fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თბილისელი და ათენელი ქართველი ბავშვების მეგობრობის დღეები საბერძნეთში

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის, „ვერის უბნის ტანც-კლასის“ აღსაზრდელების ერთკვირიანი ტურნე დასრულდა. საბალეტო სტუდიის აღსაზრდელები ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრმა, “კავკასიამ“ მიიწვია და მათ იქ ერთკვირიანი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე დღეები გაატარეს.
როგორც „კვირას“ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრის, “კავკასიის“ ხელმძღვანელმა, ავთანდილ მიქაბერიძემ განუცხადა, ათენელმა თანატოლებმა სტუმრებს საკუთარი მდიდარი რეპერტუარი თითქმის სრულად უჩვენეს, რაც იმის დასტურია, რომ საბერძნეთში და კერძოდ, ათენში, არ ივიწყებენ და მაღალ დონეზე ეუფლებიან ჩვენს უდიდეს კულტურულ მემკვიდრეობას – ქართულ-ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს.
ვიზიტის დღეებში, მაკა მახარაძემ ქართველი და ბერძენი ბავშვებისთვის ღია გაკვეთილი და მასტერკლასი ათენის ცნობილ საბალეტო სკოლაში, „ხოროსში“ ჩაატარა.
„ამ ფაქტმა ბერძენი მეგობრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. დავსახეთ სამომავლო გეგმაც, უკვე შემდეგ წელს, სტუდიების აღსაზრდელების დელეგაციათა გაცვლის თაობაზე. ამის შემდეგ, „კავკასიაში“ გაიმართა მცირე მიღება, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ თბილისელი სტუმრები და ათენის ქართული ემიგრაციის II და III თაობის ნიჭიერი ახალგაზრდობა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბავშვებმა ძალიან ადვილად მოძებნეს ერთმანეთთან კონტაქტი, დამყარდა მათ შორის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც არაჩვეულებრივ შემოქმედებით შეჯიბრში გადაიზარდა. თბილისელმა ბავშვებმა, დიდი ხალისით, თითქმის სრულად წარმოადგინეს მეორე დღის კონცერტის პროგრამა, ხოლო ათენელმა თანატოლებმა სტუმრებს უჩვენეს, თუ როგორ განსაკუთრებულად უყვართ და უვლიან ჩვენს განუმეორებელ ხალხურ შემოქმედებას – ქართულ ცეკვებს”, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ავთანდილ მიქაბერიძე.
მისივე თქმით, ჩამოსული სტუმრებისათვის ძალზე საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა მომზადდა. „კვირასთან“ საუბრისას, ავთანდილ მიქაბერიძემ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, სტუმრებმა ათენის უმთავრესი ისტორიული ღირსშესანიშნაობები და მუზეუმები დაათვალიერეს. ასევე, მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები საბერძნეთის ცნობილი ანტიკური და ბიზანტიური ისტორიული ძეგლების გასაცნობად.
„შემოქმედებითი შეხვედრები გაიმართა ბერძნული საბალეტო სკოლების სტუდიებთან და ქართულ დიასპორასთან. მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის აღსაზრდელებს სამი სამდღიანი ექსკურსია მოვუწყვეთ. მათ კორინთოსი, ეპიდავროსი და ნავპლიო დაათვალიერეს, შემდეგ – დელფოსი, არახოვა და მონასტერი ოსიოს ლუკას. მესამე დღეს კი – სუნიონის კონცხის უკიდურეს ნაწილში განლაგებული პოსეიდონის ტაძარი“.
თბილისიდან ჩასული ბავშვების ვიზიტი ათენში ძალიან ნაყოფიერი გამოდგა როგორც შემოქმედებითი და სასწავლო-შემეცნებითი, ასევე ადამიანური და ემოციური თვალსაზრისით“, – აღნიშნა ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასიის“ ხელმძღვანელმა.
მისივე ინფორმაციით, ათენის თეატრში – „ალკიონის“ ქართულ-ბერძნული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, ქორეოგრაფიული ხელოვნების ერთობლივი ზეიმი – „ტერფსიქორე“ (Τερψιχόρη)*, რომელიც ცეკვის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება, ასევე, ქართულ-ბერძნული დიპლომატიური, მეგობრული და კულტურული ურთიერთობის 25 წლისთავს მიეძღვნა.
​ღონისძიება საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოსა და საბერძნეთის ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების UNESCO-ს ასოციაციის პატრონაჟით ჩატარდა.
კონცერტზე, ქართულ ხალხურ ცეკვებთან ერთად, წარმოდგენილი იყო კლასიკური ბალეტისა და მსოფლიო ხალხთა
ცეკვების და თანამედროვე კლასიკური ქორეოგრაფიის ნიმუშები, რომლებშიც თბილისელი და ათენელი პატარა ქართველები მონაწილეობდნენ.
კონცერტს, საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლე, ქალბატონი მარი ჩქარეული და კულტურის ატაშე, ქალბატონი მაია დევაძე დაესწრნენ.

საღამოზე, ღონისძიების ორგანიზატორებმა საგანგებოდ მოიწვიეს 40-ზე მეტი სირიელი ლტოლვილი ბავშვი და მათი მშობლები.
როგორც ავთანდილ მიქაბერიძემ „კვირასთან საუბრისას აღნიშნა, კონცერტის საქველმოქმედო მხარე სხვა მომენტითაც დაიტვირთა. კერძოდ, კონცერტზე დამსწრე საზოგადოებამ გარკვეული თანხა შეკრიბა, რომელიც საქართველოში ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ლოსაბერიძის მკურნალობისთვის გადაიგზავნა.
„საღამო ძალზე ემოციური გამოვიდა. თბილისელმა და ათენელმა ქართველმა თანატოლებმა, ერთობლივად, ძალიან დიდი ზეიმი მოაწყვეს და 2-საათიანი კონცერტი ბერძნული „სირტაკის“ მხიარულ რიტმებზე დაასრულეს“, – ამბობს ავთანდილ მიქაბერიძე.
​ათენში გამართულ ღონისძიებას, საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდნენ: www.georgians.gr და www.diasporanews.gr, ხოლო ეკონომიკური მხარდაჭერა: UNISTREAM – მა და Tazamobile-მა განახორციელეს.
მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის, „ვერის უბნის “ტანცკლასის“ აღსაზრდელები თბილისში უკვე ჩამოვიდნენ.
„კვირა“ საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელს, მაკა მახარაძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა. მაკა მახარაძემ ერთკვირიან შთაბეჭდილებებზე და წარმატებებზე ისაუბრა:
„ემოციებით სავსე ვარ, არა მარტო მე, არამედ მთელი ჩვენი ჯგუფი- ბავშვები და მშობლები. ჩვენ, საერთოდ, ბევრს ვმოგზაურობთ, მაგრამ ის ღრმა შთაბეჭდილება და დადებითი ემოცია, რაც ჩვენ ათენში მივიღეთ, ალბათ არსად არ განგვიცდია და დღემდე, ვერავინ ვერ მალავს თავის აღტაცებას. უპირველესად, ეს ყველაფერი ჩვენი მასპინძლის, ბატონი ავთანდილ მიქაბერიძის დამსახურებაა, რომელსაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. იგი საოცარი ადამიანია, ის ისეთ დიდ სიყვარულს და სითბოს გასცემს, რომ სიტყვებით ვერც კი გამოხატავ. ის, რასაც ბატონი ავთო მიქაბერიძე საბერძნეთში ქართველებისთვის აკეთებს, არ ვიცი,თუ ვინმემ სადმე, რომელიმე ქვეყანაში გააკეთა. ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა მასზე, მაგრამ მიჭირს, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ვთქვა და ბევრი ვისაუბრო ავთო მიქაბერიძეზე, მაინც ცოტა იქნება იმასთან შედარებით, რაც მე იქ ვნახე და რა შემოქმედებით პროცესებსაც შევესწარი. ეს არის ადამიანი, რომელიც ქართველ პატარებს და მათ მშობლებს ათენში, პრაქტიკულად, „სამშობლოს ჩუქნის“, რომელიც მათ ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ. რაც შეეხება ფესტივალს, ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი პროგრამა ათენელი და საქართველოდან ჩასული ქართველი ბავშვების მონაწილეობით და ასე ერთად მივიღეთ მონაწილეობა გრანდიოზულ კონცერტში. მინდა საგანგებოდ ვთქვა ანსამბლ „კავკასიისა“ და მათი არაჩვეულებრივი ქორეოგრაფების შესახებ: რა ენერგიასა და სიყვარულს ხარჯავენ ისინი, რათა პატარა ქართველებმა ქართული ცეკვა ასეთ დონეზე შეისწავლონ! ეს ძალიან დიდი საქმეა და ბრავო მათ… ამით, ისინი უდიდეს პატრიოტულ საქმეს აკეთებენ“, – აცხადებს საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი.
მაკა მახარაძემ „კვირასთან“ საუბრისას ათენში მყოფ ქართველებსა და თბილისიდან ჩასულ თანატოლებს შორის დამყარებულ მეგობრულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.
„კონცერტის შემდეგ, მიწვეული ვიყავით „კავკასიის“ ცენტრში, სადაც ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს, ერთად იმღერეს და იცეკვეს და ზოგადად, მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. გამომშვიდობებისას, ერთმანეთის ვერ ელეოდნენ და ფეისბუქის მისამართებს უცვლიდნენ, ეს იყო ნამდვილი ბავშვური მეგობრობის დასაწყისი. ამაზე ბატონმა ავთომ მიმაქცევინა ყურადღება – „მაკა, შეხედე, შეხედე ამათ, რა საყვარლები არიან?! ვინ იცის, ამათ შეიძლება მომავალში ერთად გააგრძელონ სწავლა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ათენელ ბავშვებს თბილისში ახლო მეგობრები ეყოლებათ“,- მითხრა მან.
კიდევ ბევრი მინდა ვისაუბრო საბერძნეთში მიღებულ შთაბეჭდილებებზე, ემოციებზე. განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო, ის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები, რომლებიც ბატონმა ავთომ ასეთი დიდი ცოდნითა და საინტერესოდ მოიფიქრა და დაგეგმა ჩვენთვის. ექსკურსიების წინაც და შემდეგაც, ბევრი გვესაუბრა, არაჩვეულებრივად გასაგები ფორმით, დეტალურად აგვიხსნა ისტორიული ძეგლების მნიშვნელობა, ქართულ-ბერძნული კულტურული ურთიერთობების თავისებურებები. ბატონ ავთოს სამ ათეულ წელზე მეტია ვიცნობ და ვიცი, რა სულისკვეთებისაა, ისიც, რომ ის ყველაფერ ამას – ჩვენს ვიზიტს, ერთობლივ კონცერტს და სხვა, სრულიად უანგაროდ, მომავალი თაობისთვის აკეთებს“, – აღნიშნა მაკა მახარაძემ.

წყარო: http://kvira.ge/326231

onalem

ტესტ