fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენი: საქართველოს ელჩისა და საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრის შეხვედრა

ა.წ. 14 მაისს, საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი შეხვდა საბერძნეთის რესპუბლიკის მიგრაციის პოლიტიკის ახლად დანიშნულ მინისტრს ბ-ნ დიმიტრის ვიცასს.
შეხვედრაზე აღინიშნა საბერძნეთის მიგრაციის სამინისტროსთან საქართველოს საელჩოს მჭიდრო თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ორივე მხარის საერთო ინტერესს, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაც შეიძლება დიდი რაოდენობისთვის მოხდეს მათი ბინადრობის ლეგალიზაცია. აღინიშნა საქართველოს საელჩოსთან სამართლებრივ საკითხებზე საკომუნიკაციოდ, მეკავშირე ექსპერტის დანიშვნის მნიშვნელობა და ამ პირის პროდუქტიული საქმიანობა.

დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრ ვიცასთან შეთანხმდა, რომ საქართველოს საელჩო საბერძნეთის მიგრაციის სამინისტროს ოფიციალურად მიაწვდის საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული კატეგორიების ლეგალიზაციის გასამარტივებლად აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებსაც სამინისტრო, საელჩოსა და საელჩოსთან არსებული სამართლებრივი ჯგუფის იურისტებთან ერთად განიხილავს, ამ შესწორებების ბერძნულ კანონმდებლობაში შეტანის მიზნით.

განხილვისას საუბარი შეეხო საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის განკარგულებას, ასევე იმ ქართველი ემიგრანტების ლეგალიზაციის ხელშეწყობას, რომლებიც ოჯახებში არიან დასაქმებულები. ორივე საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებებს, საქართველოს საელჩოსთან არსებულ სამართლებრივ ჯგუფთან კონსულტაციების შემდეგ, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მიაწვდის.

მიგრაციის პოლიტიკის მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საელჩოს მიერ ორგანიზაცია ICMPD-ისთან ერთად მომზადებულ გზამკვლევს საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის საკითხებზე. განაცხადა, რომ მისი აზრით, ნაშრომი ძალზე სასარგებლოა საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები ქართველებისათვის და რომ მისი სამინისტრო ხელს უწყობს გზამკვლევის პოპულარიზაციას.