fbpx
ემიგრაციასაზოგადოება

საბერძნეთი: 105 მოსწავლე, 10 ლტოლვილი ბავშვის გამო, სკოლაში არ მივიდა

ჩრდილოეთ საბერძნეთში, სკუტარის დაწყებითი სკოლის 130 მოსწავლიდან მხოლოდ 25 მივიდა გაკვეთილებზე პარასკევს, 19 ოქტომბერს. 105 მოსწავლე, რომლებიც არ გამოცხადდა, სკოლაში 10 ლტოვლილი ბავშვის მიღებას აპროტესტებს.

ფაქტობრივად, ეს პროტესტი 105 მოსწავლის მშობლებმა და მეურვეებმა გამოხატეს, რომლებიც დევნილი ბავშვების სკოლაში მიღების წინააღმდეგი არიან.

“მშობლების პროტესტი გადაჭარბებულია,” – განაცხადა განათლების რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ადგილობრივ მედიასთან და აღნიშნა, რომ “მშობლების არგუმენტები შორს არის რეალობისგან.”

მან დასძინა, რომ სერესის პროკურორს შეუძლია ჩაერიოს საქმეში, როგორც ეს 2016 წელს მოხდა, როდესაც მოსწავლეები იგივე მიზეზის გამო არ გამოცხადნენ საგაკვეთილო პროცესზე.

სკუტარის სკოლის მოსწავლეების მშობლებმა გააგზავნეს სასამართლო ბრძანება სერესის დაწყებითი განათლების ხელმძღვანელთან და ქალაქის მერთან, რომლის მიხედვითაც, დევნილი ბავშვებისთვის უნდა აშენებულიყო ცალკე სკოლა.

აღსანიშნავია, რომ სკუტარის მოსახლეობის უმრავლესობა ბერძენი ლტოლვილები არიან პონტოდან და მცირე აზიიდან.

მსგავსი ინციდენტები მოხდა ჩრდილოეთ საბერძნეთის სხვა სკოლებში წინა წლებში. ასევე, კუნძულ ხიოს დაწყებით სკოლაში გასულ თვეს.

“სკუტარის პროტესტმა” დიდი აღშფოთება გამოიწვია უამრავ ბერძენში. ისინი მოსწავლეების მშობლებს “რასისტებს” უწოდებენ.

მასწავლებელი გიოტა ბაპიუ, რომელიც ინგლისურ ენას ასწავლის, სკუტარიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარე სკოლაში, საუბრობს თავის გამოცდილებაზე ლტოლვილ ბავშვებთან, რომლებმაც გასულ კვირას დაიწყეს გაკვეთილები.

“ჩვენ წინ მდგომი ამ ბავშვების უმრავლესობამ გამოსცადა ომის საშინელება, გასული 2-3 წლის მანძილზე ისინი ერთი ბანაკიდან მეორეში დაეხეტებოდნენ, ისინი იძულებით გამოყარეს საკუთარი სამშობლოდან, დაატოვებინეს თბილი საწოლი, საკუთარი პაპა-ბებია, ხშირად, მშობელი დედებიც კი. რაც მათ სჭირდებათ, მხოლოდ 4-5 საათიანი გაკვეთილები და სკოლის ეზოა, რათა მიეცეთ შესაძლებლობა ისევ ბავშვებად იგრძნონ თავი.”

სკოლის დაწყების პირველ დღეს, მასწავლებელმა 6 წლის იეზიდის 2 ნახატი გამოაქვეყნა.

ბიჭმა სულ 2-3 ბერძნული სიტყვა იცის. მასწავლებელმა თქვა, რომ მას უკვე დასრულებული ჰქონდა ნახატი იმ დროს, როცა დანარჩენი ბავშვები ის-ის იყო ხატვას იწყებდნენ.

კლასის დავალება იყო, დაეხატათ … ცისარტყელა.

 

onalem

ტესტ