fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

თბილისელი ქალბატონი, რომელიც იტალიის ემიგრაციის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა

მარინა პიპინაშვილი – ეს სახელი და გვარი კარგად იციან იტალიის ქალაქ ბარის ქართველმა ემიგრანტებმა და არა მარტო მათ, იტალიის ოფიციალურმა წრეებმაც. მან გახსნა ქართველებისთვის პირველი სათვისტომო, მანამდე კი იტალიელებმა უანგაროდ გაწეული შრომისთვის ორსართულიანი შენობა გადასცეს.

სწორედ აქ აგვარებდა ქალბატონი მარინა ქალაქ ბარში ჩასული ქართველების პრობლემებს. იტალიელებმა მას ემიგრაციის საპატიო პოსტი ჩააბარეს. ის დღემდე ერთგვარი შუამავალია ქართველ ემიგრანტებს და იტალიის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. ქალბატონი მარინა დღეს თბილისში ცხოვრობს და იტალიაში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მონაწილეობისთვის პერიოდულად ჩასვლა უწევს.

-ქალბატონო მარინა, თავიდან რა მისიით წახვედით იტალიაში, გასაგებია, რომ იტალიის ოფიციალურ წრეებთან დაახლოება არ იყო თქვენი მიზანი…

— რა თქმა უნდა, ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლია. არასოდეს მიყვარდა საჯარო გამოჩენა და გამოსვლები. დღემდე ვცდილობ, რომ ყველას უანგაროდ დავეხმარო. მე პროფესიით ექიმი-ფარმაცევტი ვარ და სანამ იტალიაში გავემგზავრებოდი, თბილისის ზღვაზე არსებულ სანატორიუმ-საავადმყოფოში ვმუშაობდი. საოცრად კარგი საავადმყოფო იყო — საუკეთესო პირობებით. შემდეგ ლტოლვილები შემოიჭრნენ, მთელი შენობა დაიკავეს და ამდენი ხალხი სამსახურის გარეშე დარჩა. ჩემი ახლობელი იყო იტალიაში და გადავწყვიტე მასთან გავმგზავრებულიყავი. იქ ჩასვლის დღიდან მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართა. უფრო უკეთესად ვიდრე მოველოდი. იქ თარგმანები დასჭირდათ რუსულ და ქართულ ენებზე და მათი გაკეთება დავიწყე.

-ანუ იტალიური ენა იმ დროისთვის უკვე იცოდით?

— აქედან რომ წავედი იტალიური ენა უკვე ვიცოდი, საქართველოში შევისწავლე. მოკლედ თარგმანებზე დავიწყე მუშაობა და ადგილობრივებმა თანდათანობით გამიცნეს. თარგმანებში საკმაოდ დიდ თანხას მიხდიდნენ. მერე მითხრეს, ჩვენგან რაიმე ხომ არ გინდათო. ვუთხარი არაფერი მინდა, ოღონდ აქ ჩამოსული ქართველებისთვის თუ შეგიძლიათ თავშეყრის ადგილი გამოგვიყავით მეთქი. რადგან სამართალდამცავები დაგვდევდნენ. ქართველი ემიგრანტი გაუთვალისწინებელი უსიამოვნო შემთხვევისგან დაცული იქნება და შესვენების დროს თავს აქ შეაფარებს მეთქი. ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ერთი წლის მერე ქალაქ ბარში, პიაცა დე უმბერტოს მოედანზე დიდი შენობა გადმომცეს. ორსართულიანი იყო, ზედა სართულზე კომპიუტერული ცენტრით. ბარის უნივერსიტეტში ქართველ ემიგრანტებს იტალიურ ენას ვასწავლიდი. რაც შემეძლო მათ ყველაფრით ვეხმარებოდი. ამის მერე იტალიელ ხალხს უფრო დავუმეგობრდი, მათ ჩვენს კულტურას და ტრადიციებს ვაცნობდი. თავიდან ძალიან ცუდად გვიყურებდნენ, რადგან არ ჰქონდათ ჩვენზე კარგი წარმოდგენა.

– ანუ თქვენ ფაქტობრივად პირველი იყავით ამ საქმეში….

— დაიხ, მართალია, ჩემს მერე ბევრი ასეთი ცენტრი გაიხსნა, მაგრამ ჩემი მართლა პირველი იყო. შემდეგ ილია მეორემ მაკურთხა ამ საქმეში და ამ ცენტრმა უკვე სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა. როცა საქართველოში დიასპორის პირველი ფორუმი გაიმართა ქალბატონმა თამარ გამილაღდიშვილმა დამიძახა. მაშინ უფრო კარგად გავერკვიე დიასპორის ფუნქციებსა და მიზნებში, მანამდე სრული წარმოდგენა არ მქონდა. სხვათაშორის ქალბატონმა თამარმა დიდი როლი ითამაშა ქართული დიასპორის საქმიანობაში, ძალიან გვეხმარებოდა, ეს შესანიშნავი პიროვნება ჩვენი სულისჩამდგმელი იყო.

-რამდენადაც ცნობილია, იტალიის ოფიციალურმა წრეებმა პირადად მიგიწვიეს იქ გამართულ საერთაშორისო ფორუმზე…

— იტალიაში უნივერსიტეტის დიპლომი მჭირდებოდა, როცა იქ მივედი ზუსტად იმ წელს საერთაშორისო მასშტაბით ტარდებოდა ემიგრაციის ფორუმი, რომელზეც დამიძახეს. იქ იტალიის მთავრობიდან ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის აღმოვჩნდი. ფორუმზე სიტყვით გამოვედი და საკუთარი აზრი გამოვთქვი, რომ ჩვენ, ქართველები აქ უუფლებოები ვართ. რის შემდეგაც ერთი იტალიელი ფუნქციონერი მეუბნება: თუ შეიძლება, თქვენი პირადობა მომეცითო. ცოტა არ იყოს, შემეშინდა, რაიმე უკანონო ხომ არ წამომცდა მეთქი, მაგრამ სიამაყე მაინც ვერ დავიმორჩილე და კი ბატონო, მეთქი ვუთხარი და გავუწოდე. ერთი კვირის მერე მომივიდა პასუხი, რომ მე კონსილიეს მრჩეველად ვარ დანიშნული. ახლავე აგიხსნით ეს რა პოზიციაა- ნაციონალური მასშტაბით ჯერ მოდის ემიგრაციის პრეზიდენტი, მერე ვიცე-პრეზიდენტი და ბოლოს, მრჩეველი.

-ანუ თქვენ ერთგვარი შუამავალი ხართ ქართველ ემიგრანტებს და იტალიის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის?

— დიახ, ასე გამოდის, ახლა საქართველოში ვარ, მაგრამ როცა იქ ჩავდივარ ამ მხრივ სულ ვაქტიურობ. არ ვიცი, შესაძლოა, ვინმეს არ სიამოვნებდა ეს ამბავი, მაგრამ გვინდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა კარგად წარმოგვეჩინა. იტალიურ გაზეთში ჩემზე სტატი გამოქვეყნდა. ჩვენს ცენტრში იტალიელი ადვოკატები ხალხს მიზერული თანხით ემსახურებიან, ან ზოგჯერ სულაც უფასოდ. მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანის ვალია, რომ თავისი ხალხისთვის, სამშობლოსთვის რაც შეიძლება ბევრი კარგი საქმე გააკეთოს. მე არ ვფიქრობ, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთე- ყველაფერი უფლის ნება იყო. ყველა ვინც მოინდომებს სიკეთის კეთებას — ეს შეუძლია. როცა ადამიანი დილით ადგება და იტყვის, რომ ჩემთვის დღეს კარგი დღე იქნება — ის დღე მართლაც პოზიტიური იქნება. ასე უნდა მიუდგე საქმესაც….

წყარო: www.Sputnik-georgia.com

onalem

ტესტ