საშინელი ავარია თესალონიკში: სამი გარდაცვლილი და 18 წლის გოგონა, რომელიც სიკვდილს ებრძვის

თესალონიკის ცენტრში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ავარიების მსხვერპლთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

ამჯერად ინციდენტს სამი ადამიანი შეეწირა. 22 წლის ანტონი, რომელსაც სისწრაფე და მოტოციკლი ძალიან უყვარდა, თავის შეყვარებულთან, კოლეჯის სტუდენტთან ერთად მოდიოდა. თვითმხილველთა თქმით, მის გვერდით ასევე მოდიოდა გაცილებით დიდი ზომის მანქანა, რომელსაც 51 წლის მამაკაცი მართავდა. ის თავის 28 წლის შვილთან ერთად იყო.

საშინელი ავარია 67 წლის გერმანიის მოქალაქემ გამოიწვია, რომელმაც მათ გზა გადაუჭრა. შეჯახების შედეგად, 51 წლის მამა და მისი 28 წლის შვილი ადგილზე გარდაიცვალნენ, 22 წლის ბიჭი შეუქცევადი დაზიანებების გამო მოგვიანებით დაიღუპა, ხოლო 18 წლის გოგონა საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც გაირკვა, წყვილი ერთმანეთზე ძალიან იყო შეყვარებული და დიდი ოცნებები ჰქონდათ. სოციალურ ქსელში მათი მეგობრები და ახლობლები იტყობინებიან გოგონას მდგომარეობის შესახებ და საშინელ მწუხარებას გამოთქვამენ 22 წლის ბიჭის გარდაცვალების გამო.

18 წლის გოგონას მდგომარეობა

18 წლის ელენას მდგომარეობა მძიმეა. თუ როგორ განვითარდება მოვლენები დამოკიდებულია მომდევნო 24 საათზე. ექიმების ცნობით, სისხლდენა კონტროლირებადია და სასოცოცხლო ორგანოები დაზიანებული არ აქვს. სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა, იმედი არსებობს.

მას მრავლობითი დაზიანებები მიღებული აქვს გულმკერდის, თავისა და კიდურების არეში.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილები არიან 22 წლის ბერძენი ბიჭი, 28 წლის ალბანელი და მისი 51 წლის მამა.

რაც შეეხება 67 წლის მამაკაცს, რომელმაც ავარია გამოიწვია, გულის დაავადების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ მას ჩვენება ჩამოართვა.

როგორც დადგინდა, გერმანელს GPS-მა არასწორი მიმართულება უჩვენა, შეუხვია არასწორ მხარეს, ისე, რომ სხვა მანქანებს ამის შესახებ შუქით არ ანიშნა.

თვითმხილველთა თქმით, თავდაპირველად, როცა ისინი ანტონისთან მივიდნენ, ის გონზე იყო და მხოლოდ იმას კითხულობდა, თუ როგორ იყო ელენა.