fbpx
საქართველო

”თბილისში მოსახლეობის 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს“ – ვინ ყიდულობს დედაქალაქში უძრავ ქონებას?

დედაქალაქის ცენტრში უძრავ ქონებას ძირითადად უცხოელები, ემიგრანტები და მდიდარი ქართველები ყიდულობენ, პერიფერიებში კი ადგილობრივები – ტენდენცია, რომელიც უკვე წლებია არსებობს, არ შეცვლილა. ამ დროს კი, თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით, მოსახლეობის 70%-ს ახალი ბინის შეძენის შესაძლებლობა არ გააჩნია.

საქართველოში, განსაკუთრებით დედაქალაქში უკვე 2 ათეულ წელზე მეტია საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის თითქმის ყველა უბანში შენდება კორპუსები, ნაწილი არის პრემიუმ-კლასის, ნაწილი კი საშუალოშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. წლების განმავლობაში იყო ასეთი ტენდენციაც, რომ დედაქალაქის ცენტრში ბინებს ძირითადად უცხოელები და ემიგრანტები ყიდულობდნენ. შენარჩუნებულია თუ არა ეს ტენდენცია, „კომერსანტი“ ამის გარკვევას თავად დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან შეეცადა.

როგორც კომპანია GDG-ის ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, პრესტიჟულ უბნებში ბინის მყიდველებს შორის ემიგრანტები და უცხოელები სჭარბობენ. ასევე, შეინიშნება ტენდენცია, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა და ერთ და ოროთახიან ბინებზეა.

„ადგილობრივებს ძვირადღირებული ბინის ყიდვა ნაკლებად შეუძლიათ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა პრესტიჟულ უბნებში – ვერა, ვაკე, მთაწმინდაზე, სადაც მყიდველებს შორის ჩვენი ემიგრანტები, მდიდარი ქართველები და უცხოელები სჭარბობენ.  პერიფერიებში ვიცი, რომ მყიდველთა შორის უმრავლესობა ადგილობრივია. ასევე, არის ასეთი ტენდენცია, რომ საბურთალოზე, მთაწმინდაზე და ვაკის გარკვეულ უბნებში უფრო მეტი მოთხოვნაა მცირე ფართის ბინებზე – ერთოთახიანებზე და ოროთახიანებზე. თუმცა აბაშიძის ქუჩაზე ელიტარული სახლი რომ ავაშენეთ, იქ დიდი ფართის ბინები უფრო იყიდებოდა.“, – განუცხადა „კომერსანტს“ წაქაძემ.

რაც შეეხება იმ პრობლემას, რომ მოსახლეობის 70%-ს არ გააჩნია საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი, ბეჟან წაქაძეც აღიარებს. მისივე თქმით, ცენტრალურ უბნებში ბინის გაყიდვის პრობლემა არ დგას, პერიფერიებში კი კონკურენციის გამო, რეალიზაცია შედარებით გართულებულია.

„სხვა წლებთან შედარებით, მოსახლეობას უძრავი ქონების ყიდვა ნამდვილად უჭირს. ქალაქის ცენტრალურ უბნებში ბინა გაუყიდავი არ რჩება, თუმცა ეს პრობლემა პერიფერიებში არსებობს. ადამიანები სესხს ვერ იღებენ არასტაბილური შემოსავლის და ლარის მერყეობის გამო. ახლა ბოლო პერიოდში კი არის ლარი სტაბილური, მაგრამ ხვალინდელი დღის მაინც ეშიანიათ. ბანკებიც იპოთეკურ სესხს იოლად არ გასცემენ. გარდა ამისა, პერიფერიებში მიწოდება ძალიან დიდია, ბაზარზე ბინები ბევრია, მყიდველი ცოტა. ამიტომაც რეალიზაცია აქ უფრო გართულებულია“, – აღნიშნა წაქაძემ.

დეველოპერული კომპანია „რედკოს” იურისტის, მალხაზ კუნელაურის განცხადებით, დედაქალაქში უძრავი ქონების მყიდველი ძირითადად ქართველია, თუმცა საკურორტო ზონებში უცხოელების მხრიდან დაინტერესება შედარებით დიდია. მისივე თქმით, გუდაურში, „რედკოს“ სასტუმრო კომპლექსში უძრავი ქონების მყიდველ უცხოელებს შორის რუსები, უკრაინელები და ყაზახები ლიდერობენ.

“გუდაურში, სადაც ჩვენი კომპანია სასტუმრო კომპლექსს აშენებს, უცხოელებიც ყიდულობენ ბინებს და ქართველებიც. უცხოელებში რუსები, უკრაინელები, ყაზახები სჭარბობენ. ჩვენს კონკრეტულ ბიზნესში დიფერენცირება არ შეინიშნება. თუმცა გუდაურში უცხოელების მხრიდან ბინების შეძენაზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე თბილისში. დედაქალაქში მომხმარებელი უფრო მეტად ქართველია. უცხოელებისთვის საქართველოს საკურორტო რეგიონებში ბინების შეძენა მეტად საინტერესოა. ამას არა მხოლოდ ჩვენი გაყიდვების, არამედ იმ სამშენებლო კომპანიების სტატისტიკაც ადასტურებს, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ“, – აღნიშნა კუნელაურმა.

ამასთან, მისი თქმით, სასტუმროს ნომრის ტიპის სახლები დიდი რაოდენობით იყიდება და ძირითადად მას გასაქირავებლად იყენებენ: „ჩვენ ძირითადად ვაშენებთ სასტუმროს ნომრის ტიპის, სტანდარტულ სახლებს „აპარტ ოტელებს“, რომელიც 35 კვადრატულია და ასეთ სახლებს ძალიან ბევრი ყიდულობს.  ეს არის მცირე ბიზნესითვის საინტერესო ინვესტიცია, მითუმეტეს საკურორტო რეგიონებში. ადამიანები „აპარტ ოტელებს“ ყიდულობენ, აქირავებენ და ამით პატარა ბიზნესი აქვთ წამოწყებული“, – აცხადებს კუნელაური.

რაც შეეხება უცხოელების მხრიდან უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებას, მალხაზ კუნელაური აღნიშნავს, რომ ამას დადებითი შედეგი მოაქვს ტურიზმის განვითარებისთვის.

„ამას დადებითი შედეგი მოაქვს ქვეყნისთვის – ერთი ის, რომ უცხოელი საქართველოში ფულს ხარჯავს და მეორე ის, რომ როცა მას საქართველოში ქონება აქვს, ქვეყანაში ყოველ წელს ჩამოდის, ან ნათესავს აგზავნის და ფულს ხარჯავს. ანუ ის ფაქტი, რომ უცხოელები ბინებს ყიდულობენ საქართველოში, ტურიზმის განვითარებას წაადგება“, – განაცხადა კუნელაურმა.

ამასთან, მალხაზ კუნელაურის თქმით, მოსახლეობას უძრავი ქონების შეძენა უჭირს იმის გამო, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა უძრავი ქონების ფასთან ადეკვატური არ არის.

„უძრავ ქონებას ადგილობრივ ბაზარზე რომ ყიდი, მისი ძირითადი მყიდველი ადგილობრივი მოსახლეობაა. რა თქმა უნდა, დღეს ადგილობრივ მოსახლეობას ბინების შეძენა უჭირს, რადგან იაფი არ არის. უძრავ ქონებასთან მიმართებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა ადეკვატური არ არის. ამას ემატება ისიც, რომ სახლის შესაძენად ბანკიდან სესხის აღება სჭირდებათ და გარკვეული ბარიერების გადალახვა უხდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს უძრავი ქონების შეძენა უჭირთ, ბაზარზე მოთხოვნა მაინც არის“, – აღნიშნა „რედკოს“ იურისტმა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, “საბანკო სესხების გაცემის სისტემის ანალიზი აშკარას ხდის, რომ რეალურად, მოსახლეობის 70%-ს არ გააჩნია საშუალება შეიძინოს ახალი საცხოვრებელი ფართი. ამასთან, არსებული საბაზრო მდგომარეობით საცხოვრებელი არ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობის სულ მცირე 30%-სთვის. მომავალ წლებში აუცილებელი იქნება მოცემული პრობლემის ადეკვატური გადაჭრის გზების შემუშავება“, – აღნიშნულია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.

წყარო: http://tbilisitoday.ge

onalem

ტესტ