოდ ვერცხლისფერი ჩანთების შეკერვასაც ვაპირებთ.
ნატალი: მე კი ყოველთვის ფერებისთვის ვიბრძვი  და, რაღა თქმა უნდა, არჩევანს ყოველთვის ხარისხის სასარგებლოდ ვაკეთებთ.

– დაარსებიდან მცირე დროში „ტომარამ“ მოახერხა უცხოურ ბაზარზე გასვლა…
მარიამი:
 დიახ, „ტომარის“ ჩანთები ნიუ-იორკში მაღაზია „Malat“-ში და მოსკოვში „In love with Georgia“-ში იყიდება. საქართველოშიც შეხვდებით სხვადასხვა ქართველი დიზაინერის ნაწარმის გვერდით ჩვენი ბრენდის ჩანთებს. ძალიან მიხარია, რომ ბოლო დროს ქართველი მომხმარებელი ქართველი დიზაინერებით დაინტერესდა. გვსურს, ქართველმა საზოგადოებამ და ასევე, სტუმრად ჩამოსულმა უცხოელებმა, პირველ რიგში, ჩვენზე გააკეთონ არჩევანი, რადგან ქართული ბრენდი ვართ და ხარისხიანი, განსხვავებული პროდუქცია გვაქვს.

– გეგმავთ მამაკაცის ხაზის დამატებას?
მარიამი:
 „ფეისბუკზეც“ ბევრი ბიჭი გვეკითხება, როდის დავამატებთ მამაკაცის ხაზს (იღიმის). არ არის გამორიცხული, მალე მამაკაცის ჩანთებიც გამოვუშვათ და ასევე, აქსესუარების ხაზიც დავამატოთ.

ნატალი: ჩვენთვის ხარისხია მნიშვნელოვანი და ამიტომ ჯერ არ ვართ ორიენტირებულები დიდ მოცულობაზე. ვამჯობინებთ, თითო მოდელი შევკეროთ, რომლის მხოლოდ ათი ხარისხიანი ეგზემპლარი გაიყიდება. ანუ იყოს ცოტა და ორიგინალური, ვიდრე ბევრი და უინტერესო. ასევე, გვაქვს სახლში მიტანის უფასო სერვისიც. გვაქვს ჩვენი ბრენდული შეფუთვაც – ჩანთებს ვფუთავთ პატარა ტომრებში. ამ ყველაფერს თავისი ხიბლი და დატვირთვა აქვს. ამასთანავე, ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებს და შეგვიძლია, ინდივიდუალურად დაგიმზადოთ ისეთი ჩანთა, როგორიც თქვენ მოგწონთ.

გადაღების ადგილია Vere Loft – საერთო სამუშაო სივრცე, სადაც გოგონები ახალ კოლექციაზე კომფორტულად მუშაობენ.

tomara5

tomara4

tomara3

tomara2