საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩოს კონსული გალაქტიონ პაიჭაძე, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, კუნძულ კრეტაზე მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ქ. აღიოს ნიკოლაოსში და 18 სექტემბერს ქ. ხანიაში ჩაატარებს მოქალაქეთა მიღებას.

მიღება ჩატარდება 09:00სთ-დან – 13:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე:
ქ. აღიოს ნიკოლაოს, კუნდურუს ქ. #17, ლასითიუს სავაჭრო პალატა;
ქ. ხანია, კიდონის 29, მერიის შენობა.
გაცნობებთ, რომ შესაძლებელი იქნება მხოლოდ შემდეგი მომსახურებების გაწევა:
1. განაცხადის ჩაბარება პასპორტზე სრულწლოვანი და მხოლოდ იმ არასრულწლოვანი პირებისათვის, რომლებზეც ერთხელ მაინც გაცემული იყო პასპორტი.

სრულწლოვანმა პირმა უნდა წარმოადგინოს პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი, 1 ცალი დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი ფოტოსურათი (ფოტოსურათი უნდა იყოს ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაღებული თეთრ ფონზე 3/4).
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, აუცილებელია წარმოადგინოთ არასრულწლოვანისა და მშობლების პასპორტების ორიგინალები ასლებთან ერთად, არასრულწლოვანის 1 ცალი დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი ფოტოსურათი (ფოტოსურათი უნდა იყოს ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაღებული თეთრ ფონზე), დაბადების მოწმობა და მისი ასლი.

თუ ბავშვი დაბადებულია საბერძნეთის რესპუბლიკაში უნდა წარმოადგინოთ საბერძნეთის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა (Ληξιαρχική Πράξη Γέννησης). ხსენებული დოკუმენტი უნდა იყოს ლეგალიზებული ან დამოწმებული აპოსტილით (apostille) და ქართულად ნათარგმნი.
დაბადების მოწმობის ორიგინალი პასპორტის დამზადებამდე დარჩება საკონსულო სამსახურში.

16 წლამდე არასრულწლოვან პირზე პასპორტი გაიცემა ორივე მშობლის თანხმობით. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს ორივე მშობელი, ან ერთ-ერთმა წარმოადგინოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა.
9 წლის ასაკიდან სავალდებულოა ბავშვის პირადი გამოცხადება.

2. განაცხადის ჩაბარება პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად

უნდა წარმოადგინოთ პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი, 1 ცალი დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი ფოტოსურათი (ფოტოსურათი უნდა იყოს ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაღებული თეთრ ფონზე).

3. განაცხადის ჩაბარება საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად.

სრულწლოვანმა პირმა უნდა წარმოადგინოს პასპორტის, პირადობის მოწმობის ან მართვის მოწმობის ასლი, 1 ცალი დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი ფოტოსურათი.
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში საკმარისია გამოცხადდეს ერთ-ერთი მშობელი, წარმოადგინოს მისი და არასრულწლოვანის პასპორტი (არსებობის შემთხვევაში) ასლებთან ერთად; არასრულწლოვანის 1 ცალი დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი ფოტოსურათი, დაბადების მოწმობა და მისი ასლი. თუ ბავშვი დაბადებულია საბერძნეთის რესპუბლიკაში უნდა წარმოადგინოთ ბერძნული მხარის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, ქართული თარგმანით.

4. განაცხადი ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად.
• საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) ასლი;
• დაბადების მოწმობის ასლი;
• გვარის შეცვლის შემთხვევაში გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. გვარის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სხვ.). თუ აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია საბერძნეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მიერ, აუცილებელია წარმოადგინოთ აპოსტილით დამოწმებული და თარგმნილი ქართულ ენაზე.
• წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი დოკუმენტი (განქორწინების მოწმობა ან მეუღლის გარდაცვალების მოწმობა).
• შვილის (შვილების) დაბადების მოწმობა ან მამობის დადგენის მოწმობა თუ განმცხადებელს ჰყავს შვილი (შვილები) არარეგისტრირებული ქორწინებიდან;

5. განაცხადი კანონით დაშვებული ნებისმიერი სხვა სახის ცნობის მისაღებად.
უნდა წარმოადგინოთ პასპორტის/პირადობის ასლი და ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რაც აუცილებელია თქვენთვის სასურველი ცნობის გასაცემად ( მაგ. ოჯახის შემადგენლობის ცნობისათვის – ოჯახის წევრებთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები).

6. სანოტარო მომსახურება.
• განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
• პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები, ვისაც მინდობილობით ენიჭება გარკვეული უფლებამოსილებები.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, სამუშაო დღეების განმავლობაში დაუკავშირდეთ საელჩოს საკონსულო სამსახურს.