fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთისაქართველო

თეა წულუკიანი საბერძნეთის ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში საბერძნეთის ელჩი დიმიტრიუს კარაბალისი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე.

თეა წულუკიანმა საბერძნეთის ელჩთან საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი გახდება.

იუსტიციის მინისტრმა სტუმარს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები გააცნო. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გამჭვირვალე და ღია მმართველობის ჩამოსაყალიბებლად გატარებული და ანტიკორუფციული რეფორმები გახდა იმ წარმატების მიზეზი, რომელსაც საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მიაღწია. სულ რამდენიმე დღის წინ, 19 სექტემბერს, საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმს უხელმძღვანელებს. საბერძნეთი იმ 75 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც „ღია მმართველობის პარტნიორობა“ აერთიანებთ.

თეა წულუკიანმა საბერძნეთის ელჩს ის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები გააცნო, რომლებიც ექნება საქართველოს როგორც „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანას. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეფორმის სამი ტალღის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ რეფორმაზე; შეიქმნება სპეციალიზებული კომერციული პალატები ბიზნესდავებისათვის, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს საერთო სასამართლოებს და ხელს შეუწყობს ბიზნესს დავების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრაში.

თეა წულუკიანმა სახელმწიფო სერვისების მიწოდების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში საჯარო მომსახურების ხელმისაწვდომობას იუსტიციის სახლები უზრუნველყოფს, დაბებსა და სოფლებში − საზოგადოებრივი ცენტრები; რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე პატარა სოფლების მოსახლეობას კი, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები ემსახურება. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა თუ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებთათვის სახელმწიფო სერვისების მიღება ისეთივე ხელმისაწვდომი და კომფორტულია, როგორიც დიდი ქალაქების მოსახლეობისთვის. მაღალმთიან და საოკუპაციო ზოლის ახლოს მდებარე სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც 2013 წლიდან უწყება განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება.
დიმიტრიუს კარაბალისი პროფესიონალი დიპლომატია. ის ფინეთში საბერძნეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა, სხვადასხვა დროს იყო ევროპის საბჭოში საბერძნეთის დელეგაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ნატო-ში საბერძნეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველი მდივანი, დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა კაიროსა და ბუქარესტში.

საქართველოში საბერძნეთის ელჩად ის 2017 წლის ივლისში დაინიშნა.

onalem

ტესტ