სახალისო დეპრესია, ნაწილი (IV), დეპრესიის ისტორია

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

“რაც იყო, ისევ ის იქნება; რაც კეთდებოდა, ისევ ის გაკეთდება და არ არის ახალი არაფერი მზის ქვეშ”

(სოლომონ ბრძენი)

სანამ დაავადების ისტორიაზე გადავიდოდით, თვით ტერმინის წარმოშობა მიმოვიხილოთ. depressio [deprimo, deprimere] ლათინური სიტყვაა, დათრგუნვას, გაჭყლეტას, ქვემოთკენ ზეწოლას, ანუ – ჟარგონულად თუ ვიხმართ – დაპრესვას, ქართულად კი – დაწნეხვას ნიშნავს და გაგიკვირდებათ, მაგრამ თვით დაავადების დასახასიათებლად მედიცინაში მხოლოდ 1905 წლიდან შემოვიდა (ისიც – ნაწილობრივად, მასიურად – მხოლოდ მე–20 საუკუნის 40–იანი წლებიდან). მანამდე კაცობრიობა მას „მელანქოლიის“ ან „აცედიის“ სახელით იცნობდა (მეორე ტერმინს მეტწილად შუასაუკუნოვანი რომაულ–კათოლიკური ეკლესია ხმარობდა). იყო 2–3 ჯერ მისი („დეპრესიის“) დანიშნულების მიხედვით გამოყენების მცდელობები, საფრანგეთში, XIV-XV საუკუნეებში და 1650 წელს (ერთ–ერთ სამედიცინო ნაშრომში), თუმც ტერმინმა ფეხი ვერ მოიკიდა. ასევე, საიდუმლო არაა, რომ ეს ტერმინი სხვა მოვლენების აღსანიშნავადაც გამოიყენება, მაგ.: მეტეოროლოგიაში დეპრესია დაბალი ატმოსფერული წნევის მქონე ჰაერის მასის არეალს ნიშნავს, ეკონომიკაში – თანხის გადახდის მასიურ უუნარობას (აშშ–ს დიდი დეპრესია, 1929 წლისა), ბიოლოგიაში – ვარიაბელობის რედუქციას და სხვა. საინტერესოა, რომ ზოგიერთ ენაზე მას ორიგინალური, საკუთარი დასახელება აქვს – მაგალითად, ბერძნულად ის როგორც „კატათლიფსი“ (κατάθλιψη) გამოითქმის, თურქულად – umutsuzluk და ა.შ.

ESMTPbt700

XX საუკუნის პირველ ნახევარში ანთროპოლოგების მიერ შესწავლილი იქნა ჩვენი პლანეტის მიყრუებული კუთხე–კუნჭულების მრავალრიცხოვანი ტომები, რომლებიც პირველყოფილი (ზოგჯერ – არათემურიც კი) წყობილების მიხედვით ცხოვრობდნენ და აღმოჩენილი იქნა, რომ ადამიანთა ზოგიერთ ჯგუფებს სხვადასხვაგვარი ფსიქიკური განწყობები, მათ შორის დეპრესიაც ჰქონდათ. ცხადია, ეს 100%–ით არ ადასტურებს ფაქტს იმისა, რომ ჩვენი შორეული წინაპარი – პირველყოფილი ადამიანი – იყო დაავადებული დეპრესიით, მაგრამ, მეორეს მხრივ, არც გამორიცხავს ამას – ჰომო საპიენსის პირველ წარმომადგენლებს ხომ ბუნების უამრავი მოვლენა ჰქონდათ აუხსნელი, მრავალრიცხოვანი სტრესი – გადასატანი და ურიცხვი ფობია – მოსაგერიებელი, რაც დეპრესიის დედ–მამაა, მკვიდრი.

superior-famous-ancient-indian-architecture-5-far-horizons-the-gods-temples-and-archaeology-of-ancient-india

ძველი წელთაღიცხვის მე–4 ათასწლეულში (ქრისტეშობამდე 40 საუკუნით ადრე) ძველი ეგვიპტის ქურუმები მკურნალობდნენ ადამიანთა მდგომარეობებს, რომლებიც ახლოს იყვნენ პათოლოგიურ ნაღვლიანობასთან. აღმოსავლეთით, ძველი ინდოეთის გურუები, თავის მხრივ, თვლიდნენ, რომ მოწყენილობა, ისევე როგორც სხვა სულიერი დაავადებები, ბოროტი სულით შეპყრობის მიზეზია და სხვადასხვა გამოლოცვებით ცდილობდნენ მის განდევნას.

ყველაზე ადრეული ეპიზოდი, აღწერილი დეპრესიისა, ძველ აღთქმაში შეგვიძლია ვიპოვოთ. როგორც უკვე ვთქვით, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო სიტყვები „დეპრესია“ ან „მელანქოლია“, მაგრამ იყო ისტორია იუდეველთა პირველ მეფეზე, საულზე, მცხოვრებზე ძველი წელთაღრიცხვის XI საუკუნეში. ეს იყო მრისხანე და უჟმური ადამიანი, რომელიც სასოწარკვეთილებაში ჩაეფლო: „საულს განუდგა სული უფლისა.“ დროთა განმავლობაში მას სულ უფრო და უფრო ხშირად იპყრობდა მწუხარე განწყობილება, ნათელი პერიოდები კი თანდათან მცირდებოდა.

800px-Ernst_Josephson._-_David_och_Saul_detail

მსახურებმა უთხრეს საულს, რომ თავს უკეთ იგრძნობდა, თუ ბარბითის დაკვრას მოუსმენდა და ასე მოიძებნა დავითი„დაკვრის მცოდნე, ადამიანი მამაცი და მეომარი, საუბარში გონიერი და გარეგნობით – წარმოსადეგი“. „გაეხსნა ხასიათი და გამოკეთდა“ საული და „ბოროტმა სულმა დასტოვა ის“. ფაქტიურად, იუდეველთა მეფე მუსიკოთერაპიის (რომელიც საკმაოდ პოპულარულია თანამედროვე მედიცინაში) პირველ პაციენტად შეიძლება ჩაითვალოს.

მაგრამ არა მადლიერება, არამედ შავი შური ისადგურებს საულის გულში დავითის მიმართ. სულ უფრო ხშირად და მეტად ილახება მისი პატივმოყვარეობა, ვინაიდან ყველაფერი, რაც საულს უდიდესი მცდელობის და ძალის ფასად უჯდება, დავითისთვის თამაშივითაა (მხოლოდ გოლიათის დამარცხება რად ღირს!). ყველაზე მეტად მას გულს ტკენს ის, რომ ფილისტიმელებთან გამარჯვების შემდეგ სიმღერებში დავითს ადიდებენ და არა მას – „საულმა ათასობით დახოცა, დავითმა – ათიათოსობით“. წუხს ხალხისგან მის დაუფასებლობაზე, თუმც ხვდება, რომ ეს მისივე ბრალია. ითხოვს აღიარებას და დაფასებას ერისგან, მაგრამ შეგრძნება ამ სურვილის აუსრულებლობისა ბრმა სიძულვილში გადასდის და აკი კიდეც ესვრის ეროვნულ გმირს შუბს, რომელიც გვერდით კი გაუფრენს დავითს, მაგრამ სიკვდილიმდე მის მოსისხლე მტრად აქცევს.

David---mramornaya-statuya-raboty-Mikelandzhelo

ამ ბიბლიურ ისტორიაში დიდი სიზუსტითაა აღწერილი დეპრესიის ტიპიური ნიშნები – ნაღვლიანი, დათრგუნული განწყობილება, აგრესია, შიში, დანაშაულის გრძნობა. ყველაფერი ეს სულ უფრო და უფრო ღრმად აფლობს საულს დეპრესიის ჭაობში და ბოლო–ბოლო სუიციდისკენ უბიძგებს მას (ესეც – პირველი აღწერილი შემთხვევა თვითმკვლელობისა), ორთაბრძოლაში წამოეგება რა მახვილს, შეგნებულად.

ჩვეულებისამებრ, ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ მოგვწონს სიცოცხლე. გვიყვარს, რომ ღამეები ვარსკვლავებით იქარგებიან, დილებს კი ხან მზის, ხან წვიმის სურნელი ასდის. მაგრამ ერთ დილით ვახელთ თვალს და ვატყობთ, რომ რაღაც შეიცვალა – სუნები გაქრა, ფერები გაიდღაბნა და სადღაც იქ, კუთხიდან ისმის მომავალი ფეხის ხმა (თუმც არა, მისი ფეხის ხმა არასდროს ისმის, ის მოსრიალებს, ქერცლების იატაკის ზედაპირზე ხახუნით)…
.
და როცა ის ფეხზე (კუდზე, სიზუსტისთვის) წამოიმართება და სახეში შემოგვასისინებს, მინდა რომ მომზადებულები ვიყოთ, სერიოზულად.
.
ამიტომ – ისტორიაც —- შემდეგში უფრო საინტერესო, ძველ ბერძნულ/რომაული პერიოდისა, ქართულ–ელინური მითიური ჩანართებით …

თუ არ მოგეწყინათ, ცხადია…