fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის

მ ი მ ა რ თ ვ ა

საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

 

 

ძვირფასო მეგობრებო,

 

ნება მომეცით, ტრადიციულად, მოგაწოდოთ ინფორმაცია საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს მიერ 2017 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის აპრილიდან ქ. ათენის 50-ე საჯარო სკოლაში, სატესტო რეჟიმში, მოქმედებს ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა. პროგრამა სრულად ამოქმედდება მ/წლის ოქტომბრის ბოლოდან. ამ ეტაპზე, ვასრულებთ აუცილებელ ფორმალობებს და ვაგვარებთ საორგანიზაციო საკითხებს. როგორც ასევე მოგეხსენებათ, განიხილება ქართული ენის სწავლების შემოღების შესაძლებლობა მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის, ასევე საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, პირველ რიგში, ქ. თესალონიკის საჯარო სკოლებში.

საქართველოსა და საბერძნეთს შორის ჩამოყალიბებულმა განსაკუთრებულად კონსტრუქციულმა თანამშრომლობამ გახადა შესაძლებელი, რომ ბერძნულ მხარესთან კოორდინაციით, მუშაობა დაგვეწყო საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის მრავალწლიან პრობლემაზე. მისასალმებელია, რომ საელჩოს ამ წამოწყებაში საბერძნეთის ომბუდსმენი ბ-ნი ანდრეას პოტაკისი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო. როგორც უკვე გაცნობეთ, საელჩოს მიერ ინიცირებულ პროცესში ასევე აქტიურად მონაწილეობს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), რომელმაც მ/წლის სექტემბრიდან დაიწყო 6-თვიანი პროექტი, ათენში მოღვაწე ქართველი იურისტების მონაწილეობით.

ამ პროექტის ფარგლებში, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქართულ და ბერძნულ ენებზე, მზადდება სპეციალური გზამკვლევი დოკუმენტი. მასში შევა როგორც საბერძნეთის საემიგრაციო კანონის შესაბამისი დებულებები და ამ კანონში 2014 წლიდან შესული ყველა ის ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზების თვალსაზრისით, ასევე ინფორმაცია საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შესახებ. ზემოაღნიშნული დოკუმენტი, რომლის მომზადებაში, როგორც მოგახსენეთ, აქტიურად მონაწილეობს საბერძნეთის ომბუდსმენი, უფასოდ დაურიგდებათ საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს.

დამატებით, საბერძნეთში მოღვაწე ქართველი იურისტების სამართლებრივ–საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საელჩოსთან თანამშრომლობს, საბერძნეთის საემიგრაციო პოლიტიკის სამინისტროსათვის შესათავაზებელად, მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა კატეგორიებისათვის, საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზება უნდა გაამარტივონ. აქვე, მსურს გაცნობოთ, რომ ჩვენი ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეების საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზების გამარტივების საკითხი, ქართულ-ბერძნული მოლაპარაკებების დღის წესრიგის მუდმივი თემა გახდა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ბერძენ კოლეგებთან შეხვედრებისას ყოველთვის აღნიშნავენ ამ საკითხის პრიორიტრეტულობას.

 

განვლილ პერიოდში საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობები კვლავ წლის დასაწყისში აღებული მაღალი ტემპით ვითარდებოდა:

–           2017 წლის 13-14 ივლისს ქ. ბათუმის  XIV  საერთაშორისო  კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვია საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიული მინისტრი გეორგიოს კატრუგალოსი. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განხილულ იქნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი თემები.

–           2017 წლის 6 სექტემბერს, ქ. ათენში, საქართველოს და საბერძნეთის საგარეო უწყებებს შორის, გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები ევროინტეგრაციის საკითხებზე. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საკითხებზე პოლიტიკურ კონსულტაციებს ევროკავშირის არაწევრ არცერთ სხვა ქვეყანასთან არ ატარებს. კონსულტაციების მთავარი საკითხი მ/წლის 25 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მე-5 სამიტი გახლდათ.

–           „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ა.წ. 10 ოქტომბერს, საბერძნეთის რესპუბლიკაში მოლდოვას ელჩთან და საბერძნეთში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ერთად, შეხვედრა გავმართე საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის საქმეთა გენერალურ დირექტორთან იოანისს მეტაქსასთან, რომელსაც გადავეცი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით სამი ქვეყნის საერთო პოზიცია.

–           ა.წ. 8 ნოემბერს ქ. ათენში საქართველოსა და ლიტვის საელჩოების, ასევე საბერძნეთის რესპუბლიკაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ინიციატივით, იმართება მაღალი დონის კონფერენცია,  რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის მიღწევები და გამოწვევები. ქართული მხრიდან, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი არჩილ ყარაულაშვილი.

–           განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სექტემბრის თვეში საქართველოსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამართლებრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, ჩაატარეს ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია და შეათანხმეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის მოქმედი ხელშეკრულებების ჩამონათვალი. ამ ღონისძიების შედეგად, ამჟამად, ჩვენ პირველად გვაქვს დაზუსტებული და ბერძნულ მხარესთან შეთანხმებული სრული ნუსხა, რომელშიც შესულია სხვადასხვა სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის მოქმედი შეთანხმებები. ამ სამუშაოს ჩატარება გახლდათ ერთ-ერთი საბაზისო ღონისძიება, რათა დაგვეწყო მუშაობა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი-სახელშეკრულებო ბაზის შემდგომ გაფართოებაზე.

 

განვლილ პერიოდში, საბერძნეთთან ინტენსიურად ვთანამშრომლობდით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში:

–           საელჩოს ხელშეწყობით, 4 სექტემბერს თბილისში ვიზიტი განახორციელა ცნობილმა ბერძენმა ბიზნესმენმა, მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group-ის მფლობელმა, ბორის მუზენიდისმა, რომელიც შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი გახარიას. ბერძნული ჰოლდინგი, რომელიც ტურიზმის, ლოჯისტიკისა და გადაზიდვების სფეროში ოპერირებს, საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, ჩვენს ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებისა და მსხვილი ლოჯისტიკური ცენტრების შექმნის გზით. ბ-ნი მუზენიდისი ასევე განიხილავს სასტუმრო სექტორში საქმიანობის შესაძლებლობას.

–           განვლილ პერიოდში საელჩო ასევე თანამშრომლობდა საბერძნეთში მოქმედ Nobilis Air Group-თან, რომელსაც საქართველოში ავიაციისა და მომსახურების სფეროში სურს საქმიანობის დაწყება.

–           საელჩოს ორგანიზებით, საქართველოში ტურიზმის სფეროში საქმიანობის დაწყების მიზნით, მ/წლის 26-28 ოქტომბერს ქ. თბილისში შედგება Dolphin Capital Partner’s დამფუძნებლის მილტოს კაბურიდისის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ბ-ნ გიორგი ჩოგოვაძესთან.

საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშწყობა საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მომავალშიც შენარჩუნდება. სასიამოვნოდ აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 30 % (!)-ით გაიზარდა, რაც დამეთანხმებით, შესანიშნავი მიღწევაა.

 

განვლილ პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სერბულ მხარესთანაც. დღესდღეობით, ინტენსიურად ვმუშაობთ სერბეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის და ვაჭრობის, ტურიზმის და ტელეკომუნიკაციების მინისტრის რასიმ ლიაიჩის თბილისში ვიზიტზე, რომელიც მ.წ. 20-21 ნოემბერს არის დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს წამყვანი სერბული კომპანიების წარმომადგენლობითი ჯგუფი ეწვევა, გაიმართება პირველი ქართულ-სერბული ბიზნეს ფორუმი და ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

სერბეთის მიმართულებით საყურადღებოა, რომ ა.წ. 21-22 სექტემბერს გაიმართა სერბეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ერთობლივი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა სერბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟარკო ობრადოვიჩი. აქვე შეგახსენებთ, რომ სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტში წელს პირველად შეიქმნა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი. ვიზიტის დროს შედგა სერბი პარლამენტარების შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, ასევე მთავრობის მაღალი დონის პირებთან, საქართველოს საპატრიარქოში.

სექტემბრის მეორე ნახევარში, სერბეთის რესპუბლიკის აღმსრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან: პარლამენტის თავმჯდომარესთან ქ-ნ მაია გოიკოვიჩთან, ვიცე-პრემიერთან და მშენებლობის, ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ქ-ნ ზორანა მიჰაილოვიჩთან,  სერბეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრთან ბ-ნ ბრანკო რუჟიჩთან, ქ. ბელგრადის მერთან ბ-ნ სინიშა მალისთან გამართული შეხვედრების შედეგად მხარეთა შორის დაიგეგმა კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება და შესაბამისი ვიზიტები:

  • 2018 წლის დასაწყისში სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში;
  • 2017 წლის 20 ნოემბერს სერბეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და თვითმმართველობის მინისტრის ბრანკო რუჟიჩის საქართველოში ვიზიტი, სამოქალაქო ადმინისტრირების სფეროში ქართული გამოცდილების გაზიარების მიზნით. საბერძნეთის ადმინისტრაციული რეკონსტრუქციის მინისტრის ქ-ნი ოლგა იეროვასილის მ/წლის 22-23 თებერვალს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მსგავსად, ბ-ნი ბრანკო რუჟიჩის ვიზიტის დროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სერბეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და თვითმმართველობის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება სამოქალაქო ადმინისტრირების სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნულის საფუძველზე, სერბული მხარე გეგმავს საპილოტე პროექტის ინიცირებას სერბეთში და სამოქალაქო ადმინისტრირების ქართული სისტემის ელემენტების დანერგვას საკუთარ ქვეყანაში.
  • 2017 წლის 16-17 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის ბელგრადში ვიზიტი და სერბ კოლეგასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციები – როგორც მოგეხსენებათ, სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყანას წარმოადგენს.

 

განვლილ პერიოდში საელჩო განაგრძობდა კულტურული დიპლომატიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას.

–           2017 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საელჩომ საბერძნეთის რესპუბლიკაში მონაწილეობა მიიღო ქ. ათენში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტების (EUNIC) გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ენების ევროპული დღე“, რომლის ფარგლებშიც წარსდგა ქართული ენის საპრეზენტაციო სტენდით.

–           საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, 7-8 ოქტომბერს დავესწარი ქ. თესალონიკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ასევე თესალონიკის მერიის და ცენტრალური მაკედონიის პრეფექტურის მხარდაჭერით გამართულ ქართულ-ბერძნული ფოლკლორის ფესტივალს. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ქ. თესალონიკში მოქმედმა ყველა ქართულმა ფოლკლორულმა ჯგუფმა, აგრეთვე საქართველოდან და საბერძნეთის სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულმა ანსამბლებმა.

–           საქველმოქმედო ორგანიზაციის “ბავშვის მეგობრები” მიწვევით, 25-26 ნოემბერს საელჩო ასევე გეგმავს ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ქ. ათენის რიგით მე-18 საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღებას. საქველმოქმედო ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნება ქართული ღვინო, ხალხური რეწვის ნიმუშები, ეროვნული სამკაულები და ა.შ. ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულდება მუსიკალური ნომერი. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ტრადიციულად გადაირიცხება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდში.

 

ძვირფასო თანამემამულენო,

 

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საელჩოს საქმიანობის შესახებ თქვენს ყოველკვარტალურ ინფორმირებას. ასეთი დოკუმენტების რეგულარულად მოწოდების გზით, ერთი მხრივ, გვსურს მოგცეთ შესაძლებლობა, რომ ობიექტურად შეაფასოთ ჩვენი საქმიანობა, გამოთქვათ მოსაზრებები და რეკომენდაციები, ხოლო მეორე მხრივ, გვსურს ხაზი გავუსვათ, ქ. ათენში საქართველოს საელჩოს სრული შემადგენლობის ანგარიშვალდებულებას თითოეული თქვენგანის მიმართ.