„გაუძელით! სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ ვჭირდებით!“ – ოცი წელი ემიგრაციაში – Georgians.gr

„გაუძელით! სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ ვჭირდებით!“ – ოცი წელი ემიგრაციაში

სახელი – ლიგია დედამ შეურჩია, წიგნიდან სენკევიჩის „ვიდრე ჰხვალ?..“ გოგონამ სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ მხარეში, ბოლნისის რაიონში დაიწყო სიცოცხლის ათვლა1965 წლის 23 ნოემბრიდან. თავიდანვე ძალიან გამორჩეული და აქტიური იყო: სიმღერა, ცეკვა, მხატვრული კითხვა… და სკოლის პერიოდი ამ რაიონს და მის სიყვარულს უკავშირდება. სწრაფად გაირბინა უდარდელი ბავშვობის წლებმა, რომლებიც მერე უკვე მუქ რეალობაში ფერადი სიზმრებით ისევ ბრუნდებიან ხოლმე დროდადრო…

შემდეგ იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში გატარებული სტუდენტობის ხანა, სპეციალობა – მასობრივ სანახაობათა რეჟისურა. პარალელურად ჟურნალისტიკაზეც სწავლობდა.

ლიგიას შრომა არასდროს ეზარებოდა: მუშაობდა ბოლნისში, კულტურის სახლში, პარალელურად სპექტაკლებშიც მონაწილეობდა, რამაც შესაძლებლობა მისცა, დაეთვალიერებინა მთელი საბჭოთა კავშირი და ჩეხოსლოვაკიაშიც იყო გასტროლებზე.

3 წლის შემდეგ რუსთავში კულტურის სახლში დაიწყო მუშაობა სამხატვრო ხელმძღვანელად. ერთფეროვნებას ყოველთვის გაურბოდა, მუდამ ცდილობდა, მაქსიმალისტი და ობიექტური ყოფილიყო. კონცერტებში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო უანგაროდ, უამრავი მუსიკალური საღამო აჩუქა რუსთაველებს…

თუმცაღა რთულ 90-იან წლებში ცხოვრების მკაცრმა რეალობამ სამშობლოდან შორს – საბერძნეთში, მითების და ლეგენდების ქვეყანაში მოახვედრა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. დღეს იგი, ცოტა არ იყოს, პესიმისტურად უყურებს სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას და ამბობს, ემიგრანტები ჩვენს ქვეყანას არ ვჭირდებითო, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სჯერა „გაზაფხულის“…

90-იან წლებში, როდესაც „აირია მონასტერი“ და ძალიან გაჭირდა ცხოვრება, საზღვარგარეთ წასვლა გადავწყვიტე, მხოლოდ ერთი წლით, თუმცა ეს ერთი წელი ოც წლად გადაიქცა… თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში, რადგან არ ვიცოდი ენა, ქვეყნის ადათ-წესები… თუმცა მერე ყველაფერი დალაგდა.

ქალბატონო ლიგია, შემოქმედებითი ორგანიზაცია „ლამარიას“ დამფუძნებელი და დირექტორი ხართ, რომლის პრეზენტაციაც რუსთავის თეატრში ცოტა ხნის წინ მოეწყო. რა უძღოდა წინ ორგანიზაციის შექმნას, რა მიზანი აქვს და როგორია მისი გეგმები?

რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობარმა მამუკა ლიპარტელიანმა შემომთავაზა, ერთობლივად გაგვეკეთებინა ორგანიზება კონცერტისა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ მზია კვირიკაშვილი, ნეკა სებისკვერაძე და თამთა გოდუაძე. მართლაც ულამაზესი საღამო ვაჩუქეთ ქართველ ემიგრანტებს.

მას მოჰყვა ოთარ რამიშვილის საიუბილეო კონცერტი, „4 გიას“, ჯგუფ „ჯორჯიას“, „კომედი შოუს“; თემურ წიკლაურის, ნატო გელაშვილის და გიო ხუციშვილის, ნუკრი კაპანაძის და თემურ თათარაშვილის, მამუკა ონაშვილის, ვლად არამოვის და გოგა პიპინაშვილის, რუსთავის სახელმწიფო თეატრის გასტროლები და რომელი ერთი ჩამოვთვალო!..

იმაზე დიდი ბედნიერება არაფერი იყო, როდესაც ხალხი მხვდებოდა ქუჩაში და მეფერებოდა, რომ თუნდაც 3 საათით მაინც გავულამაზე ემიგრანტული ცხოვრება…

დღემდე ვცდილობ, რამე კარგი გავუკეთო ქართველ ემიგრანტებს, რომ დავავიწყო დარდი, ტკივილი და მონატრება…

რაც შეეხება შემოქმედებით გაერთიანება „ლამარიას“, მართალი გითხრათ, გაბრაზებულ გულზე  დავაარსე. საქართველოში ერთ-ერთი სტუმრობის დროს ჩემი ქალაქის ხელმძღვანელობის სახელზე დავწერე განცხადება, რომ დამხმარებოდნენ დაბრუნებაში. რატომღაც იგნორირება გაუკეთეს ამას და გადავწყვიტე, დამენახვებინა მათთვის, ვინ ვიყავი და რა გავაკეთე ემიგრაციაში ამ 20 წლის განმავლობაში ცარიელი ხელებით…

გვერდში დამიდგნენ ჩემი ჯგუფელები და მეგობრები – ლია მენაბდიშვილი და გელა ებანოიძე.

შემოქმედებითი გაერთიანება „ლამარიას“ პრეზენტაცია, როგორც იცით, სულ ახლახან  გაიმართა ქალაქ რუსთავის გ. ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში. მასში მონაწილეობდნენ  ჩემი მეგობრები –  თემურ წიკლაური, 4 გია (ისინი, ამავდროულად,  ჩემი ქალიშვილის – ანა-მარიას ნათლიები არიან), მიშიკო რამიშვილი, ლაშა ღლონტი და ჯგუფი „ალილო“, მაია ჯამალაშვილი, რუსთავის თეატრის მსახიობები. საღამოს უძღვებოდა ზურაბ ჯინჭარაძე.


რაც შეეხება სახელწოდებას „ლამარია“, სვანეთში, უშგულში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას უკავშირდება, ამასთან ერთად, ჩემს  უსაყვარლეს ადამიანს – ჩემს მშობელ დედას, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას, რაც არ უნდა მოხდეს. ორგანიზაციის პრეზენტაციის მიზანი იყო ძველი მეგობრების და მომღერლების ნახვის სურვილი. არ შეიძლება ასეთი ნიჭიერი ადამიანების დავიწყება. ვიმედოვნებ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლამარია“ ხშირად უმასპინძლებს მსგავს ღონისძიებებს.

რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით და თუ არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ?

კი, ბევრ რამეს ვნანობ: ვნანობ, რომ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ჩემ გარეშე იზრდება და მთელი ცხოვრება მენატრება; ვნანობ იმას, რომ ემიგრაციაში გატარებული წლები, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ოჯახი გადავარჩინე შიმშილს, ჩემთვის დაკარგული წლებია, სულიერების მხრივ. დავაბრუნებდი თუ არა რამეს? ვერ დავაბრუნებდი, ალბათ ისევ იმ გზას ავირჩევდი, რომელიც ავირჩიე, რადგან ცხოვრებაა ასეთი მკაცრი და მას თავისი კანონები აქვს.

როდის აპირებთ დაბრუნებას?

ეს არის კითხვა, რომელზეც ვერასოდეს გავცემ პასუხს, რადგან ეს ჩვენზე – ემიგრანტებზე კი არა, ქვეყანაზეა დამოკიდებული, სამწუხაროდ.

რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?

გაუძელით! სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ ვჭირდებით, რამდენადაც მძიმე მოსასმენი არ უნდა იყოს, ჩვენ ზვარაკად შეწირულები ვართ ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ ალბათ ოდესმე დადგება დრო და ჩვენს ქუჩაზეც „მოვა გაზაფხული“, თუმცა არ ვიცი, როდის იქნება ეს დრო.

მაპატიეთ, პესიმისტურად რომ ვამთავრებ ჩემს სათქმელს, მაგრამ სიმართლე ეს არის!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

წყარო