fbpx
საქართველო

საქართველოში ცეცხლის ჩასაქრობად საბერძნეთმა მზადყოფნა გამოთქვა

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართვის მზადყოფნა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის მადლობა დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. პირველივე დღიდან გამოთქვა დახმარების სურვილი აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა და ბელორუსმა. მივიღეთ წინადადებები სხვა ქვეყნებისგანაც, გუშინ გამოითქვა დახმარების მზადყოფნა აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან, ისრაელისგან, ასევე, საბერძნეთისგან და უკრაინისგან. მზადყოფნა გამოთქვეს ბულგარეთმა და ირანმაც” – თქვა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმითვე, დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა და ეს მისასალმებელია.

“მინდა, შევეხო რუსეთის საკითხსაც, ვინაიდან აქტიური განხილვის საგანი იყო. რუსეთმა გამოთქვა დახმარების მზადყოფნა და ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება მისასალმებელია, ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, სწორედ ამ პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როცა ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება მისასალმებელია” – თქვა პრემიერმა.

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა.

ბორჯომში ხანძარი კვირას გაჩნდა. ორშაბათს ვრცელდებოდა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ, თუმცა ღამით ხანძარი გაძლიერდა და ახალი ტერიტორიები მოიცვა. ხანძარის ფართობი მინიმუმ 15 ჰექტარია.

ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 6 ვერტმფრენი, 1 სახანძრო თვითმფრინავი, ათეულობით მძიმე ტექნიკა და 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული.

onalem

ტესტ