fbpx
ემიგრაცია

“სიცოცხლის ბოლოს ყველა ენა დაავიწყდა და მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა”

“დაიბარა, არ დამწვათ, ადამიანურად დამკრძალეთ, თუნდაც საკუთარ ეზოშიო”

“მითხრა, რაც წლები გადიოდა, სულ უფრო ვდარდობდი, დედაჩემს რა გავუკეთეო! სულ ვფიქრობდი, საკუთარი ტყავიდან ამოძრომა რომ დამჭირდეს, საქართველოში მაინც დავბრუნდებიო… ალექსანდრე ბესტავაშვილი სამშობლოში პირველად 1963 წელს ჩამოვიდა. 34 წლის უნახავ შვილს დედამ მხოლოდ ორიოდე სიტყვა უთხრა: შენ დამღუპეო”

დღეს, როცა ლამის ნახევარი ქართვე­ლობა­ ემიგრანტია, ალექსანდრე ბესტავაშვილის გახსენება სიმბოლურია – ქართველი ემიგრანტი, რომელმაც გახიზნულ ქართველებს შორის ყველაზე დიდხანს, 109 წელიწადს იცოცხლა, გარდაიცვალა. ბოლო წლებში ძალიან ნანობდა სამშობლოსთან განშორებასა და დედისგან გაპარვას. ალექსანდრე ბესტავაშვილზე მისი დისწული, ვაჟა კვალიაშვილი გვესაუბრება:

– დღეს ემიგრანტობა აღარ გვაშინებს­ – დედამიწა თითქოს დაპატარავდა და თუ შენიანი მოგენატრება, სადაც უნდა იყოს, ნახავ, ბიძაჩემის ემიგრანტობა კი ჩემი ოჯახის ჯვარი იყო. დანამდვილებით ვერასოდეს გავიგებ, რას ფიქრობდა ჩემი 22 წლის ბიძა, როცა მეგობ­რებთან (მათ შორის, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის ძმა იყო) ერთად ახალციხიდან ოსმალეთში იპარებოდა. ამბობდა, სამშობლოს დატოვება სამუდამოდ არ მნდომ­ებია, მინდოდა, მესწავლა და განათლებული­ დავ­ბრუნებულიყავიო.

ალექსანდრე უნივერსიტეტში ხიდებისა­ და გვირაბმშენებლობის ფაკულტეტზე სწავლობდა. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ ამხანაგებთან ერთად ახალციხეში­ წაიყვანეს ვაშლის ყუთების შესაჭედად. ექვსივემ ყუთების შეჭედვაში აღებული ფული იქაურ სომეხს მისცა, რომ ოსმალეთში გადაეყვანა. თურქებმა ბიჭები, როგორც ჯაშუშები, გადასვლისთანავე დააპატიმრეს, თუმცა მალევე დარწმუნდნენ, რომ ჯაშუშები არ იყვნენ. ერთ დღეს მათ საკ­ანში ჩალმიანმა გოლიათმა შეაბიჯა და ყმაწვილებს ქართულად უთხრა, მეც ქართველი ვარ, ოსმალეთის ქართულ მიწაზე ვცხოვრობ, ჩემს ნენეს თქვენი­ ამბები რომ მოვუყევი, ატირდა, საცოდავი­ ბაღნები, აღდგომა ახლოვდება, დედები მაგათ არა ჰყავთ და აღდგომას მშიერი დარჩებიან, ინდაურს გაგატან და წაუღეო.­ ბიჭები თურქეთის ციხიდან მალე გავიდნენ, მაგრამ უფულობის გამო იქვე დარჩნენ. მერე დაგროვილი ფულით გემში ჩასხდნენ და ამერიკისკენ გასწიეს. გემი მარსელში გაჩერდა, ბიჭები ნაპირზე ქართველებს შეხვდნენ. მათ – ამერიკაში რა გინდათ, ჩვენთან­ დარჩითო. დარჩნენ. ბიძაჩემი ნიჭიერი იყო, იქაურმა ოსტატმა შესთავაზა, წყალგა­ყვანილობის საქმეს გასწავლიო (ლონდონში მთელი გრინვიჩის რაიონის წყალმომარაგება ბიძაჩემის გაკეთებულია!). მოკლედ, მარსელიდან პარიზში, იქიდან კი 1940 წელს ლონდონშიც გადავიდა, სადაც სამუდამოდ დარჩა.

– ამ დროს, ალბათ, დედამისმა არც კი იცოდა, შვილი ცოცხალი რომ ჰყავდა.

– არ იცოდა. მოგვიანებით შემოთვალა­ ბიძაჩემმა, ცოცხალი ვარო, მაგრამ ეს საქმეს არ შველოდა – იმხანად უცხოეთში ყოფნა სამუდამოდ დაკარგვას ნიშნავდა. ბიძაჩემ გოგის, რადგან ძმა ემიგრაციაში ჰყავდა, ომში იარაღიც არ ანდეს, მუშათა ბატალიონში გაამწესეს. ამ კაცსაც საბედისწერო ისტორია ჰქონდა, – ტუაფსე ცეცხლში იყო გახვეული და რადგან დაჭრილის გემით წამოყვანა არ მოხერხდა, ფიცარზე დააკრეს და ზღვაში გაუშვეს – თუ გამორიყა, ხომ კარგი, თუ არადა, რა მნიშვნელობა აქვს, ზღვა დაახრჩობს თუ ტყვია მოკლავსო. გოგი ზღვამ გამორიყა და გადარჩა, სამაგიეროდ, 1956 წელს ჭლექმა იმსხვერპლა. ბიძაჩემმა მისი სიკვდილის შესახებ არაფერი იცოდა და წერილებს სწერდა. არ მიმიწერია, რომ ძმა აღარ ჰყავდა, რა აზრი ჰქონდა, მაინც ვერ ჩამოვიდოდა.

ბიძაჩემის ნათლია, ალექსანდრე ეგნატაშვილი, კრემლის მომარაგების უფროსი იყო, ალექსანდრეს ვაჟი ბიჭიკო კი, გენერალ ჟდანოვის მძღოლი. ბიჭიკომ გვითხრა, თუ გინდათ, ალექსანდრეს ჩამოვაყვანინებო, მაგრამ ვერ ვენდეთ. სხვა­თა შორის, პაპაჩემს, ვასილ ბესტავაშვილს, 1946 წელს სტალინისთვის შეეძლო, ეთხოვა, მიშველე, შვილი დამიბრუნეო, მაგრამ მასაც შეეშინდა.

– როგორ?

– 1946 წელს სტალინი გაგრაში ჩამოვიდა დასასვენებლად. პაპაჩემის გამოყვანილი გორული ატამი, ბუდეშური ყურძენი და ლიახვში ჭალიმელას დაჭერილი თევზი თუ კიდევ არსებობს, მომიტანეთო. მახსოვს, სადგურზე ვაგონი იდგა გორული დოვლათის წასაღებად, ჩვენს ბაღში კი ჩეკისტები და ქალები ჩადგნენ. ჩეკისტები იმიტომ, რომ სტალინისთვის სანდო პროდუქტი აერჩიათ, ქალები კი – ატმის საკრეფად. ყველა მათგანს ფრჩხილები დააქნეს, რომ კრეფისას ატამი არ დაეკაწრათ. აი, მაშინ შეეძლო გაგრაში მასთან წასვლა, მაგრამ ვერ გაბედა.

– ჭალიმელა ვინღა იყო?

– მეთევზე, გვარად გოდერძიშვილი. ჭალიმელას იმიტომ ეძახდნენ, მის თვალს ლიახვში თევზი არ გამოეპარებოდა. იმხანად უკვე დაუძლურებულ ჭალიმელას უთქვამს, ამა და ამ კაცთან მიდითო. იმ კაცსაც დიდი სიხარულით დაუჭერია ბელადისთვის თევზი, სტალინს რომ დაუხედავს, ეს ჭალიმელას დაჭერილი არ არის, იმას თავად დავდევდი სათევზაოდ, ნაპირზე წყალს აცხელებდა და ცოცხალს ცხელ წყალში ავლებდა, თევზიც კუდს აპრეხდა ხოლმე, თქვენ კი გახრიგინებული თევზი მომიტანეთო.

– იქნებ სტალინს მართლაც შეეძლო გორელი კაცისთვის ეპატიებინა და ოჯახის ნახვის ნება დაერთო?

– რა მოგახსენოთ. მე ის ვიცი, რომ ბიძაჩემს სტალინი სძულდა, თუმცა წლების შემდეგ სტალინისტი გახდა. ინგლისში ბიძაჩემმა ოჯახი შექმნა და სამი შვილიც გაუჩნდა. სამშობლოში პირველად 1963 წელს ჩამოვიდა. სადგურზე დავხვდი. რომ მომიახლოვდა, მითხრა, შენ ჩემი ახალგაზრდობის იერი გაქვსო და გულში ჩამიკრა. მერე ძმა მოიკითხა, გოგი რატომ არ დამხვდაო. შინ არის-მეთქი. სახლში მწარედ ატირდა, თურმე მკვდარ ძმას ვწერდი წერილებსო.

– დედამ რა უთხრა ამდენი ხნის უნახავ­ შვილს?

– შენ დამღუპეო… ბიძაჩემმაც ეგ ტვირთი მთელი სიცოცხლე ატარა. მით­ხრა, რაც წლები გადიოდა, სულ უფრო ვდარდობდი, დედაჩემს რა გავუკეთეო! სულ ვფიქრობდი, საკუთარი ტყავიდან ამოძრომა რომ დამჭირდეს, სამშობლოში მაინც დავბრუნდებიო, მაგრამ ასე არ გამოვიდა.
სიცოცხლის ბოლოს ყველა ენა დაავიწყდა და მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა. შვილები ეხვეწებოდნენ, ინგლისურად გვითხარი, რა გინდაო და ვეღარ ახერხებდა. დაიბარა, არ დამწვათ, ადამიანურად დამკრძალეთ, თუნდაც საკუთარ ეზოშიო.

onalem

ტესტ