სახალისო დეპრესია, ნაწილი (I)


“სამყარო სავსეა ტანჯვით, მაგრამ, ასევე, სავსეა მისი გადალახვის საშუალებებით”


ელენ კელერი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შესავლის მაგიერ
………………………………
“21–ე საუკუნის შავი ჭირი” – უკვე ასე ეძახიან მას და იმ შუასაუკუნოვან “ჰორორთან” მისი შედარება სულაც არაა შემთხვევითი – წინასწარი გათვლით, 2020 წლისთვის დეპრესია პირველ ადგილზე გავა, სხვა დაავადებათა შორის, გადაასწრებს რა ისეთ დღევანდელ ლიდერებს, როგორიცაა ინფექციური და გულ–სისხლძარღვთა დაავადებანი. სწორედ დეპრესია გახდება №1  მ კ ვ ლ ე ლ ი – უკვე დღეისათვის თვითმკვლელობათა 50%–ს დეპრესიით დაავადებულები ახორციელებენ.

სტატისტიკამ ბევრი რამ იცის – მას შეუძლია დაითვალოს დანაკლისი, განსაზღვროს მოსალოდნელი გადახრა ან გააკეთოს პროგნოზი, მაგრამ არ ძალუძს, ჩაიხედოს მათ სულში, ვისაც თუნდაც ერთხელ გადაუტანია დეპრესიის ეპიზოდი. თითოეულ მათგანს ხომ საკუთარი ტკივილი, საკუთარი შიში, ტანჯვის საკუთარი მიზეზი აქვს და ცხადია, საკუთარი გზაც, ცხოვრების ჩვეულ ფერხულში დასაბრუნებლად.

“დეპრესია მაქვს”– ვამბობთ ხანდახან ისე, რომ არც ვუფიქრდებით ფრაზის მნიშვნელობას, მაგრამ სინამდვილეში რა არის დეპრესია?

ირველ რიგში, დეპრესია ეს არ არის უბრალოდ ცუდ, დათრგუნულ ხასიათზე ყოფნა. ადამიანისთვის დამახასიათებელია განცდები და ემოციები, რომლებსაც უარყოფითს ვუწოდებთ – სევდა, ნაღველი, დათრგუნულობა, გულგატეხილობა. ჩვენ ვწუხვართ და ვხარობთ, ვტირივართ და ვიცინით, სხვა სიტყვებით – ვცხოვრობთ და, როგორც ყოველთვის, ალბათობის თეორიის თანახმად, ბედნიერებას პრობლემებიც მოსდევს თან. ჯამში, მიუხედავად გუნება–განწყობილების ცვალებადობისა ერთ ან მეორე მხარეს, მისი შუალედური მაჩვენებელი იმ ნიშნულთან დგას, რომელსაც “ნორმალურს” ვუწოდებთ.

– გამარჯობა, როგორ ხარ?
– კარგად, შენ?
– მე დეპრესიაში ვარ…
– დ ე პ რ ე ს ი ა შ ი ???

დეპრესიაში ყოფნისას დათრგუნული მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე კვირიდან რამოდენიმე თვემდე გაგრძელდეს, გახანგრძლივებული დეპრესიისას კი – წლებიც. დეპრესიის ერთ–ერთი ნიშანი უიმედობაა. დიახ, გარემოებათა გამოისობით შესაძლოა, ადამიანი ცუდ განწყობაზე და დამწუხრებული იყოს, მაგრამ მან იცის, რომ ეს დროებითია, რომ როცა იქნება, ღრუბლები გადაიყრება და გამოვა მზე ცრემლების შეშრობისა, რომ მალევე შესძლებს გაღიმებას და სიხარულს. დეპრესიაში მყოფისათვის ყველაფერი პირიქითაა და თანდათან მძიმდება – მას ჰგონია, რომ ეს დამღა ხასიათისა სამუდამოა და მომავალი ფრიად მუქ ფერებში ეხატება. ფაქტიურად, ის არც არსებობს, მომავალი…

ამ თემაზე საუბრისას სხვადასხვა არასწორ სტერეოტიპებთან მოგვიწევს შეჯახება/უგულვებელყოფა და ერთ–ერთი შემდეგიცაა – დეპრესია არც ერთ შემთხვევაში არაა სუსტი ხასიათის გამოვლინება ან მხოლოდ უნებისყოფო ადამიანთა ხვედრი – დეპრესია ეს ჭეშმარიტი დაავადებაა, რომლის დროსაც უხშირესად სამედიცინო ჩარევაა საჭირო. დეპრესიისას ადამიანის ორგანიზმში ირღვევა ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობა – კერძოდ, მცირდება ქიმიური ნივთიერებების (მედიატორების) დონე, რომლებიც გადასცემენ ინფორმაციას თავის ტვინის უჯრედებს (ნეირონებს) შორის.

ხოლო თუ რაა ჭეშმარიტად დეპრესია, მისი ძირითადი მახასიათებლებით, მისი მითიური (და ფრიად საინტერესო) ისტორიით და მისი მკურნალობის საშუალებებით (ფსიქოლოგიაში და ფსიქოანალიზში ხშირი პასაჟებით) – ამას შემდგომში განვიხილავთ.