შემოდგომიდან თბილისს კომპანია MAN-ის ავტობუსები მოემსახურება


თავად “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში” (EBRD)  გამარჯვებულს არ ასახელებენ, ამბობენ, რომ პროცესი ბოლო ეტაპზეა და ხელშეკრულების გაფორმებას ელიან.
თუმც, ტენდერში ჩართული სარწმუნო წყაროდან ირკვევა,, რომ სწორედ გერმანული კომპანია შეირჩა ტენდერის გამარჯვებულად და შემოდგომიდან თბილისს MAN-ის ავტობუსები მოემსახურება.

MAN-ს მეორე ეტაპზე კონკურენციას IVECO და Solaris-ი (კომპანია, რომლის ავტობუსებითაც არის მომარაგებული საბერძნეთის დედაქალაქი ათენი) უწევდა.

MAN-ის ავტობუსები სრულად CNG საწვავზე იმუშავებს, ისინი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ასევე მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია MAN-ლიდერია ამ სეგმენტში, მისი წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიას დაფინანსება ევრობანკმა გამოიყო. 27 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით, დამატებით 7 მილიონის გრანტი EBRD-ის მართვის ქვეშ არსებულმა ფონდმა E5P გამოყო.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში თავდაპირველად 7 კომპანიამ წარადგინა განაცხადი, მათგან მეორე ეტაპზე 3 შეირჩა. ცოტა ხნის წინ, თბილისის მერის მოადგილემ  მედიას განუცხადა, რომ დასრულებულია შეფასებები და შედეგები ევრობანკს წარედგინა.

„ველოდებით დასტურს ბანკისგან, რომ შეფასებების შედეგები გამოქვეყნდეს, –  განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ, აღნიშნა, რომ შესყიდვის პროცედურა სრულად EBRD-ის წესებით მიმდინარეობს.