fbpx
ემიგრაციული სიახლეები

26/4/17: საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მიმართვა

ძვირფასო თანამემამულენო,

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის

საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების პროცესში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების განსაკუთრებულ როლს. დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა და დიასპორის ერთიანობის, გაძლიერების და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად შეიმუშავა  სტრატეგიული პროგრამა – „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა”. ამჟამად, პროგრამის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო, არასამთავრობო და დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობით. პროგრამის დამტკიცებისთანავე, დაიწყება დოკუმენტით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისი პროექტების და ღონისძიებების განხორციელება.

თქვენთვის ასევე ცნობილია, რომ საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშესაწყობად ბერძნულ მხარესთან კოორდინირებულ მუშაობაზე შევთანხმდით. ბერძნული მხარე შესაბამის ტექნიკურ დახმარებას გაგვიწევს მიგრაციის შესახებ საბერძნეთის 2014 წლის კანონისა და მასში შესული შესაბამისი  შესწორებების ინტერპრეტაციის, ასევე, მათი პრაქტიკული რეალიზაციის საკითხში. ფოკუსირება მოხდება კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც, გამონაკლისის სახით, საბერძნეთში მცხოვრებ ე.წ. „მესამე ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს. მხარეები ასევე დაიწყებენ მუშაობას ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად, რომელთა საფუძველზეც ე.წ. „მესამე ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ახალი კატეგორიებისათვის, გაიხსნება საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობები. მხარეების მიერ, პირველ ასეთ შესაძლო კატეგორიად განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე მზრუნველი პირები.

ძვირფასო მეგობრებო,

აქვე, ნება მომეცით, მოკლედ გამოვეხმაურო 2017 წლის 23 აპრილს ტელეკომპანია „იბერიის“ სიუჟეტს, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში ემიგრირებულ ჩვენს თანამემამულეებს ეხებოდა.

უდავოდ მისასალმებელია, რომ საქართველოში მოქმედი მედია საშუალებები დიდ ინტერესს იჩენენ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიმართ, მათ შორის იმ სირთულეების მიმართ, რომლებიც არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ყოფასთან არის დაკავშირებული.

დასანანია, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერით 23 აპრილს გასულ სიუჟეტში არ მოხვდა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჩვენს დიასპორას ათწლეულების განმავლობაში აწუხებდა და ამჟამად გადაჭრილია. ჩემთან თითქმის ერთ-საათიანი ინტერვიუს დროს საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიც არის საელჩოს საკონსულო სამსახურის კეთილმოწყობა და მისი გამართული მუშაობა, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე საელჩოს წარმომადგენლების ოპერატიული რეაგირება, საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლის პროგრამის ამოქმედება, დოკუმენტების ლეგალიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური და ბიუროკრატიული ტვირთის შემსუბუქება, საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქეების სამშობლოში გადასვენების პრობლემის გადაჭრა და სხვა მრავალი საკითხი, რომელთა შესახებ, თქვენთვის, როგორც საელჩოს ყოველკვარტალური ანგარიშებიდან, ასევე პირდაპირი კომუნიკაციის გზით, კარგად არის ცნობილი. ასევე სამწუხაროა, რომ სიუჟეტში არ აისახა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ფაქტი, რამაც ბევრ თქვენგანს საშუალება მისცა, დიდი ხნის უნახავ ოჯახის წევრებს შეხვედროდა.

სამწუხაროდ, ჟურნალისტის საელჩოში ვიზიტი ოთხშაბათს – კვირის იმ დღეს დაემთხვა, როდესაც საკონსულო სამსახურს არ აქვს მიღება, ვინაიდან ამ დღეს, კვირის განმავლობაში მიღებული განცხადებების დამუშავება და საქართველოს მოქალაქებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება ხდება. უკანასკნელ პერიოდში, საქართველოდან საბერძნეთში ჩამოსულმა არაერთმა ჟურნალისტურმა ჯგუფმა და დაინტერესებულმა პირმა მოახერხა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული საკონსულო მომსახურების პროცესის ნახვა და საკონსულოში მოსული საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენა, მათ შორის არაერთი მადლიერი გამონათქვამის დაფიქსირება საელჩოს საკონსულო სამსახურის მიმართ, რომელიც ყოველდღიურად, როგორც ბევრ თქვენგანს მოეხსენება, ჩვენი ქვეყნის 50-ზე მეტ მოქალაქეს  ემსახურება.

ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობები განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. საზღვარგარეთის  ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების პრობლემების გადაჭრას ქართული საზოგადოების ყველა ჯგუფის შეთანხმებული, ერთობლივი მუშაობა ესაჭიროება. ამ საქმეში თავისი როლი  მასმედიის ქართულ საშუალებებსაც ენიჭებათ, რომელთაც, ვფიქრობ, ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების ამოცანა უნდა გააჩნდეთ.